ბრძანება N 10583
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10583
11.05.2023
სს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 24 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 აპრილის (ოქმი №46) სხდომაზე განიხილა სს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 24 იანვრის №78447/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №081-328 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ქონების საბაზრო ფასს. შემოწმებით გადამხდელის ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრულ იქნა სს „---ის“ მიერ ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე 2021 წლის 8 აპრილის იჯარის ხელშეკრულებაში მითითებული ქონების გამოსყიდვის ფასით (2500 დოლარი, დღგ-ს გარეშე, 1მ2 -ზე). მომჩივანი აცხადებს, რომ აღნიშნულ გამოსყიდვის თანხას უნდა დაკლებოდა, გამოსყიდვის თარიღამდე, მოიჯარის მიერ გადახდილი იჯარის თანხა და საბოლოოდ, გამოსყიდვის ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო 2 104 აშშ დოლარით. მომჩივანს მიაჩნია, რომ შემმოწმებლის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 აპრილის №8828 და 2022 წლის 17 ივნისის № 15479 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა სს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 3 დეკემბრიდან 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33238 ბრძანება და ამავე თარიღის №081-328 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა 71 019 ლარით.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
სს ,,---ის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა. 2021 წელს გადამხდელის კაპიტალში სს ,,---ს“ შეტანილი აქვს უძრავი ქონება (---), 30 აპარტამენტი და კომერციული ფართი 1550.30 კვ.მ. აღნიშნული კომერციული ფართი სს ,,---ის“ ბუღალტრულ ბალანსზე აღრიცხულია თვითღირებულებით 746 778.48 ლარად, ქონების გადასახადის დეკლარაციაც წარდგენილია შესაბამის თანხაზე.
2021 წლის 8 აპრილის იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული ქონების, მოიჯარის მიერ გამოსყიდვის ფასი შეადგენს 2500 ამერიკულ დოლარს, დღგ-ის გარეშე, 1 კვ.მ-ზე, რომელიც შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის. შედეგად, ქონების საბაზრო ფასსა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობით გაიზარდა 2021 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის შესაბამისად, პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
ამასთან ის ქონებები, რომლებზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მითითებულია ,,აპარტამენტი“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლდა ქონების გადასახადისგან. გადამხდელს აღნიშნულ აპარტამენტებზე გადახდილი ჰქონდა ქონების გადასახადი, რომელიც შემოწმების შედეგად შეუმცირდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.
აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად:
1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში - წესი).
2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადას ახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზ რო ფასით.
3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში (2021 წელს) გადამხდელის კაპიტალში სს ,,---ს“ შეტანილი აქვს უძრავი ქონება (---), 30 აპარტამენტი და კომერციული ფართი 1550.30 კვ/მ. აღნიშნული კომერციული ფართი სს ,,---ის“ ბუღალტრულ ბალანსზე აღრიცხულია თვითღირებულებით 746 778.48 ლარად და ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილია შესაბამის თანხაზე.
გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2021 წლის 8 აპრილს სს „----ის“ მიერ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მიხედვით ქონების (აპარტამენტების და კომერციული ფართის) მოიჯარის მიერ გამოსყიდვის შემთხვევაში 1მ2 -ის ფასი შეადგენს 2500 ამერიკულ დოლარს, დღგ-ის გარეშე. აღნიშნული გამოსყიდვის ფასი, რომელიც მომჩივნის მიერ იყო ფიქსირებული იჯარის ხელშეკრულებაში, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის. შედეგად ქონების საბაზრო ფასსა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობით გაიზარდა 2021 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ამასთან, ქონების ნაწილზე (აპარტამენტები) გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით დადგენილი შეღავათი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები ქონების გადასახადში განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ქონების საბაზრო ფასს.
ფაქტობრივი გარემოებები
ქონების საბაზრო ფასსა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობით გაიზარდა 2021 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის შესაბამისად, პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
გადაწყვეტილება
შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
302 (2, 6); 304 ; 201; 202; 205