გადაწყვეტილება №21888/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.04.2024
№ დოკუმენტი 21888/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21888/2/2024

23 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------------ი (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------ის 3.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21888/2/2024).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.09.2023 წლის №--------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 3.11.2023 წლის №27149 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.09.2023 წლის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივნის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ სატრანსპორტო საშუალების გადამოწმების დროს (სახელმწიფო ნომერი ------, გადამოწმების დრო: 27.09.2023 წ. ---- სთ), გამოვლინდა 1 360 ლარის საბაზრო ღირებულების ხეტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების, „დახერხილი ხემასალა“ (1,6 მ3 X 850 ლარი) ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც მომჩივანს აღნიშნული ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.11.2023 წლის №27149 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.10.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 286-ე მუხლის 12 ნაწილზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

17.10.2023 წლის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შემოსავლების სამსახურის 3.11.2023 წლის №27149 ბრძანებასთან დაკავშირებით ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს 5 000 ლარის ოდენობით დაკისრებული ჯარიმისგან, ვინაიდან საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია არა შეგნებულად სამართალდარღვევის ჩადენის სურვილით, არამედ საგადასახდო კანონმდებლობის არ ცოდნისა და შეცდომის გამო, კერძოდ თვლიდა, რომ ფიზიკურ პირზე ოთხნიშნა ნომრის (კოდის) „----“ მითითება საკმარისი იყო და არ საჭიროებდა სასაქონლო ზედნადების გამოწერას. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ იურიდიულ პირზე მომჩივნის მიერ სწორად არის გამოწერილი სასაქონლო ზედნადები №--------.

1.07.2023 წელს შაბათ დღეს, სატრანსპორტო საშუალებით (სახ. ნომერი -------) ახორციელებდა სხვადასხვა ორი დამკვეთისათვის დახერხილი ხე მასალის ტრანსპორტირებას, ჯამში 2,6 მ3-ის ოდენობით, საიდანაც 1მ3 იყო იურიდიული პირისათვის განკუთვნილი და გააჩნდა სასაქონლო ზედნადები №-----, ხოლო 1,6 მ 3 განკუთვნილი იყო ფიზიკური პირისთვის მისატანად და იმ პერიოდისთვის მოქმედი წესების შესაბამისად მიღებული ჰქონდა ოთხნიშნა ნომერი (კოდი) „-----“, რომელიც გაიცემოდა ფიზიკური პირების მიერ მასალის შეძენისას.

არ იცოდა, რომ ფიზიკურ პირზეც უნდა ყოფილიყო გამოწერილი სასაქონლო ზედნადები, არანაირი განზრახვა არ ჰქონდა ჩაედინა საგადასახადო სამართალდარღვევა, მისთვის, რომ ყოფილიყო ცნობილი ფიზიკურ პირზე სასაქონლო ზედნადების სავალდებულოდ გამოწერის შესახებ, ანალოგიურად გამოწერდა ისევე, როგორც იურიდიულ პირზე, მითუმეტეს არ დაუმალავს ფიზიკური პირის მიერ შეძენის ფაქტი და რეგისტრაციის შესაბამისად მიიღო კიდეც აღნიშნული ოთხნიშნა ნომერი (კოდი). დეტალურად ფაქტის აღწერა წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის უფროსის სახელზე წარდგენილ 17.10.2023 წლის საჩივარში, რომლითაც ითხოვდა 27.09.2023 წელს გამოცემული №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას, რადგან იგი არ არის რეალური ფაქტების გამოკვლევაზე, შესწავლაზე და შეფასებაზე დამყარებული, არ შეესაბამება ფაქტიურ გარემოებებს და არ არის მიმართული რეალური სამართალდარღვევის აღმოფხვრისთვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციაგატარებისაკენ.

შემოსავლების სადავო ბრძანება სამართლებრივად დაუსაბუთებელია განსაკუთრებით მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება კეთილსინდისიერების პრინციპით ჯარიმისგან გათავისუფლებას, ვინაიდან შეცდომა ნამდვილად გამოწვეულია არცოდნით და არ ატარებდა მომჩივნის მხრიდან საგადასახდო სამართალდარღვევის სურვილს, რაც დეტალურად აღწერა შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში.

