ბრძანება N 18076
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18076
26 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ --------- (ს/ნ ---------)
(მის.: -----------)
2023 წლის 04 და 07 ივლისის
საჩივრების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ივლისის სხდომაზე (ოქმი №78) იმსჯელა ი/მ -------- (ს/ნ -------) 2023 წლის 4 ივლისის №114077/21-11 და 7 ივლისის №116208/21 საჩივრებზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №006-590 საგადასახადო მოთხოვნასთან და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის №011- 2023-103964 ბრძანებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №006-590 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია. ხოლო ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ი/მ ------- (ს/ნ -------) აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ 2022 წლის 21 დეკემბრის N32350 ბრძანება და ამავე თარიღის N006-590 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით სამჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით იურიდიულ და ფაქტიურ მისამართებზე (ქ. -------, -------- ქ. №--- და ქ. -------, ------- გამზ. N---), თუმცა ადრესატისათვის მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2023 წლის 12 აპრილს განხორციელდა ზემოაღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2023 წლის 2 მაისს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის N006-590 საგადასახადო მოთხოვნას ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდის მეშვეობით გაეცნო 2023 წლის 5 ივნისს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 4 და 7 ივლისს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ 2022 წლის 21 დეკემბრის N32350 ბრძანება და ამავე თარიღის N006-590 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით სამჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით იურიდიულ და ფაქტიურ მისამართებზე. ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მართლზომიერად განხორციელდა სადავო საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, აღნიშნულის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №006-590 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის №011-2023-103964 ბრძანებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ -------- (ს/ნ ------) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №006-590 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
2. ი/მ -------- (ს/ნ ------) საჩივრები საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის №011-2023-103964 ბრძანებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №006-590 საგადასახადო მოთხოვნასთან და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის №011- 2023-103964 ბრძანებასთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ 2022 წლის 21 დეკემბრის N32350 ბრძანება და ამავე თარიღის N006-590 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით სამჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით იურიდიულ და ფაქტიურ მისამართებზე, თუმცა ადრესატისათვის მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2023 წლის 12 აპრილს განხორციელდა ზემოაღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2023 წლის 2 მაისს. გადასახადის გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის N006-590 საგადასახადო მოთხოვნას ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდის მეშვეობით გაეცნო 2023 წლის 5 ივნისს. შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 4 და 7 ივლისს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №006-590 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44, 299(4)(10), 301"ე", 8(5"ბ"), 238(1"ე")(6), 243(1).