გადაწყვეტილება №20894/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20894/2/2023
15 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ---(ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 24.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20894/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 7.07.2023 წლის №16509 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №007-94 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №22934 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 227 081 ლარი.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.05.2023 წლის №CB1468981 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენისთვის, მომჩივანი დაჯარიმდა 227 081 ლარით. აღნიშნული ოქმი 2023 წლის 12 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 7.07.2023 წლის №16509 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი: - გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები;
- მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის არგუმენტაცია და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 7.07.2023 წლის №16509 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №19094 ბრძანება და 4.08.2023 წლის №007- 94 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დაკისრებული ჯარიმა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 31 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 18 სექტემბრის №22934 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებსა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივლისის №16509 ბრძანების აღსრულების მიზნით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის 2023 წლის 14 ივლისის №120819/21-12 განცხადებით წარდგენილი ერთ ცალ CD დისკზე ჩაწერილი შემდეგი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია: დანაკლისის გაანგარიშების ცხრილი pdf და excel ვარიანტი.
აღნიშნულ ცხრილში მოცემულია კონკრეტული დასახელებების რაოდენობრივი გაანგარიშება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას და რეალიზაციას/ჩამოწერას ახორციელებს არა რაოდენობრივად არამედ თანხობრივად, რაც 2023 წლის 12 ივნისის და 21 ივნისის №81592/1/2023 და №81835/1/2023 საჩივრებშიც აღნიშნა (საჩივრებში მიუთითებს, რომ არ არსებობს ბუღალტრული ჩანაწერები, რის გამოც ვერ მოხდებოდა ფაქტობრივად აღწერილი სმფების ბუღალტრულ ჩანაწერებთან რაოდენობრივი შედარება), გაუგებარია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დანაკლისის გაანგარიშების ცხრილებში შეტანილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო რაოდენობების განსაზღვრა რა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მოხდა, რადგან ცხრილში მოცემული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ფასები სრულიად შეუსაბამო და მკვეთრად შემცირებულია ფაქტობრივი აღწერის დროს დაფიქსირებული ფასებისაგან.
ამასთანავე, ცხრილში მოცემული საქონლის რაოდენობები და გარკვეული დასახელებები არ არის შესაბამისი ფაქტობრივი აღწერის დროს დათვლილ რაოდენობებთან და დასახელებებთან. აგრეთვე, გაუგებარია, რომელი კონკრეტული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე განისაზღვრა ცხრილში მოცემული თვითღირებულებები.
გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტებად წარდგენილ იქნა 2018 წლის 30 ივლისს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტი და 2022 წლის 11 ივლისის ინვენტარიზაციის მასალები. აღნიშნული დოკუმენტაცია არ იძლევა საგადასახადო სამართალდარღვევის №CB1468981 ოქმით განსაზღვრული ჯარიმის კორექტირების (შემცირების) საფუძველს, რადგან საინვენტარიზაციო კომისიამ შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრა 2022 წლის 11 ივლისიდან 2023 წლის 15 მარტამდე პერიოდი და საწყისი ნაშთის განსაზღვრის დროს იხელმძღვანელა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ივლისის №17969 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის პირვანდელი