საჩივარი განიხილეს მომჩივნის დასწრების გარეშე, რის გამოც არ მიეცა თავისი პოზიციის დასაბუთების და არგუმენტის წარდგენის შესაძლებლობა.

ითხოვს საჩივარი განხილულ იქნას მისი თანდასწრებით და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, 5000 ლარის ოდენობით დაკისრებული ჯარიმისგან.

მომჩივანი დამატებით წარმოდგენილ განცხადებაში განმარტავს, რომ 29.01.2023 წელს --------მა, შეიძინა ხის მასალა შპს --------სგან, 4.07 მ3 ოდენობით, ქალაქ ------ში -----ის ქუჩა №- ში, რაზეც შპს -------მა გაწერა შეტყობინება №----, სრული რაოდენობა 4.7 მ3 იმავე დღეს, მყიდველმა დაიქირავა ამ მასალის ტრანსპორტირებისთვის მომჩივნის ავტომობილით. რადგან ავტომობილზე ვერ შეძლო სრულად დაეტია აღნიშნული მასალა, წაიღო 3.1 მ3 დარჩენილი მასალის 1.6 მ3 ოდენობის წასაღებად, მივიდა 1.7.2023 წელს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შპს --------ის წარმომადგენელმა წინა დღით 30 ივნისს დარეკა შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე, რადგან ხე ტყის მოძრაობის წესები ახალი შეცვლილი იყო და აუხსნა გარემოება, რომ შეტყობინება №----- 4.7 მ3 ოდენობით გაწერილი იყო 29.06.2023 წელს და მყიდველს დარჩენილი ჰქონდა წასაღები 1.6 მ3, რაზეც შემოსავლების სამსახურმა უპასუხა, რომ იმ პერიოდისთვის ახალი შეცვლილი იყო ხე-ტყის მოძრაობის წესები და რადგან მყიდველი იყო ფიზიკური პირი, შეეძლო გადაეზიდა დარჩენილი ხის მასალა სასურველი ავტომობილით რადგან იმ პერიოდისთვის ფიზიკური პირისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში, ავტომობილის სანომრე ნიშნის და მძღოლის მითითების შესაძლებლობას არ იძლეოდა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდი. იმის გამო რომ ხეტყის მოძრაობის წესები ახალი შეცვლილი იყო, იყო ბევრი ხარვეზი და სრული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურსაც არ ჰქონდა და დახვეწის პროცესში იყო აღნიშნული სისტემა.

1.07.2023 წელს წაიღო დარჩენილი ხის მასალა 1.6 მ3 ოდენობით -----დან ------ის მიმართულებით. გააჩერა შესაბამისმა სამსახურმა და მოსთხოვა ზედნადების წარდგენა. ზედნადები აღნიშნულ მასალასთან დაკავშირებით არ ჰქონდა, რადგან ფიზიკურ პირზე ახალი კანონის მიხედვით მხოლოდ შეტყობინება იგზავნება სადაც მძღოლი და ავტომობილი სანომრე ნიშნის მითითების საშუალებას შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდი არ იძლეოდა.

ითხოვა გადაემოწმებინათ შემოსავლების სამსახურში შემდეგი შეტყობინება ნომრით №-----, რაზეც უპასუხეს, რომ გადამოწმება ვერ ხერხდებოდა რადგან შემოსავლების სამსახურისთვის იყო არასამუშაო დღე, ზედნადები არ იძებნებოდა და შეტყობინების №---- შემოწმებაზე წვდომა არ ჰქონდათ. ამ მიზეზის გამო დაულუქეს მის საკუთრებაში მოქონე ავტოსატრანსპორტო საშუალბა სანომრე ნიშნით ----- და გადაიყვანეს ------ში საჯარიმო სადგომზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.11.2023 წლის №27149 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივნის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ გამოვლინდა 1 360 ლარის საბაზრო ღირებულების ხეტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც მომჩივანს აღნიშნული ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №27149 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(4); 286(12);