ბრძანება N 4548
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4548
10.03.2023
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ---------- ;
იურ. მის.: ---------- )
2023 წლის 15 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1 მარტის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის 15 თებერვლის №79114/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №1740 ბრძანებასთან და ვალის მართვის დეპარტამენტის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2023 წლის 9 თებერვლის №011-2023-021607 ბრძანებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობას. განმარტავს, რომ გადაწყვიტა დაზუსტებული დეკლარაციით მოგების გადასახადის შემცირება გამოეყენებინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად ჯარიმის 50%-ის გაუქმებისათვის. მიუთითებს, რომ აუდიტორმა დაზუსტებული დეკლარაციით შესამცირებელი მოგების გადასახადის თანხისა და საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების გათვალისწინებით გადამხდელს დაუანგარიშა ჯარიმის გაუქმების პირობების დასაკმაყოფილებლად გადასახდელი თანხის ოდენობა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა აუდიტორის მიერ გადასახდელად გამოანგარიშებული თანხა 2023 წლის 23 იანვარს გადაიხადა და წარადგინა განცხადებები საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხის აღიარებისა და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმების 50%-ის გაუქმების შესახებ. ამასთან, გადამხდელმა საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული მოგების გადასახადის შემცირების მიზნით 2023 წლის 26 იანვარს შექმნა მოგების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაცია, თუმცა მისი გადაგზავნა ვერ განხორცეილდა, ვინაიდან დეკლარირების სისტემაში საგადასახადო ორგანოს მიერ არ იყო საგადასახადო მოთხოვნა გააქტიურებული. აცხადებს, რომ დაზუსტებული დეკლარაციის გადაგზავნა ვერ განხორციელდა საგადასახადო მოთხოვნის გააქტიურებამდე, კერძოდ, 2023 წლის 6 თებერვლამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელი განმარტავს, რომ არაერთხელ მიმართა შემოსავლების სამსახურს (აუდიტორს, აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზს), თუმცა გადამხდელის განცხადება აუდიტის დეპარტამენტმა განიხილა მითითებული გარემოებების გათვალისწინების გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიამ საგადასახადო ორგანოს მიზეზით ვერ განახორციელა დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენა და ამ გზით გადასახდელი თანხის დაფარვა. აცხადებს, რომ ვინაიდან დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის პირობების შექმნისა და გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის შემდეგ თანხა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარაციის დაზუსტების შედეგად დაფარულია, მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის 50%-ის გაუქმება (შემცირება).
ამასთან, გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანებას. განმარტავს, რომ საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილი 78 797 ლარიდან, უკანონოდ ჩამოწერილია 54 049 ლარი. მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბრძანება ექვემდებარება ბათილად ცნობას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 30 იანვარს გამოცემული დასკვნით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 მარტის №6589 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2022 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა სულ 226 762 ლარი, მათ შორის, გადასახადი 118 663 ლარი და ჯარიმა 108 099 ლარი. შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) 2022 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი და 28 დეკემბრის №002-261 საგადასახადო მოთხოვნა გაეგზავნა 2022 წლის 29 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ მოხმარებლის გვერდზე (RS.GE). აღნიშნულ მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2022 წლის 29 დეკემბერს. 2023 წლის 25 იანვარს შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) დირექტორმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა №---------- განცხადება. აღნიშნული განცხადებით გადამხდელმა უარი განაცხადა 2022 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გასაჩივრებაზე და ითხოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის 50%-ის გაუქმებას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების მომენტში 2022 წლის 29 დეკემბერს გადასახადის გადამხდელს პირად ბარათზე ზედმეტობაში არ უფიქსირდებოდა საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადის და ჯარიმის 50%-ის შესაბამისი თანხა. ასევე 2023 წლის 23 იანვარს გადამხდელს ბიუჯეტში ჩარიცხული აქვს 76 696.5 ლარი, რაც 2022 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადის (118 663 ლარი) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმის 50%-ის (108 099 ლარი) შესაბამისი არ არის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მოთხოვნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმის 50%-ით შემცირებაზე არ დაკმაყოფილდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) 2023 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადი 0 ლარი, ჯარიმა - 73 984.70 ლარი, საურავი - 4 812.48 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება - 0 ლარი, ზედმეტობა 0 ლარი. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე, 2023 წლის 9 თებერვალს გამოიცა №011-2023-021607 ბრძანება შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ (78 797.18 ლარზე).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, თუ:
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 171 პუნქტის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წერილობითი განცხადება „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების 50 პროცენტის გადახდა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღეში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე და მტკიცებულებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 20 და 25 იანვარს წარმოდგენილია განცხადებები საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხის აღიარებასა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის 50%-ის გაუქმების შესახებ. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული მოგების გადასახადის თანხის შემცირების მიზნით 2023 წლის 26 იანვარს შექმნილია მოგების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაცია, სადაც დანართი 15 - შესამცირებელი (დასაბრუნებელი) მოგების გადასახადის გაანგარიშება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული მოგების გადასახადის მიხედვით - მითითებულია საგადახადო მოთხოვნა და შესაბამისი მოგების გადასახადის თანხა, რომელიც ექვემდებარება შემცირებას (დაბრუნებას), თუმცა დეკლარაციის გადაგზავნა გადამხდელის მიერ ვერ განხორცეილდა, ვინაიდან საგადასახადო ორგანოს მიერ არ იყო საგადასახადო მოთხოვნა გააქტიურებული. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელი განმარტავს, რომ არაერთხელ მიმართა შემოსავლების სამსახურს (აუდიტორს, აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზს).
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღეში შემოსავლების სამსახურს მომართა განცხადებებით, რომლითაც აღიარა საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მოითხოვა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50%-ის გაუქმება. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ ვადაში გადახდილ იქნა 76 696,5 ლარი და აგრეთვე 2023 წლის 26 იანვარს განხორციელდა დაზუსტებული მოგების გადასახადის დეკლარაციის შექმნა, სადაც მითითებულია საგადასახადო მოთხოვნა და შესაბამისი მოგების გადასახადის თანხა, რომელიც ექვემდებარება შემცირებას (დაბრუნებას), თუმცა გადამხდელის მიერ დაზუსტებული დეკლარაციის გადაგზავანა ვერ განხორციელდა ტექნიკური პრობლემის გამო. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს მიერ მოხდა შესაბამისი რეაგირება და გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 6 თებერვალს განახორციელა დეკლარაციის დაზუსტება, რომლის მიხედვითაც დაბრუნებას დაქვემდებარებულმა მოგების გადასახადის თანხამ შეადგინა 95702.44 ლარი. აღსანიშნავია, რომ ჩასათვლელი მოგების გადასახადის თანხის (95702.44 ლარი) და გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხის (76 696,5 ლარი) ჯამი შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად გადასახდელი გადასახადების და ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხის ოდენობას.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მოთხოვნები. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არამართლზომიერია, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №002-261 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმების თანხების 50% დაუქვემდებაროს შემცირებას და აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №002-261 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმების თანხების 50% დაუქვემდებაროს შემცირებას და აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.