ბრძანება N 11699

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.05.2023
№ დოკუმენტი 11699
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 11699

29.05.2023

შპს „---------------” (ს/ნ---------------)

(--------------------------)

2022 წლის 17 სექტემბრის, 3 ნოემბრის,2023 წლის 15, 16 მარტის და 4 მაისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 მარტის, 27 აპრილის და 4 მაისის სხდომებზე (ოქმები №27, №45 და N48) განიხილა შპს „-----------” (ს/ნ ---------) №74776/1/2022, №75975/1/2022, №19114/2/2023, №79684/1/2023, №79722/1/2023, №79723/1/2023 და №80786/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 აგვისტოს №005-126 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის არაეკონომიკური დანიშნულებით გამოყენებად განხილვას და აღნიშნულის საფუძვლით დარიცხულ დღგ-ის და მოგების გადასახადს. განმარტავს, რომ საწარმოს მიერ გაწეული ყველა ხარჯი არის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული. აცხადებს, რომ დირექტორს ფაქტობრივად გააჩნია მხოლოდ მიწის ნაკვეთი და მასზე არ არის განთავსებული რაიმე სახის შენობა-ნაგებობა, შესაბამისად ბეტონის მიწოდება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ვერ მოხდებოდა. ასევე მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთი დირექტორს შეძენილი აქვს 2021 წლის 22 ნოემბერს, შესაბამისად 2021 წლის აგვისტოს თვეში გამოწერილი სასაქონლო ზედნადები არანაირ კავშირში არ არის აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან.

2. არ ეთანხმება განკარგვად თანხასა და სალაროს გონივრულ ნაშთს შორის სხვობის თანხის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

3. საწვავის ხარჯთან დაკავშირებით ითხოვს ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გათვალისწინებას.

4. არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის არასრულად ასახვის გამო დარიცხულ თანხებს. მიუთითებს, რომ უმოკლეს ვადაში წარმოადგენს გაანგარიშებას, რომლითაც დადასტურდება, რომ საწარმოს მიღებული ყველა შემოსავალი დეკლარირებულია.

5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6302 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------ის” (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 ივლისის შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 18 აგვისტოს №21820 ბრძანება და 19 აგვისტოს №005-126 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 567 343 ლარი, მათ შორის: გადასახადი 326 581 ლარი, ჯარიმა 161 489 ლარი, საურავი 79 272 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდზე შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საწარმოს მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები და საბაჟო დეკლარაციები, რის შედეგადაც დადგინდა რომ საწარმოს მიერ შეძენილი საქონლის გარკვეული ნაწილი (89 046 ლარის ღირებულების დღგ-ს გარეშე), რომელზეც მიღებული აქვს ჩათვლა, საწარმოს გამოყენებული აქვს არაეკონომიკური საქმიანობისთვის. კერძოდ, საწარმოს მიერ შეძენილია სამშენებლო საქონელი და მომსახურება, რაზეც მიღებულ სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია -------- რაიონი, სოფელი ---------, სადაც საწარმოს დამფუძნებელს/დირექტორს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით საკუთრებაში უფიქსირდება მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული საქონლის გამოყენება ჩაითვლა არაეკონომიკური დანიშნულებით გამოყენებად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე (2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის) და 982 მუხლების გათვალისწინებით, შეძენილი საქონლის არაეკონომიკური დანიშნულებით გამოყენება დაექვემდებარა დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელი საქონლის (სამეურნეო საქონელიე და სხვადასახვა სახის ინვენტარი) რეალიზაციას ახორციელებს იურიდიულ პირებზე, ძირითადად საბავშვო ბაგა-ბაღებზე, რაზეც ახდენს სასაქონლო ზედნადების/ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას. საწარმოს სახელზე საკონტოლო- სალარო აპარატი ან საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი არ ფიქსირდება. საქონლის რეალიზაცია ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული (გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, საქონლის იმპორტის დამადასტურებელი ინვოისები, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები, წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები და სხვა), ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი (საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, განცხადება კრედიტორული/დებიტორული დავალიანების შესახებ და სხვა) ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის და ანალიზის შედეგად განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ერთობლივი შემოსავალი და გაწეული ხარჯები. კერძოდ, საწარმოს მიერ საქონლის რეალიზაციისას გამოწერილი დოკუმენტური ღირებულება დაემთხვა საბანკო შემოსავლებს შესაბამისი პერიოდების მიხედვით. ასევე, განისაზღვრა ყველა ის ხარჯი რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული, მათ შორის საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით, რაზეც საწარმოს არ გააჩნდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელო N0256, რის საფუძველზეც ხარჯად აღიარდა საწვავის ხარჯის 75%. საწარმოს მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით ფიქსირდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელზე დივიდენდი არ გაცემულა, ხოლო გაცემული ხელფასების ჯამური ოდენობა შეადგენს 22 500 ლარს. საბანკო ამონაწერის დამუშავებისას გამოჩნდა, რომ საწარმოს დამფუძნებლის/დირექტორის ------------- მიერ ხდება დიდი ოდენობით თანხების განაღდება ბანკომატიდან და გატანა საბანკო ანგარიშიდან. შემოწმების მიერ ჩატარებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა დაფიქსირდა 0 ლარი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით თითეული საანგარიშო წლისთვის დათვლილ მთლიან ხარჯებს გამოაკლდა საწარმოს მიერ ხარჯის დასაფარად ბანკის საშუალებით გადახდილი თანხები, რის შედეგადაც განისაზღვრა საკასო ხარჯის ოდენობა. შესამოწმებელი პერიოდის თითოეული საგადასახადო წლის საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10% ჩაითვალა სალაროში არსებულ გონივრულ ნაშთად. შემოსავლების, ხარჯების, ბიუჯეტში გადახდილი და დაბრუნებული თანხების, დებიტორების და კრედიტორების გათვალისწინებით განისაზღვრა საწარმოს განკარგვადი თანხები შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით. განკარგვად თანხასა და გონივრულ თანხას შორის სხვაობით მიღებული თანხები 2019-2021 წლის დეკემბრის თვეში, ხოლო 2022 წლის იანვრის თვეში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, (2019 წლის დეკემბერში -164 975 ლარი, 2020 წლის დეკემბერში - 249 172 ლარი, 2021 წლის დეკემბერში- 499 251 ლარი, 2022 წლის იანვარში - 97 102 ლარი). ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის N34 ბრძანებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შპს ,,---------’’ გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2013 წლის 4 სექტემბერს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 20 თებერვალს. საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სამეურნეო საქონლის და სხვადასხვა სახის ინვენტარის მიწოდება. შემოწმებამ შესამოწმებელ პერიოდზე შეისწავლა საწარმოს მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საწარმოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, სასაქონლო ზედნადებებით და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის მიხედვით, რომელიც შეუდარდა წარდგენილი დეკლარაციის მონაცემებს. შემოწმების მიერ დამუშავებული ინფორმაციის საწარმოს მიერ წარდგენილი დღგ-ის დეკლარირებულ მონაცემებთან შედარების შედეგად დადგინდა, რომ საწარმო არასრულად ახდენდა საანაგრიშო პერიოდებში განხორციელებული დასაბეგრი ბრუნვების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვას, რაც იწვევდა ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხის შემცირებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე (2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის) მუხლის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან მიმართებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახამად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დღგ-ით შეძენილი საქონლის/მომსახურების გამოყენება არაეკონომიკური საქმიანობისათვის (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევის შემთხვევისა), თუ ამ საქონელზე/მომსახურებაზე გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, რომლის დროსაც:

