გადაწყვეტილება №26477/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.03.2026
№ დოკუმენტი 26477/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№26477/2/2026

04 მარტი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (პ/ნ -------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 19.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26477/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 11.12.2025 წლის №------- გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 13.01.2026 წლის №193 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს 6.11.2025 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება (გადასახადი 7 404,14 ლარი, ჯარიმა 19 623 ლარი, საურავი 26,28 ლარი). 7.11.2025 წელს მომჩივანმა ID:------- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა საგადასახადო შეთანხმების გაფორმება.

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 11.12.2025 წლის ID:------- გადაწყვეტილებით, მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ მიზეზით, რომ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შემოსავლების სამსახურის მიერ მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

ვალის მართვის დეპარტამენტის 11.12.2025 წლის №------- გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.01.2026 წლის №193 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, 292-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 293-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 293-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანმა 6.11.2025 წელს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების შემცირების (ჯარიმები, საურავები) თაობაზე და ითხოვა 7 404,14 ლარის (ძირის თანხის) გადახდა, შეთანხმების გაფორმებიდან 3 დღეში (ამის თაობაზე რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ ყოველთვის უარი მისდიოდა), ამჯერადაც უარი მიიღო. შემდეგ მიმართა ფინანსთა სამინისტროს და საჩივარი გადააგზავნეს შემოსავლების სამსახურის ვალების მართვის დეპარტამენტში. 13.01.2026 წლის შემოსავლების სამსახურის ვალების მართვის დეპარტამენტმა ისევ არ დაკმაყოფილა, ისევ იმ მიზეზით. როგორც პენსიონერს, ქვრივს და სოციალურად დაუცველს არ აქვს იმდენი შემოსავალი, რომ დარიცხული თანხები დაფაროს. ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა მიწის ნაკვეთის გაყიდვის თაობაზე. ნუთუ არ შეიძლება რომ გამოიჩინონ კეთილი ნება და მისცენ საშულება დაფაროს ძირის დავალიანება და გასაყიდად არ გაიტანონ მიწის ნაკვეთი. არ შეიძლება ასეთი მიდგომა, გაჭირვებული პენსიონერი მოქალაქე გაიმეტო და დატოვო იმ მცირე ქონების გარეშე რითაც თავს ირჩენს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით.

საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია: ა) უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე; ბ) განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.

საბჭო მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებას, რომლის გამოყენებაც განსახილველ შემთხვევაში, მომჩივნის განცხადებით შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს 6.11.2025 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. 7.11.2025 წელს მომჩივანმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა საგადასახადო შეთანხმების გაფორმება.

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ მიზეზით, რომ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შემოსავლების სამსახურის მიერ მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

ვალის მართვის დეპარტამენტის გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.01.2026 წლის №193 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 293