ბრძანება N 2196

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.02.2025
№ დოკუმენტი 2196
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2196

10 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ის“ (ს/ნ ---------)

(მის.: ------------------------)

2025 წლის 24 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „------ის“ (ს/ნ ---------) 2025 წლის 24 იანვრის №93894/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №056-80 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ პროგრამა ,,ორისით“ დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი არ ჩამოიწერება რეალიზაციის მომენტში, არამედ ჩამოიწერება რეალიზაციის თარიღით, რაც ადვილად დასადგენია პროგრამის მეშვეობით, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ჩამოწერა, იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს სპეციალური პროგრამა, ხდება ინვენტარიზაციის ან აღწერის ჩატარებით, რაც ხორციელდება საანგარიშო პერიოდის ბოლოს, დღგ-ის მიზნებისთვის თვის ბოლოს, ანალოგიურად ხდება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე ან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვების დადგენა. გადამხდელი აღნიშნავს, რომ საწარმოს მიერ არ ხდება აღრიცხვის წესების დარღვევა და შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მიუღებელია. ამასთან, შემოწმებამ 2023 წლის 22 ივნისს შედგენილი №--- ოქმის მონაცემებით დაითვალა ფასნამატი, რიგ შემთხვევებში დაშვებულია ბეჭდვითი შეცდომა ოქმში მითითებული საქონლის დასახელებებში იმ საქონელთან მიმართებაში, რაც კომპანიას აქვს შეძენილი, ერთიდაიგივე საქონელი შეძენილია სხვადასხვა ფასში, ხოლო ფასნამატის დადგენისას გამოყენებულია ფიქსირებული სარეალიზაციო ფასები. შემოწმებამ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ოქმში მითითებულ საქონელზე შევაჭრების ან დიდი რაოდენობით შეძენის შემთხვევაში ხდებოდა ფასდაკლება. გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს შემოწმების მიერ დაშვებულ მათემატიკურ შეცდომებზე და გარკვეულ გაანგარიშებებზე, ასევე თანდართული აქვს დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

2. გადამხდელი არ ეთანხმება სატრანსპორტო საშუალების შესაძენად გადახდილ თანხაზე კვალიფიკაციის შეცვლას და ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ აღნიშნული ავტომობილი მონაწილეობს კომპანიის საქმიანობაში და დაბეგრილია ქონების გადასახადით. გადამხდელი აღნიშნავს, რომ გარიგება შესაძლოა დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით, ხოლო უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არ წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, ამ ვალდებულების განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ აუცილებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. შესაბამისად, შემმოწმებელთა მხრიდან დაფიქსირებული პოზიცია წინააღმდეგობაშია როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებთან, ასევე საკასაციო პალატის პოზიციასთან.

3. გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ დებიტორული დავალიანებები არის რეალური, ვინაიდან მათ დავალიანება არ დაუფარავთ და შესაბამისად, მათი მხრიდან ვალის დაფარვის შესახებ რაიმე სახის დოკუმენტაცია ან შეთანხმება ვალის პატიებაზე არ არსებობს. გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ არ ჩატარებულა სალაროს ინვენტარიზაცია, ასევე არ არსებობდა დირექტორის ან ბუღალტერის მიერ წერილობით ხელმოწერილი დოკუმენტი თანხის მიღებასთან დაკავშირებით ან რაიმე დოკუმენტური მტკიცებულება, შესაბამისად, ამ კუთხით განხორციელებული დარიცხვა არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7299 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------ის“ (ს/ნ ---------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------ის“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7299 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 27 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 30 დეკემბრის №056-80 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილ იქნა 2021 წლის ივლისიდან 2023 წლის მარტამდე საანგარიშო პერიოდების გაყიდვების ანგარიში, წლების მიხედვით, კერძოდ, ექსელისა და PDF ფორმატში, სადაც ჩანს დღის ჭრილში გაყიდული საქონლის დასახელება, ზომის ერთეული, ბარკოდი, რაოდენობა, სარეალიზაციო ფასი, თვითღირებულება და ფასნამატი. აღნიშნული მონაცემები, გადაანგარიშების პროცესში, შედარებულ იქნა შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის „ორისის“ და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს (გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებს). აღსანიშნავია, რომ ბუღალტრულ პროგრამა „ორისსა“ და გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილ რეპორტებში საქონლის დასახელებები განსხვავდება ერთმანეთისგან, რის გამოც ვერ მოხერხდა ყველა საქონლის იდენტიფიცირება და თითოეული ჩანაწერის ერთმანეთთან შედარება. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები გაანალიზებულ იქნა ჯამურად, თვეების ჭრილში, რის შედეგადაც, გამოვლენილ იქნა შემდეგი სხვაობები: გაყიდვების რეპორტებში (2021/07-2023/02 წწ. პერიოდებში) ჯამურად ჩამოწერილია 2 334 289 ლარის საქონელი, ხოლო, ამავე პერიოდში, ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“ - 2 249 965 ლარის; გაყიდვების რეპორტებში (2021/07-2023/02 პერიოდებში) შემოსავალი ჯამურად შეადგენს 2 578 858 ლარს, ხოლო "ორისში" - 2 479 155 ლარს; გაყიდვების რეპორტების თანახმად, ჩამოწერილი საქონელი რაოდენობრივად არ ედრება „ორისში“ ჩამოწერილს. მაგალითად, 2022 წლის აგვისტოს თვეში, გაყიდვების რეპორტში რეალიზებულია 24 399 ცალი საქონელი, ხოლო „ორისში“ ჩამოწერილია - 15 514. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სხვაობები გამოვლენილია შესადარისი პერიოდის (2021/07-2023/02 წწ.) ყველა თვეში. გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელისაგან გამოთხოვილ იქნა 2023 წლის ივნისის თვის გაყიდვის ანგარიშის რეპორტი, 2023 წლის ივნისში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებული საქონლის სარეალიზაციო ფასების რეპორტებში დაფიქსირებულთან შესადარებლად. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა თვის ჭრილში რეალიზებული საქონლის მიხედვით და ვერ მოხერხდა დღის ჭრილში რეალიზებული საქონლის რეპორტის მოწოდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავალი ედრება ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“ აღრიცხულს. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტები შედარებულ იქნა შემოწმების ეტაპზე წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის „ორისის“ და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს (გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებს). დადგინდა, რომ ბუღალტრულ პროგრამა „ორისსა“ და გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილ რეპორტებში საქონლის დასახელებები განსხვავდება ერთმანეთისგან, რის გამოც ვერ მოხერხდა ყველა საქონლის იდენტიფიცირება და თითოეული ჩანაწერის ერთმანეთთან შედარება. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები გაანალიზებულ იქნა ჯამურად, თვეების ჭრილში, რის შედეგადაც, გამოვლენილ იქნა გარკვეული სხვაობები. ამასთან, გაყიდვების რეპორტების თანახმად ჩამოწერილი საქონელი რაოდენობრივად არ ედრება „ორისში“ ჩამოწერილს. გადასახადის გადამხდელის მიერ ასევე არ იქნა წარდგენილი შემოწმებით მოთხოვნილი 2023 წლის ივნისის თვის გაყიდვების ანგარიშის რეპორტი, 2023 წლის ივნისში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებული საქონლის სარეალიზაციო ფასების რეპორტებში დაფიქსირებულთან შესადარებლად. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავალი ედრება ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“ აღრიცხულს. შესაბამისად, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------ის“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება:

1.არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2.სატრანსპორტო საშუალების შესაძენად გადახდილ თანხაზე კვალიფიკაციის შეცვლას და ხელფასად განხილვას.

3.დებიტორული დავალიანების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის №7299 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი. აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 27 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №056-80 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);