ღირებულებით. საინვენტარიზაციო კომისიამ იხელმძღვანელა 2022 წლის 11 ივლისიდან 2023 წლის 15 მარტამდე პერიოდში განხორციელებული რეალიზაციებით და ფასნამატის გაანგარიშება მოახდინა გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდში (უმეტესწილად 2022 წელს) განხორციელებული იმპორტის დეკლარაციების მიხედვით გაანგარიშებული თვითღირებულებით კონკრეტული საქონლის მიხედვით, ხოლო სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა 2023 წლის 15 მარტს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის, სადავო ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფასების ფიქსაციის და შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციის შესაბამისად, რაც მსგავს დასახელებებზე მკვეთრად აღემატება 2022 წლის 11 ივლისის ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასებს.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი კიდევ ერთი დოკუმენტაცია არის 2022 წელს მიღებული საბაჟო დეკლარაციები (2022 წლის 20 ივლისის A102037; 2022 წლის 2 ნოემბრის A13672; 2022 წლის 30 ნოემბრის A23041), რომლებიც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ისედაც იყო გამოყენებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრის დროს და აღნიშნული დეკლარაციების დამატებით განხილვის შედეგად არ გამოვლინდა რომელიმე საქონლის დასახელებისთვის თვითღირებულების ცვლილების საფუძველი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივლისის №16509 ბრძანების აღსრულების მიზნით, 2023 წლის 28 ივლისს განახორციელა კომუნიკაცია (კომუნიკაცია განხორციელდა ელ. ფოსტით და სატელეფონო საუბრით) გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ---სთან წარდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტაციის ერთობლივად შესწავლის მიზნით (---ს მიეცა შეთავაზება გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კიდევ ერთხელ მისი მონაწილეობით შესწავლის მიზნით 2023 წლის 31 ივლისს 12 საათზე მიბრძანებულიყო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მისამართზე: ქ. ---), თუმცა ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაციით/არგუმენტაციით არ გამოვლინდა №CB1468981 ოქმით განსაზღვრული ჯარიმის კორექტირების (შემცირების) სათანადო საფუძველი, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საჭიროდ არ მიიჩნია დამატებითი კომუნიკაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივლისის №16509 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 7.07.2023 წლის №16509 ბრძანებით დადგენილ ვადაში მომჩივანმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინა საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დამადასტურებელი გაანგარიშებები და მტკიცებულებები. წარდგენილ განცხადებაში მომჩივანმა მიუთითა შემდეგი: „შემოსავლების სამსახურის 7.07.2023 წლის №16509 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში გადასახადის გადამხდელისთვის მიცემული წინადადების შესაბამისად, წარმოგიდგენთ დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს (წინა ინვენტარიზაციის მასალებს) და პირველად საგადასახადო დოკუმენტებს (ინვოისებს და სხვა საბაჟო დოკუმენტაციას), ასევე წინა და მოცემული ინვენტარიზაციისა და ინვენტარიზაციებს შორის განხორციელებული იმპორტების ამსახველი მასალების საფუძველზე ჩატარებული დანაკლისის გაანგარიშების ცხრილებს კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი სახით“.
მასალების წარდგენის შემდეგ მომჩივნის წარმომადგენელს დაუკავშირდა შემმოწმებელი და აცნობა, რომ არ ეთანხმებოდა საჩივარში მითითებულ არგუმენტაციასა და შესაბამის გაანგარიშებას ინვენტარიზაციებს შორის პერიოდში წინა ინვენტარიზაციით დადგენილი თვითღირებულების გათვალისწინებით საქონლის სახეობების მიხედვით დანაკლისის განსაზღვრას და რომ უცვლელი დარჩებოდა დანაკლისის გაანგარიშება, რომლის მიხედვით დანაკლისი განსაზღვრულ იქნა ფასნამატით, რომელიც გამოანგარიშებულ იქნა „უახლოესი“ შეძენის (მათ შორის, წინა ინვენტარიზაციამდე პერიოდის) თვითღირებულების გათვალისწინებით.
