გადაწყვეტილება №20399/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20399/2/2023
14 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 27.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20399/2/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №002-91 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.07.2023 წლის №16604 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 172 022,91 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 105 334
ჯარიმა - 42 095
საურავი - 24 593,91
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.07.2021 წლიდან 29.11.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №002-91 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.07.2023 წლის №16604 ბრძანებით, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-9 და მე-15 ნაწილებზე, 299-ე მუხლის პირველ, მე-4 და მე-10 ნაწილებზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ მომჩივანი გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2.06.2023 წლის №12288 ბრძანებას და ამავე თარიღის №002-91 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2.06.2023 წელს. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 4.07.2023 წელს. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში წარმოდგენილი აქვს შესაბამისი არგუმენტები, თუმცა საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით არგუმენტები წარმოდგენილი არ არის. მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელმა საჩივარში მითითებული არგუმენტებით ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს ---ის (ს/ნ ---) 4.07.2023 წლის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №002-91 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში დაფიქსირებულ ზემოთ მოყვანილ პოზიციასთან დაკავშირებით, მომჩივანი მიუთითებს 4.07.2023 წლის საჩივარში, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა არგუმენტები არ გაიზიარა და 10.07.2023 წლის №16604 ბრძანებით (გადაწყვეტილებით), საჩივარი დატოვა განუხილველი და წარმოადგინა შემდეგი არგუმენტი:
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 4.07.2023 წელს.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში წარმოდგენილი აქვს შესაბამისი არგუმენტები, თუმცა საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით არგუმენტები წარმოდგენილი არ არის. მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელმა საჩივარში მითითებული არგუმენტებით ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
შემოსავლების სამსახურის ზემოთ მოყვანილ არგუმენტებთან დაკავშირებით პოზიცია შემდეგია:
2.06.2023 წლის №002-91 საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარებულია 2.06.2023 წელს და მისი გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ბოლო ვადა იყო 3.07.2023 წელი. გადასახადის გადამხდელის მხრიდან რამდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი საჩივრის მოდულში შესვლის მცდელობას (დანართი „პორტალზე შესვლის ისტორია“), თუმცა უცნობი ტექნიკური მიზეზის გამო, ორმა თანამშრომელმა თავისი ავტორიზებული ქვემომხმარებლების გვერდიდან ვერ მოახერხა საჩივრის ატვირთვა. შესაბამისად, აღნიშნული საჩივარი აიტვირთა 4.07.2023 წელს, ვადის დარღვევით, თუმცა გადასახადის გადამხდელისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო.
შპს ---ის პარალელურად საგადასახადო შემოწმება მიმდინარეობდა სამ სხვა საწარმოში:
შპს ---ში, შპს ---ში და შპს ---ში (ჩამოთვლილი ყველა საწარმოს მმართველობას და საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვას აწარმოებს ერთი კომპანია - შპს ---). აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კომპანიებში საგადასახადო შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული თანხები გამოწვეულია ანალოგიური საკითხით, რაც შპს ---ის საგადასახადო შემოწმების აქტშია დაფიქსირებული. აღნიშნულ საწარმოებს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრებული აქვთ შემოსავლების სამსახურში, მათ შორის შპს---ის საჩივარი ატვირთულია 3.07.2023 წელს, ვადის დაცვით. გამომდინარე იქიდან, რომ შპს---სა და შპს ---ის საჩივრებში დაფიქსირებულია ზუსტად ერთი და იგივე საკითხი, შპს ---თვის არ არსებობდა საჩივრის მომზადების და ატვირთვის პრობლემა, გარდა ზემოთ მითითებული ტექნიკური მიზეზისა. დამატებით, იმ შემთხვევაში, თუ დავების განხილვის საბჭო მიიღებს გადასახადის გადამხდელისათვის დადებით გადაწყვეტილებას დავდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ შპს ---ის საგადასახადო შემოწმების აქტი იქნება ხარვეზიანი. ამიტომაც, შემოსავლების სამსახურმა უნდა განიხილოს წარდგენილი საჩივარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.07.2023 წლის №16604 ბრძანება (გადაწყვეტილება) და საკითხი განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით, მოქმედება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №78639-21-14 წერილის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს, 2.06.2023 წლის №12288 ბრძანებას და 2.06.2023 წლის №002-91 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით 2.06.2023 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №002-91 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის 30-ე დღე იყო 2.07.2023 წელს (ემთხვევა არასამუშაო, კვირა დღეს). მომჩივანს საჩივრის წარდგენა შეეძლო 3.07.2023 წლის ჩათვლით. აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №002-91 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ელექტრონულად 4.07.2023 წელს (№82066/1/2023).
შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდის ავტორიზებული მომხმარებლის მეშვეობით საჩივრის წარდგენისას საჩივრების მოდულის ხარვეზის თაობაზე მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის 6.09.2023 წლის №89041- 21-08 წერილზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 3.07.2023 წელს ელექტრონული საჩივრების პროგრამულ მოდულში სისტემური ხარვეზი არ ფიქსირდება. სისტემა გამართულად მუშობდა და სხვა გადამხდელების მიერ დარეგისტრირებული ელექტრონული საჩივრები ასახულია მონაცემთა ბაზაში.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებებით ვერ ჩაითვლება, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 10.07.2023 წლის №16604 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.07.2021 წლიდან 29.11.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №002-91 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.07.2023 წლის №16604 ბრძანებით, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 10.07.2023 წლის №16604 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44 (9); 299 (4, 10) 3 (6); 301 (ე).