ბ.ა)დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;

ბ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის/მომსახურების გამოყენების დაწყების მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის მიწოდება მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდზე შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს მიერ შეძენილი საქონლის გარკვეული ნაწილი (89 046 ლარის ღირებულების დღგ-ს გარეშე), რომელზეც გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა, საწარმოს გამოყენებული აქვს არაეკონომიკური საქმიანობისთვის. კერძოდ, საწარმოს მიერ შეძენილია სამშენებლო საქონელი და მომსახურება, რაზეც მიღებულ სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია ------- რაიონი, სოფელი---------, სადაც საწარმოს დამფუძნებელს/დირექტორს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით საკუთრებაში უფიქსირდება მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული საქონლის გამოყენება ჩაითვლა არაეკონომიკური დანიშნულებით გამოყენებად და განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოწმების პერიოდში გადამხდელისთვის ცნობილი იყო აღნიშნული საკითხი და მისი მხრიდან არ მოხდა შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა, რომელიც დაადსატურებდა შეძენილი სამშენებლო საქონლის/მომსახურების ეკონომიკური დანიშნულებით გამოყენებას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ წარმოადგენს გაანგარიშებას, რომლითაც დასტურდება, რომ საწარმოს არ გააჩნდა შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი. ასევე, საწვავის ხარჯთან დაკავშირებით წარმოადგენს ექსპერტის დასკვნას დახარჯული საწვავის ოდენობასთან დაკავშირებით.