მოცემული პოზიციის გასაცნობად მომჩივნის წარმომადგენელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიწვეულ იქნა შეხვედრაზე, რაზეც ასევე ელექტრონული ფოსტით შემმოწმებელს ეცნობა შემდეგი: „გიდასტურებთ ელექტრონული ფოსტის მიღებას. თუმცა, იმასთან დაკავშირებით, რომ სატელეფონო საუბარში თქვენ მაცნობეთ, რომ თქვენს მიერ გათვალისწინებული ვერ იქნებოდა ჩვენი მოთხოვნა, კერძოდ, წინა ინვენტარიზაციის ნაშთებისა და თვითღირებულებების გათვალისწინებით საქონლის სახეობრივი მიღება-რეალიზაციის მოცულობების მიხედვით „რეალიზებული დანაკლისის“ გაანგარიშება, რაზეც წარმოვადგინეთ კიდეც გაანგარიშების ჩვენი ვარიანტი, შესაბამისად, თქვენი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ჩვენი შეხვედრა იქნება მხოლოდ ფორმალური, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ გადაწყვეტილება მიიღოთ ჩვენი მონაწილეობის გარეშე (ჩვენს მონაწილეობას მხოლოდ მაშინ ექნებოდა აზრი, თუ საჭირო იქნებოდა განმარტებები ჩვენს მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებასთან დაკავშირებით)“.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №19094 ბრძანების თანახმად, „როგორც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს 2023 წლის 2 აგვისტოს №76653-21-12 მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივლისის №16509 ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/არგუმენტაციის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით/არგუმენტაციით არ გამოვლინდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მაისს შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის №CB1468981 ოქმით განსაზღვრული ჯარიმის კორექტირების (შემცირების) საფუძველი“. ამრიგად, საგადასახადო ორგანოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის დანაკლისისა და ჯარიმის კორექტირებაზე უარის თქმის რეალური მიზეზი, რომელსაც სინამდვილეში (მათ შორის, შემმოწმებლის შეტყობინების მიხედვით) წარმოადგენს ის, რომ შემმოწმებელი არ ეთანხმება არგუმენტაციას/პოზიციას, რომ დანაკლისი უნდა გაანგარიშდეს წინა და ამ ინვენტარიზაციებს შორის საქონლის მოძრაობის ანალიზის საფუძველზე წინა ინვენტარიზაციით დადგენილი თვითღირებულებებისა და წინა ინვენტარიზაციის შემდეგ იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებების გათვალისწინებით საქონლის სახეობების მიხედვით. თუმცა, შემოსავლების სამსახურში საგადასახადო დავის განხილვისას მომჩივანი სწორედ ამ არგუმენტაციაზე/პოზიციაზე მიუთითებდა და შემოსავლების სამსახურმა სწორედ ამ არგუმენტაციისა და შესაბამისი მტკიცების გამო დაავალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ამ არგუმენტაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების შესწავლა.
თუმცა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები კი არ შეისწავლა და მის არგუმენტაციაზე დასაბუთებული კონტრარგუმენტები კი არ წამოაყენა, არამედ მხოლოდ ფორმალურად და ზოგადად მიუთითა, რომ „განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/არგუმენტაციის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით/არგუმენტაციით არ გამოვლინდა ჯარიმის კორექტირების (შემცირების) საფუძველი“.
შესაბამისად, არანაირი მითითება იმაზე, რა იყო არასწორი მომჩივნის არგუმენტაციაში და მომჩივნის მიერ წარდგენილ გაანგარიშებაში, ასევე არანაირი შემოსავლების სამსახურში მითითებულისგან განსხვავებული არგუმენტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანმა შემოსავლების სამსახურში 31.08.2023 წელს შეტანილი საჩივრით მოითხოვა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №19094 ბრძანებისა და 4.08.2023 წლის №007-94 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება და ამავე დეპარტამენტისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადასახადის გადამხდელის განხილულ საჩივარში მითითებული არგუმენტაციისა და გაანგარიშების პრინციპების გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22934 ბრძანებით მომჩივნის 31.08.2023 წლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციით დასტურდება, რომ დეპარტამენტი მიუღებლად მიიჩნევდა ინვენტარიზაციებს შორის პერიოდში წინა ინვენტარიზაციით დადგენილი თვითღირებულების გათვალისწინებით საქონლის სახეობების მიხედვით დანაკლისის განსაზღვრას და მიიჩნევდა, რომ დანაკლისი სწორად განსაზღვრულ იქნა ფასნამატით, რომელიც გამოანგარიშებულ იქნა „უახლოესი“ შეძენის (მათ შორის, წინა ინვენტარიზაციამდე პერიოდის) თვითღირებულების გათვალისწინებით.
