ბრძანება N 16715

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.07.2023
№ დოკუმენტი 16715
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16715

11.07.2023

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(მის.: „-------“)

2023 წლის 13 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) 2023 წლის 13 ივნისის №100287/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის №10648 ბრძანებასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა შემოწმებით მოცულ პერიოდზე წარდგენილი დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე. აცხადებს, რომ 2020 წლის სექტემბრის თვეში ავანსად მიღებული და დაბეგრილი თანხა უკან დაუბრუნა მყიდველს, რაზეც მოგვიანებით 2021 წლის 14 ივნისს იქნა გამოწერილი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც ასახა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. გადამხდელი ითხოვს 2020 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას, გადასახდელი დღგ-ის თანხის შემცირების მიზნით.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 ივლისის №17522 ბრძანებით შპს "-------" -ის (ს/ნ "-------" ) 2022 წლის 10 მარტის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში,განახორციელოს გადამხდელის მიერ წარდგენილი დაზუსტებული დეკლარაციის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს."

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 ივლისის №17522 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 4 მაისის დასკვნა და 11 მაისის №10648 ბრძანება, რომლის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაცია გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას არ დაექვემდებარა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

საწარმოს მიერ 2021 წლის 7 დეკემბერს ელექტრონულად გადმოგზავნილ იქნა 2020 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაცია (№-------), რომელშიც გადამხდელს დღგ-ის ბრუნვის კორექტირებაზე დღგ-ის თანხა შემცირებული აქვს 23 400 ლარით, რომელიც 2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაშია დარიცხული.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს მიერ გამოწერილ იქნა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ავ--------, რომელიც მიმღებმა მხარემ შპს „N1“ (ს/ნ „-------“) 2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახა და ჩაითვალა დღგ 23 400 ლარი. აღნიშნული ოპერაცია გაუქმდა, რაზეც მოგვიანებით, 2021 წლის 14 ივნისს გადამხდელის მიერ გამოწერილ იქნა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა აკ --------, რომელიც მყიდველი მხარის მიერ არ დადასტურებულა და შესაბამისად, არც ჩათვლილი დღგ 23 400 ლარი არ შეუმცირებია. ამასთან, კორექტირების საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწერილია იგივე თანხაზე, რაც პირველად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში იყო მითითებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, შპს „-------“-ის მიერ 2021 წლის 7 დეკემბერს ელექტრონულად გადმოგზავნილი 2020 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაცია (№„-------“) გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად საწარმოს მიერ გამოწერილ იქნა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის საფუძველზეც მიმღებმა მხარემ 2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ჩაითვალა დღგ 23 400 ლარის ოდენობით, ხოლო მოგვიანებით, გადამხდელის მიერ გამოწერილ იქნა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მყიდველი მხარის მიერ არ დადასტურებულა და შესაბამისად, არც ჩათვლილი დღგ არ შემცირებულა. ამასთან, კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია იგივე თანხაზე, რაც პირველად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში იყო მითითებული.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა შემოწმებით მოცულ პერიოდზე წარდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

გადამხდელი ითხოვს 2020 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას, გადასახდელი დღგ-ის თანხის შემცირების მიზნით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს დღგ-ის ბრუნვის კორექტირებაზე დღგ-ის თანხა შემცირებული აქვს 23 400 ლარით, რომელიც 2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაშია დარიცხული.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს მიერ გამოწერილ იქნა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა,რომელიც მიმღებმა მხარემ დღგ-ის დეკლარაციაში ასახა და ჩაითვალა დღგ 23 400 ლარი. აღნიშნული ოპერაცია გაუქმდა, რაზეც მოგვიანებით, 2021 წლის 14 ივნისს გადამხდელის მიერ გამოწერილ იქნა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა აკ --------, რომელიც მყიდველი მხარის მიერ არ დადასტურებულა და შესაბამისად, არც ჩათვლილი დღგ 23 400 ლარი არ შეუმცირებია. ამასთან, კორექტირების საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწერილია იგივე თანხაზე, რაც პირველად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში იყო მითითებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, შპს-ის მიერ 2021 წლის 7 დეკემბერს ელექტრონულად გადმოგზავნილი 2020 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაცია (№„-------“) გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

69 (3) ,304(21)