ბრძანება N 1242
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1242
30.01.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(იურ. მის.: ----------;
ფაქტ. მის.: ----------)
2022 წლის 30 დეკემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 30 დეკემბრის №238994/21-11 და №305181 (რეგ. №239427/21-14) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №006-668 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ივლისის №18052 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33308 ბრძანება და ამავე თარიღის №006-668 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 94 230 ლარი, მათ შორის, გადასახადი 44 243 ლარი, ჯარიმა 44 243 ლარი, საურავი 5 744 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
•გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა საცხოვრებელი მაღალსართულიანი სახლების (კორპუსების) მშენებლობა მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. შესამოწმებელ პერიოდში მშენებლობა მიმდინარეობდა „----------“ მდებარე მიწაზე (ს/კ ----------), რომელიც დაიწყო 2020 წლის ოქტომბერში და შენდება 10 სართულიანი კორპუსი.
გარდა ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავლისა, გადამხდელს უფიქსირდება კომერციული ფართების გაქირავებაც. კერძოდ, მის მიერ 2018 წელს დასრულებულ კორპუსში მდებარე ----------, მის საკუთრებაშია 3 საცხოვრებელი ბინა, 3 კომერციული ფართი და 4 ავტოსადგომი, რომელსაც ასევე იყენებს საოფისე და კომერციულ ფართებად. შემოწმების ეტაპზე განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების, ასევე, ბუღალტრული პროგრამის და საბანკო ამონაწერების ანალიზი. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ გადამხდელს მიღებული ავანსები არ აქვს სრულად დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით. ასევე, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ გადამხდელს სხვადასხვა იურიდიული პირებისგან მიღებული აქვს ავანსის ანგარიშ-ფაქტურები რომელიც ჩათვლილი აქვს შესაბამის პერიოდში თუმცა ამავე ოპერაციის ფარგლებში მიღებული მიწოდების ანგარიშ-ფაქტურით არ აქვს განაშთული შესაბამისი ავანსის ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისად, დუბლირებულად (ორმაგად) აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა.
შედეგად, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
• გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 1 570 625 ლარის ხელფასის სახით განაცემები. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაციის, კერძოდ, წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის და საბანკო ამონაწერების ანალიზით დადგინდა, რომ 01.01.2019 - 01.05.2022 წლების საანგარიშო პერიოდში გაცემული ხელფასი და ფიზიკურ პირზე გაცემული მომსახურების თანხები, რომელიც წარმოადგენდა გადახდის წყაროსთან დასაკავებელ განაცემს, აღემატება დეკლარირებულს და შეადგინა 1 681 475 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დაკორექტირდა (გაიზარდა) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა საცხოვრებელი მაღალსართულიანი სახლების (კორპუსების) მშენებლობა მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. შესამოწმებელ პერიოდში მშენებლობა მიმდინარეობდა რომელიც დაიწყო 2020 წლის ოქტომბერში და შენდება 10 სართულიანი კორპუსი.
გარდა ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავლისა, გადამხდელს უფიქსირდება კომერციული ფართების გაქირავებაც. კერძოდ, მის მიერ 2018 წელს დასრულებულ კორპუსში, მის საკუთრებაშია 3 საცხოვრებელი ბინა, 3 კომერციული ფართი და 4 ავტოსადგომი, რომელსაც ასევე იყენებს საოფისე და კომერციულ ფართებად. შემოწმების ეტაპზე განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების, ასევე, ბუღალტრული პროგრამის და საბანკო ამონაწერების ანალიზი. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ გადამხდელს მიღებული ავანსები არ აქვს სრულად დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით. ასევე, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ გადამხდელს სხვადასხვა იურიდიული პირებისგან მიღებული აქვს ავანსის ანგარიშ-ფაქტურები რომელიც ჩათვლილი აქვს შესაბამის პერიოდში თუმცა ამავე ოპერაციის ფარგლებში მიღებული მიწოდების ანგარიშ-ფაქტურით არ აქვს განაშთული შესაბამისი ავანსის ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისად, დუბლირებულად (ორმაგად) აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 1 570 625 ლარის ხელფასის სახით განაცემები. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაციის, კერძოდ, წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის და საბანკო ამონაწერების ანალიზით დადგინდა, რომ 01.01.2019 - 01.05.2022 წლების საანგარიშო პერიოდში გაცემული ხელფასი და ფიზიკურ პირზე გაცემული მომსახურების თანხები, რომელიც წარმოადგენდა გადახდის წყაროსთან დასაკავებელ განაცემს, აღემატება დეკლარირებულს და შეადგინა 1 681 475 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დაკორექტირდა (გაიზარდა) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1„ა“); 154(1„ა“); 159; 176; 178; 275.
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)