კერძოდ, ბრძანებაში გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, მომჩივნის მიერ წარდგენილ ცხრილში „გაუგებარია, რომელი კონკრეტული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე განისაზღვრა ცხრილში მოცემული თვითღირებულებები“, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპარტამენტის მიდგომით თვითღირებულება არ უნდა განსაზღვრულიყო წინა ინვენტარიზაციის მონაცემებით. ბრძანების თანახმად, დეპარტამენტმა „ფასნამატის გაანგარიშება მოახდინა გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდში (უმეტესწილად 2022 წელს) განხორციელებული იმპორტის დეკლარაციების მიხედვით გაანგარიშებული თვითღირებულებით“, რაც ისევ იმაზე მიუთითებს, რომ დეპარტამენტის მიდგომით თვითღირებულება არ უნდა განსაზღვრულიყო წინა ინვენტარიზაციის მონაცემებით.
ამრიგად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა გაითვალისწინა წინა ინვენტარიზაციით დადგენილი სმფ-ების საერთო ღირებულება, მაგრამ არ გაითვალისწინა წინა ინვენტარიზაციით განსაზღვრული თვითღირებულებები, რაც ერთი მხრივ წინააღმდეგობრივია, ხოლო მეორე მხრივ არ არის კანონთან შესაბამისობაში.
შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მოცემული მიდგომა თავდაპირველად არ გაიზიარა, ხოლო შემდეგ გაიზიარა, რაც ასევე არ არის კანონთან შესაბამისობაში. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ გაანგარიშებაში შეცდომებთან დაკავშირებით კი აღსანიშნავია, რომ ერთი მხრივ შემოსავლების სამსახურის აღსასრულებელი გადაწყვეტილებით მომჩივანს საერთოდ არ დავალებია გაანგარიშების წარდგენა, ხოლო მეორე მხრივ წინა ინვენტარიზაციით დადგენილი თვითღირებულებების გაზიარების შემთხვევაში გადახრები არ იარსებებდა ან ადვილად გამოსწორდებოდა (მათ შორის, თვით შემმოწმებლის ან მომჩივნის მიერ). მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22934 ბრძანება და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №19094 ბრძანება და 4.08.2023 წლის №007- 94 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და ამავე დეპარტამენტს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის (წინა ინვენტარიზაციით დადგენილი თვითღირებულების მიხედვით დანაკლისის სახეობრივად გამოანგარიშება) გათვალისწინებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: შემოსავლების სამსახურის 7.07.2023 წლის №16509 ბრძანებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები;
- მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის არგუმენტაცია და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივლისის №16509 ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/არგუმენტაციის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით/არგუმენტაციით არ გამოვლინდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მაისის №CB1468981 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის კორექტირების საფუძველი.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა გაითვალისწინა წინა ინვენტარიზაციით დადგენილი სმფ-ების საერთო ღირებულება, მაგრამ არ გაითვალისწინა წინა ინვენტარიზაციით განსაზღვრული თვითღირებულებები, რაც ერთი მხრივ წინააღმდეგობრივია, ხოლო მეორე მხრივ არ არის კანონთან შესაბამისობაში.
მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი წევრების მონაწილეობით, ინვენტარიზაციის პროცედურის ჩატარებისას იხელმძღვანელა მხოლოდ სადაო ინვენტარიზაციის დროს აღწერილი სმფ-ის დასახელებებით, რაოდენობებით და საბაზრო ღირებულებებით, აგრეთვე 2023 წლის 15 მარტს (ინვენტარიზაციის დაწყების თარიღი) ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის შედეგებით (მათ შორის, ფასების ფიქსაციით), საანგარიშო პერიოდში (2022 წლის 11 ივლისიდან 2023 წლის 15 მარტამდე) დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციებით და საქონლის თვითღირებულების განსაზღვრისას 2023 წლის 15 მარტამდე (როგორც საანგარიშო, ისე საანგარიშოს წინა პერიოდი) პერიოდში განხორციელებული საბაჟო ოპერაციებით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 7.07.2023 წლის №16509 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 7.07.2023 წლის №16509 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №19094 ბრძანება და 4.08.2023 წლის №007- 94 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დაკისრებული ჯარიმა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 31 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 18 სექტემბრის №22934 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 ( 1,გ ).