გადაწყვეტილება №19438/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.05.2023
№ დოკუმენტი 19438/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19438/2/2023

25.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 18.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19438/2/2023).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 9.12.2022 წლის №18033/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების

შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მარტის №006-89 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 68 070 ლარი.

მათ შორის:

ქონების გადასახადი - 39 784

ჯარიმა - 15 094

საურავი - 13 192

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 მარტს №5352 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ანალიზით გამოვლინდა, რომ საწარმოს საკუთრებაში უფიქსირდება: -----------სარდაფი 144.53 კვ.მ (ს/კ -----------); ქ. --------- (ნაკ.1-----) სხვენი 356.87 კვ.მ (ს/კ -----------) და ქ. ------------ (ს/კ -----------): კერძოდ, პირველი სართულის საერთო ფართობი შეადგენს 370.93 კვ.მ-ს, მე-2 სართულის საერთო ფართობი შეადგენს 376.14 კვ.მ-ს, ხოლო მე-3 სართულის საერთო ფართობი - 368.38 კვ.მ-ს. გადასახადის გადამხდელს 2019-2020 წლების შესაბამისი პერიოდის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციებში არ აქვს ასახული დასაბეგრი ქონება, ხოლო 2021 წელს დეკლარირებული აქვს ქ. ---------არსებული ქონება (ს/კ ------------), რომლის საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგად, კომპანიის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე, შესაბამისი ტერიტორიული ერთეულისთვის დადგენილი განაკვეთის მიხედვით, შესაბამისი საბაზრო ღირებულებიდან, განისაზღვრა ქონების გადასახადი და შესაბამის საანგარიშო პერიოდებში მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივნისის №15751 ბრძანება და №006-228 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 135 726 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 20 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 28 სექტემბრის №24861 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 19.10.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 9.12.2022 წლის №18033/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2023 წლის დასკვნა, 10.03.2023 წლის №4558 ბრძანება და №006-89 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 50 017 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 68 070 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია ეკუთვნოდა დირექტორის მეუღლეს, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა და მემკვიდრეობით ერგო საწარმო და მისი დირექტორობა. ის არის ექიმი-ონკოლოგი და პირნათლად ასრულებს თავის უფლება/მოვალეობებს, ზრდის 4 შვილს და არის კანონმორჩილი მოქალაქე და გადასახადის გადამხდელი. თუმცა, ვინაიდან არ ერკვევა არც ბუღალტერიაში და არც ფინანსურ საკითხებში, ენდო ახლობელს, რომელსაც მიანდო საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა. მას წარუდგენია ცარიელი, ნულოვანი დეკლარაციები, რის შემდეგაც საგადასახადო შემოწმების აქტით დაერიცხა მიწის გადასახადი და სანქციები. იმის მაგივრად რომ დაშვებული შეცდომა გამოესწორებინათ და უკვე სწორად, დაზუსტებული ციფრებით წარედგინათ ქონების გადასახადი (გარდა მიწისა), კვლავ ცარიელი დარჩა 2019 და 2020 წელზე ქონების გადასახადი, ხოლო 2021 წელს ქონების ღირებულება დაფიქსირებულია 70 000 ლარი, რასაც ბუნებრივია არ ეთანხმება. თუმცა, არც აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ქონების ღირებულება შეესაბამებოდა რეალობას და გასაჩივრების შემდეგ მოხდა გადასახადის გაანგარიშება. საგადასახადო საკითხებში გაურკვევლობის გამო აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში.

2023 წლის 1 აპრილს წარდგენილი იქნა ქონების გადასახადის დეკლარაცია სრული მონაცემებით ქონების გადასახადსა და მიწის გადასახადზე და ასვე ვადაში გადახდილია შესაბამისი გადასახადიც.

მიუხედავად იმისა, რომ მოხდა გადასახადის გადაანგარიშება, ითხოვს სანქციების მოხსნას, რადგან საწარმოსთვის, რომელსაც არანაირი ეკონომიკური საქმიანობა არ გააჩნია, არ იღებს არანაირ შემოსავალს, აღნიშნული სანქციები კოლოსალურია და სრულად დირექტორის მიერ არის გადასახდელი, პირადი შემოსავლებიდან. გადასახდელია საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები და 15.06.2023 წლის საავანსო გადასახდელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან, რის შემდეგაც გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის ბოლომდე გადახდილი იქნება გადასახადის ძირითადი თანხა. ესმის რომ ამის შემდეგ სანქცია-საურავებზე აღარ მოხდება დამატებითი სანქციების დარიცხვა, მაგრამ უნდა გასწორდეს დავალიანება და ყველა ვალდებულება შესრულებული იყოს ბიუჯეტის წინაშე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დავების განხილვის საბჭოს 9.12.2022 წლის №18033/2/2022 გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია შპს „---------- “ შეფასების დასკვნა, რომელსაც აფასებს სერტიფიცირებული ექსპერტი. წარმოდგენილ შეფასებებში აღწერილია შეფასების დღეს არსებული მდგომარეობა, წარმოდგენილია სურათები და შესაბამისად მითითებულია არსებული საბაზრო ფასები. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი 33 345 ლარით და ჯარიმა - 16 672 ლარით.

მომჩივანი არ უთითებს თუ რა ნაწილში არ განხორციელდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება და ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 9 დეკემბრის №18033/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“

ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დავების განხილვის საბჭოს 9.12.2022 წლის №18033/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დავების განხილვის საბჭოს 9.12.2022 წლის №18033/2/2022 გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).

მომჩივანი არ უთითებს თუ რა ნაწილში არ განხორციელდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება და ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

304(1გ)