ბრძანება N 1519

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.02.2023
№ დოკუმენტი 1519
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1519

01.02.2023

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 10 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №77898/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №CB1429723 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5).

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია ოპერატორის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომით, კერძოდ, ტრანსპორტირებულ საქონელზე ზედნადები აიტვირთა ერთი დღით ადრე. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შეცდომა პროგრამულად გასწორებულია და აღარ განმეორდება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის (გაფრთხილების) გაუქმებას.

ფაქტების აღწერა:

როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, 2022 წლის 28 დეკემბერს 10:26 საათზე ----------, სოფელი ---------- მიმდებარე ტერიტორიაზე გადამოწმებულ იქნა სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ---------- გადამოწმებისას დადგინდა, რომ ---------- (პ/ნ ----------) ახდენდა შპს „ ----------“-ის (ს/ნ ----------) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (10000 ლარის ღირებულების ძეხვეული) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე შედგენილ იქნა №CB1429723 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის ნაცვლად, ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 281- ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული სანქციის (გაფრთხილების) გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის (გაფრთხილების) გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, 2022 წლის 28 დეკემბერს გადამოწმებულ იქნა სატრანსპორტო საშუალება. გადამოწმებისას დადგინდა, რომ მოქალაქე ახდენდა მომჩივანის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის ნაცვლად, ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული სანქციის (გაფრთხილების) გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 270(7); 286.