გადაწყვეტილება №17529/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17529/2/2022
1.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------------------------“ (ს/ნ ---------------------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 1.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------------- 16.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17529/2/2022).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 11.04.2022 წლის №CB1301469 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 26.07.2022 წლის №19785 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა 500 ლარი
ფაქტების აღწერა
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 11.04.2022 წლის №CB1301469 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.07.2022 წლის №19785 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 30.08.2022 წლის №88037-21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 26.07.2022 წლის №19785 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად გაეცნო 26.07.2022 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 26.07.2022 წლის №19785 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 15.08.2022 წელი. ხოლო, საჩივარი (№149058/01) დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 16.08.2022 წელს.
საჩივარი წარმოდგენილია --------- LLC-ს მეშვეობით, კონვერტზე არ არის დაფიქსირებული საფოსტო დაწესებულების ბეჭედი ან/და თარიღი. კონვერტზე მითითებულია გამგზავნი შპს ------------- (ს/ნ --------------) და მიღები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო. ამასთან, საჩივარს ერთვის საფოსტო დაწესებულების 16.08.2022 წლის ქვითარი (ტრეკინგის ნომერი -----------; საიდან: სპს ---------------, სად: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო).
ამასთან, მომჩივანმა სატელეფონო კომუნიკაციის დროს განმარტა, რომ საჩივარი გამოგზავნილი აქვს 16.08.2022 წლამდე, რის თაობაზეც წარმოადგენს მტკიცებულებებს. თუმცა, მომჩივნის მხრიდან დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 26.07.2022 წლის №19785 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.