გადაწყვეტილება №24380/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.02.2025
№ დოკუმენტი 24380/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24380/2/2024

06 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 2.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24380/2/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.06.2024 წლის №88420/1/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2024 წლის №005-154 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 166 935,89 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 78 002

დღგ - 54 811

მოგების გადასახადი - 15 522

საშემოსავლო გადასახადი - 7 669

ჯარიმა - 42 493

საურავი - 46 440,89

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა ტკბილეულის (ნუშის ნამცხვარი, ქადა, შოკოლადიანი ნამცხვარი და ა.შ) წარმოება და რეალიზაცია ძირითადად საბითუმოდ.

აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.12.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში განხორციელდა შეძენილი ძირითადი საქონლის (ფქვილი, შაქარი, მარგარინი) მოძრაობის ანალიზი, შეძენის და წარმოებაში გახარჯვის შესაბამისად (სასაქონლო ზედნადებებში ასახული თითოეული სახეობის ნაწარმის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების შესაბამისად). აგრეთვე, გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აღნიშნული ქონების საწყისი და საბოლოო მარაგების შესახებ შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისად და ინფორმაცია გადამხდელის მიერ დეკლარირებული საქონლის დანაკლისის შესახებ.

დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდების ბოლოსთვის მოცემული დასახელების საქონლის ნაშთი უნდა შეადგენდეს: ფქვილი - 32 520 კგ-ით მეტს, ხოლო შაქარი - 18 133 კგ-ით მეტს. შემოწმებით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც არ ფიქსირდება სმფ-ების ნაშთში და არ არის დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვებში, განხილულ იქნა წარმოებად რეალიზების სასაქონლო ზედნადებებში ასახული საქონლის სახეობების მიხედვით მთლიან დეკლარირებულ ბრუნვაში მათი პროპორციის გათვალისწინებით, სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასის შესაბამისად საანგარიშო თვეების მიხედვით და აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 304 553 ლარის ოდენობით, რაზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ 54 820 ლარი, ხოლო მიღებული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე (დამფუძნებელზე) გაცემულ დივიდენდად (საწარმოს დირექტორის მიერ წარმოდგენილი განმარტების გათვალისწინებით).

აღნიშნულ განაცემებთან მიმართებაში, საგადასახადო კოდექსის 97-ე, 98-ე, 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადი. საწარმოს დირექტორის წერილის და საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 120-ე ნაწილის გათვალისწინებით, გაცემული დივიდენდის კუთვნილი მოგების გადასახადით დაბეგვრისას მოგების გადასახადის ჩასათვლელ თანხაში გათვალისწინებული იქნა 1.01.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდზე დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი (11 550 ლარი), შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით (გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2012-2016 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციების მონაცემების შესაბამისად). ამასთან, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №005-42 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14577 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2.11.2023 წლის №20272/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საბჭოს აპარატს დაევალა, აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს საჩივარი, თანდართულ მასალებთან ერთად. ასევე, მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 2.11.2023 წლის №20272/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა შესწავლის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე გარემოება, კერძოდ:

1. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია იმ საქონლის ჩამონათვალი (რომელთა შეძენაზეც გადამხდელს არ გააჩნია შესყიდვის დოკუმენტი) და მათი წონა, რაც გამოყენებული იქნებოდა ერთეული კილოგრამი სხვადასხვა სახის ნაწარმის დასამზადებლად. შემოწმების პოზიციით: იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროდუქტები გათვალისწინებული იქნებოდა წარმოებაში, მაშინ სარეალიზაციო მზა პროდუქციის წონა გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციით შემოწმების მიერ გაანგარიშებული მზა პროდუქციის რაოდენობა, რაც ასევე გამოიწვევდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას და სხვა შესაბამის გაანგარიშებებს. აქედან გამომდინარე, შემოწმება შეუძლებლად მიიჩნევს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შემოწმებით დადგენილი მონაცემების კორექტირებას;

2. გადამხდელის მიერ ასევე წარმოდგენილია რამდენიმე ფიზიკური პირის ახსნა-განმარტება მათ მიერ პროდუქტების შეძენის თაობაზე. აღნიშნული განმარტებები წარმოადგენს არასათანადო საფუძველს შემოწმებით დადგენილი მონაცემების კორექტირებისთვის, რადგან არის ზოგადი განვრცობითი ხასიათის, სადაც არ არის ასახული რაიმე კონკრეტული შესყიდვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი მონაცემებით, როგორიცაა შესყიდვის თარიღი, ფასი და ა.შ.;

3. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია რამდენიმე საწარმოს ფინანსური ანგარიშგებები. შემოწმებას შეუძლებლად მიაჩნია ამ კომპანიების რაიმე ინფორმაციის განზოგადება შპს „----------“ მიმართებაში, მათი საქმიანობის ბრუნვებიდან და ეკონომიკურ ბაზარზე არსებული კატეგორიების გათვალისწინებით. შემოწმების პერიოდში განსაზღვრული მარჟა შესაბამისობაში მოდის ანალოგიური საქმიანობის და კატეგორიების აუდირებული კომპანიების მარჟებთან.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული შემოწმებით დადგენილი მონაცემების კორექტირების საფუძვლად.

აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 7.02.2024 წლის №005-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 13.06.2024 წლის №88420/1/2024 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს 2.11.2023 წლის №20272/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მომჩივნის მიერ წარდგენილი ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების ანალიზის საფუძველზე, იხელმძღვანელოს შესაბამისი მარჟის მონაცემებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 13.06.2024 წლის №88420/1/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2024 წლის დასკვნის მიხედვით, განხორციელდა შესაბამისი გაანგარიშება გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მომჩივნის მიერ წარდგენილი ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების მარჟის გათვალისწინებით.

აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 4.11.2024 წლის №005-154 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადაანგარიშების პროცესში არ შემცირებულა შემოწმებით განსაზღვრული შემოსავლის ოდენობა. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით „დადგენილი“ შემოსავლისა და მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიების საშუალო მარჟით განისაზღვრა შპს „----------“ ჯამური ხარჯი. აღნიშნულის შედეგად შემცირდა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი „ფულადი ნაშთი“ და შესაბამისად დარიცხული გადასახადი.

შემოწმებით დადგენილი შემოსავალიც თავის მხრივ განსაზღვრული იყო არაპირდაპირი მეთოდით და არა საბანკო ამონაწერებსა და სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში დაფიქსირებული შემოსავლის ჯამით. გადაანგარიშების შედეგად არის სიტუაცია, როცა შემმოწმებელმა ერთის მხრივ შემოსავლის განსაზღვრის მიზნით გამოიყენა შემოწმებით „დადგენილი“ ფასნამატი, ხოლო ხარჯის განსაზღვრის მიზნით მესამე პირების ფასნამატი. შემოწმებით დადგენილი ფასნამატი ეფუძნებოდა შემოწმების პროცესშივე არასწორად წარდგენილ კალკულაციებს. შესაბამისად დადგენილი ფასნამატი ვერ ასახავდა რეალობას.

საბჭოს გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ეხელმძღვანელა წარდგენილი ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების ანალიზის საფუძველზე დადგენილი შესაბამისი მარჟის მონაცემებით, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლის განსაზღვრაც უნდა მომხდარიყო შემოწმებით დადგენილ ხარჯებზე წარდგენილი ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების ანალიზის საფუძველზე დადგენილი ფასნამატის გავრცელებით. გადაანგარიშების შედეგად დარიცხული თანხა 166 936 ლარია. შესამოწმებელ პერიოდში შპს „----------“ რეალიზებული ჰქონდა ფქვილი და შაქარი ფიზიკურ პირებზე დოკუმენტაციის გარეშე. დავის პროცესში წარმოდგენილია კიდეც რამდენიმე ფიზიკური პირის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც ისინი ადასტურებდნენ საქონლის შეძენას. დავის პროცესში წარმოდგენილი ეს დოკუმენტაცია არ იქნა საკმარის მტკიცებულებად მიჩნეული, მაგრამ ამასთან ვერ მივიღეთ პოზიცია თუ რა ტიპის დოკუმენტი უნდა წარდგენილიყო საქონლის რეალიზაციის დასადასტურებლად. შედეგად სახეზე გვაქვს შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი, რომელიც მკვეთრად აღემატება ყველა შესაძლო თეორიული დაშვებით განსაზღვრული შემოსავლის ოდენობას. იმ პირობებში, როცა კომპანიამ ვერ შეძლო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, ცუდი ფინანსური შედეგების გამო, არ არის ლოგიკური ასეთი ოდენობის გადასახადის დაკისრება. შემოწმების შედეგების მეტ-ნაკლებად სამართლიანად განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია შემოსავალი განისაზღვროს იდენტური საქმიანობის მქონე კომპანიების მარჟის მიხედვით და შესაბამისად დაკორექტირდეს დასაბეგრი ბაზა დღგ-ის, მოგების გადასახადის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 97-ე პირველი ნაწილის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საბჭოს 13.06.2024 წლის №88420/1/2024 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს 2.11.2023 წლის №20272/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მომჩივნის მიერ წარდგენილი ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების ანალიზის საფუძველზე, იხელმძღვანელოს შესაბამისი მარჟის მონაცემებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 13.06.2024 წლის №88420/1/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2024 წლის დასკვნის მიხედვით, განხორციელდა შესაბამისი გაანგარიშება გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მომჩივნის მიერ წარდგენილი ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების მარჟის გათვალისწინებით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულ გარემოებაზე, რომ წარმოებული პროდუქცია რეალიზებულად ჩაითვალა მომჩივნის მიერ გამოწერილი რეალიზების სასაქონლო ზედნადებებში ასახული საქონლის ფასის შესაბამისად. ხოლო, გადაანგარიშება განხორციელდა საბჭოს 13.06.2024 წლის №88420/1/2024 გადაწყვეტილებაში მითითებული დავალების ფარგლებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 13.06.2024 წლის №88420/1/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭოს 13.06.2024 წლის №88420/1/2024 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს 2.11.2023 წლის №20272/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მომჩივნის მიერ წარდგენილი ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების ანალიზის საფუძველზე, იხელმძღვანელოს შესაბამისი მარჟის მონაცემებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). საბჭოს 13.06.2024 წლის №88420/1/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2024 წლის დასკვნის მიხედვით, განხორციელდა შესაბამისი გაანგარიშება გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მომჩივნის მიერ წარდგენილი ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიების მარჟის გათვალისწინებით. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულ გარემოებაზე, რომ წარმოებული პროდუქცია რეალიზებულად ჩაითვალა მომჩივნის მიერ გამოწერილი რეალიზების სასაქონლო ზედნადებებში ასახული საქონლის ფასის შესაბამისად. ხოლო, გადაანგარიშება განხორციელდა საბჭოს 13.06.2024 წლის №88420/1/2024 გადაწყვეტილებაში მითითებული დავალების ფარგლებში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 13.06.2024 წლის №88420/1/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 981(1); 130(1); 154(1„ზ“); 275, 304(21).