გადაწყვეტილება №27267/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27267/2/2026
10 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ----- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 22.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 30.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27267/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 ოქტომბრის დეკემბრის N 22280 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 02.02.2026 წლის N 001-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 01.04.2026 წლის N 7354 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 73 978,87 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 38 503.98 ლარი;
ჯარიმა - 14 799,58 ლარი;
საურავი - 20 675,31 ლარი;.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვარიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 13 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2022 წლის 20 მაისს. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ინფორმაციის დამუშავების შედეგად დამატებით გამოვლენილ შემოსავალზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის საფუძველზე, ჩათვლებში გათვალისწინებულია დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის შემდგომ საწარმოს მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2025 წლის N 13093 ბრძანება და N 001-102 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.10.2025 წლის N 22280 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დამატებით შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 17.10.2025 წლის N 22280 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 29.01.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 7 178 ლარი, მათ შორის გადასახადი 7 133 ლარი და ჯარიმა 45 ლარი, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 02.02.2026 წლის N 1963 ბრძანება და N 001-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
მომჩივანი დამატებით ითხოვდა 1 895 ლარის ოდენობის ჩათვლის მიღებას, ასევე მიიჩნევდა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე დღგ-ის თანხის შემცირებას უნდა გამოეწვია ჯარიმა - საურავის შემცირება, თუმცა კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში საურავის ნაწილში თანხა იყო გაზრდილი. შესაბამისად ითხოვდა სანქციების კორექტირებასაც.
შემოსავლების სამსახურის 01.04.2026 წლის N 7354 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა და შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული გადასახადი და ასევე, სანქციის ოდენობა.
ამასთან, მომჩივნის არგუმენტაციასთან, 1 895 ლარის დამატებით ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები სრულად.
ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც თავდაპირველად წარმოდგენილ საჩივარში არ იყო სადავო გარემოება და შესაბამისად, არ იყო დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
2026 წლის 2 თებერვალს სსიპ - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება N 1963, რომლის საფუძველზეც შპს ,,-----“ (ს/ნ -----), შეუმცირდა გადასახადი სულ რაღაც 7 178 ლარით. მათ შორის გადასახადი 7 133 ლარი, ჯარიმა 45 ლარი. ხოლო, ამავე ბრძანების საფუძველზე 2026 წლის 2 თებერვალს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა N 001-5, რომლითაც კომპანიას გადასახდელად დაერიცხა სულ 73 978,87 ლარი (საიდანაც დღგ 38 503,98; ჯარიმა 14 799,58; საურავი - 20 675,31). შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში, გასაჩივრებულ იქნა ზემოაღნიშნული ბრძანება და ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის N 001-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტმა სრულად არ განახორციელა დარიცხული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და მთელი დარიცხული თანხის მხოლოდ 7 178 ლარით შემცირება არის არასწორი.
მოთხოვნა იყო, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით და საჩივარზე თანდართული ანგარიშ - ფაქტურებზე დაყრდნობით, დამატებით ჩათვლასა ექვემდებარებოდა კიდევ 1895 ლარი. დღგ - ის შემცირება გამოიწვევდა ჯარიმა-საურავის შემცირებას და კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში გადასახდელად დარიცხული თანხაც შემცირდებოდა. საჩივარზე თანდართული იყო ყველა ის დოკუმენტაცია და მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დარიცხული თანხის შემცირების აუცილებლობას (როგორც დღგ-ის, ასევე ჯარიმისა და საურავის ნაწილებში.) საქმის წარმოების პროცესში, მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელი დამატებით მოხდეს მტკიცებულებების წარმოდგენა (რაც უკვე წარდგენილია შემოსავლების სამსახურში), რომლებიც დაადასტურებს, რომ კომპანიაზე გადასახდელად დარიცხული თანხა უნდა შემცირდეს უფრო მეტად, ვიდრე ეს 2026 წლის 2 თებერვლის აუდიტის დეპარტამენტის N 1963 ბრძანებით განხორციელდა.
მომჩივანი ითხოვს მის მიმართ გამოცემული აქტების გაუქმებას და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის 17.10.2025 წლის N 22280 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეესწავლა, როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 17.10.2025 წლის N 22280 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 29.01.2026 წელს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 7 178 ლარი, მათ შორის გადასახადი 7 133 ლარი და ჯარიმა 45 ლარი.
გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 17.10.2025 წლის N 22280 ბრძანება არ აღსრულებულა სრულად ვინაიდან არსებობდა დამატებით 1 895 ლარის ჩათვლის მიღების საფუძველი. ასევე გადაანგარიშების ეტაპზე დღგ-ის შემცირებას უნდა გამოეწვია ჯარიმა - საურავის შემცირება, თუმცა კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში საურავის ნაწილში თანხა იყო გაზრდილი. შესაბამისად ითხოვს სანქციების კორექტირებასაც.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ჩათვლაში სრულად იქნა გათვალისწინებული საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების საფუძველზე მისაღები ჩათვლები.
მომჩივანს არ აქვს მითითებული კონკრეტული ანგარიშ-ფაქტურა, რომლის გათვალისწინების შედეგად შეიძლება მოხდეს საგადასახადო შემოწმების შედეგების დამატებით გადაანგარიშება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 17.10.2025 წლის N 22280 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 ოქტომბრის დეკემბრის N 22280 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და სანქციები. საჩივრის საფუძველზე ვალდებულება ნაწილობრივ შეუმცირდა, თუმცა დამატებითი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. საბოლოოდ, შემოსავლების სამსახურმა საჩივარი არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც დავა გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 17.10.2025 წლის N 22280 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21); 275;.