2022 წლის 3 ნოემბრს გადამხდელმა დააზუსტა საჩივარი, რომელშიც მიუთითებს, რომ საწვავის ხარჯთან დაკავშირებით, რაზეც საწარმოს არ გააჩნდა შეძენის დამადასატურებელი დოკუმენტი, შემოწმებამ გამოიყენა N0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, რის საფუძველზეც ხარჯად აღიარდა საწვავის ხარჯის 75%, თუმცა აღნიშნული მეთოდი არ იქნა გამოყენებული 110 000 ცალ წვრილმან საქონელზე, როგორიცაა თეფში, ჩანგალი, კოვზი და ა.შ), რომელზეც ასევე არ არსებობდა შეძენის დოკუმენტაცია. ითხოვს N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებას 110 000 ერთეულ წვრილმან საქონელთან მიმართებაში. ასევე, 2023 წლის 15 და 16 მარტს დაზუსტებული საჩივრებით გადამხდელმა წარმოადგინა ერთ-ერთ დებიტორთან გაფორმებული შედარების აქტი, ასევე დებიტორების სია, რომელიც შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული და საქონლის ჩამონათვალი, რომელზეც არ არსებობს შეძენის დოკუმენტაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალებით და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული), ასევე, იმსჯელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად: თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ; ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ დამუშავებული ინფორმაციის საწარმოს მიერ წარდგენილი დღგ-ის დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებისას დადგინდა, რომ საწარმო არასრულად ახდენდა საანაგრიშო პერიოდებში განხორციელებული დასაბეგრი ბრუნვების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვას, რაც იწვევდა ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხის შემცირებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საწარმოს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ არ გააჩნია კონკრეტული არგუმენტი/დასაბუთება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების უსწორობასთან დაკავშირებით. ასევე, 2023 წლის 4 მაისს გადამხდელმა წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, რომელშიც მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით, რაზეც საწარმოს არ გააჩნდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის N0256 სიტუაციური სახელმძღვანელო. შესაბამისად მიაჩნია, რომ თუ შემოწმებამ დაადასტურა საწვავის ხარჯი, შესაბამისად მასზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლაც უნდა განეხორციელებინა, ვინაიდან შეუძლებელია საწვავის შეძენა დღგ-ის გარეშე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის არგუმენტი დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინებულ იქნას N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი განსაზღვრული საწვავის ხარჯები, რომელიც ასევე მოიცავს დღგ-ის თანხებს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-5 სადავო საკითხთან მიმართებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------------ (ს/ნ -----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული), ასევე იმსჯელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის არაეკონომიკური დანიშნულებით გამოყენებად განხილვას და აღნიშნულის საფუძვლით დარიცხულ დღგ-ის და მოგების გადასახადს.

2.არ ეთანხმება განკარგვად თანხასა და სალაროს გონივრულ ნაშთს შორის სხვობის თანხის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

3. საწვავის ხარჯთან დაკავშირებით ითხოვს ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გათვალისწინებას.

4.არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის არასრულად ასახვის გამო დარიცხულ თანხებს.

5.ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს-ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და საბაჟო დეკლარაციების, შემოწმების შედეგად დადგინდა რომ საწარმოს მიერ შეძენილი საქონლის გარკვეული ნაწილი რომელზეც მიღებული აქვს ჩათვლა, საწარმოს გამოყენებული აქვს არაეკონომიკური საქმიანობისთვის. შეძენილი საქონლის არაეკონომიკური დანიშნულებით გამოყენება დაექვემდებარა დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

2.გადასახადის გადამხდელი საქონლის რეალიზაციას ახორციელებს იურიდიულ პირებზე, ძირითადად საბავშვო ბაგა-ბაღებზე, რაზეც ახდენს სასაქონლო ზედნადების/ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას.საწარმოს სახელზე საკონტოლო- სალარო აპარატი ან საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი არ ფიქსირდება.საქონლის რეალიზაცია ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ერთობლივი შემოსავალი და გაწეული ხარჯები ასევე განისაზღვრა ყველა ის ხარჯი რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული, მათ შორის საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით, რაზეც საწარმოს არ გააჩნდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს დამფუძნებლის/დირექტორის მიერ ხდება დიდი ოდენობით თანხების განაღდება ბანკომატიდან და გატანა საბანკო ანგარიშიდან. შემოწმების მიერ ჩატარებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა დაფიქსირდა 0 ლარი.

შემოწმებით თითეული საანგარიშო წლისთვის დათვლილ მთლიან ხარჯებს გამოაკლდა საწარმოს მიერ ხარჯის დასაფარად ბანკის საშუალებით გადახდილი თანხები, რის შედეგადაც განისაზღვრა საკასო ხარჯის ოდენობა.

საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა.2022 წლის იანვრის თვეში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.

3.შემოწმების მიერ დამუშავებული ინფორმაციის საწარმოს მიერ წარდგენილი დღგ-ის დეკლარირებულ მონაცემებთან შედარების შედეგად დადგინდა, რომ საწარმო არასრულად ახდენდა საანაგრიშო პერიოდებში განხორციელებული დასაბეგრი ბრუნვების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვას, რაც იწვევდა ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხის შემცირებას.საწარმოს დაერიცხა დღგ -ს გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2. საქმეზე არსებული მასალებით და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული), ასევე, იმსჯელოს საქართველოს

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5.შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9);97(1ბ);982(1ბ,3ზ);72(1)161(1ბ);171(1);159(1);160(3გ);164(1);168(1);101(1);154(1ა);173(1);174(1ა);175(1ა,ბ)269;270;272;275