გადაწყვეტილება №19848/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.08.2023
№ დოკუმენტი 19848/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19848/2/2023

09 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ,,---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 1.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19848/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 23.08.2021 წლის №27232 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.03.2023 წლის №007-46 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10708 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 126 810,65 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 50 163

დღგ - 15 217

მოგების გადასახადი - 3 592

საშემოსავლო გადასახადი - 31 354

ჯარიმა - 50 264

საურავი - 26 383,65

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.06.2021 წლის №007-219 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.08.2021 წლის №27232 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა აღნიშნულის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.08.2021 წლის №27232 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენს საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჩაშლას რეალიზებული საქონლის ჭრილში, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს არა იმ აღრიცხვის გაგრძელებას, რომლითაც იხელმძღვანელა აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო შემოწმების ეტაპზე საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრისას (ვლინდება სხვაობები რეალიზებულ საქონელთა შორის), არამედ არის საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ამსახველი დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელიც არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად უნდა იქნას აღრიცხული საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რითაც გარანტირებული იქნება კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც საცალო რეალიზაციის ნაწილში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგები დაექვემდებარება კორექტირებას, საგადასახადო შემოწმების შედეგები რჩება უცვლელი.

აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 10.03.2023 წლის №007-46 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10708 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული წარმოადგენდა საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ამსახველ დამოუკიდებელ დოკუმენტაციას და არა იმ აღრიცხვის გაგრძელებას, რომლითაც იხელმძღვანელა აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო შემოწმების ეტაპზე საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრისას (ვლინდება სხვაობები რეალიზებულ საქონელთა შორის), შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს.

რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული აღურიცხველი შემოსავლის საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვას და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციის მოხსნას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც 23.08.2021 წლის №27232 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების (23.08.2021 წლის №27232 ბრძანება) შესაბამისად საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ განისაზღვრა 15 კალენდარული დღე რათა აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენილი ყოფილიყო საჩივარში მითითებული არგუმენტაცია დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურმა დაავალა შეესწავლათ წარდგენილი მტკიცებულებები და აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული გადასახადების კორექტირება (შემცირება), რაც არ მომხდარა.

შემოსავლების სამსახურის 23.08.2021 წლის №27232 ბრძანების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენილ იქნა მოთხოვნილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ), რაზეც დასკვნაში შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ საცალო რეალიზაციის ნაწილში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგები დაექვემდებარებოდა კორექტირებას, შედეგად საგადასახადო შემოწმების შედეგები დატოვა უცვლელი, რაც არ შეესაბამება რეალობას.

სადავოა გარემოება, რომ ფაქტობრივად საცალო რეალიზაციები გაყიდულია ფასნამატით, რაც დასტურდება საცალოდ რეალიზებული ჩეკებით გაყიდული საქონლის (სახეობების მიხედვით) ფასნამატებით.

აუდიტორს მიეწოდა შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით დანართი გაყიდული საქონლის სახეობებისა, რაოდენობისა და ფასნამატების მიხედვით, ყოველ დღის ჭრილში, ასევე ცხრილში ასახულია რეალიზებული საქონლის შეძენის დოკუმენტის სერია და ნომერი.

აუდიტის დეპარტამენტმა დასკვნით არ შეამცირა დარიცხვა მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურს დავალებული ჰქონდა საკითხების ხელახალი შესწავლა, შედეგად შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა საჩივარი №27232 ბრძანების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით, რაზეც ყოველგვარ საფუძველს მოკლებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული და არ დაკმაყოფილდა გასაჩივრებული საკითხები, მიუხედავად არაერთჯერადი თხოვნისა, გადასახადის გადამხდელს არ მიეცა საშუალება დაეფიქსირებინა პოზიცია სადავო საკითხებთან დაკავშირებით, რაც ყოვლად მიუღებელია, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები ცვლის შემოწმების შედეგებს, შესაბამისად გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს აზრისა და პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა.

საცალო რეალიზაციაზე უნდა მოიხსნას უმაღლესი დოკუმენტური ფასნამატი, ვინაიდან საცალო რეალიზაციები ფასნამატით არის გაყიდული, რასაც ადასტურებს წარდგენილი ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული აღურიცხველი შემოსავალი განხილული უნდა იქნას საწარმოს დირექტორის ხელფასად და უნდა მოიხსნას არასწორად დარიცხული სანქცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჩივარი განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა (გადასახადის გადამხდელთან ჩართულობით), ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაცია მოიცავს უტყუარ დოკუმენტაციას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენს საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჩაშლას რეალიზებული საქონლის ჭრილში, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს არა იმ აღრიცხვის გაგრძელებას, რომლითაც იხელმძღვანელა აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო შემოწმების ეტაპზე საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრისას (ვლინდება სხვაობები რეალიზებულ საქონელთა შორის), არამედ არის საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ამსახველი დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელიც არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას. რამდენადაც საცალო რეალიზაციის ნაწილში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგები დაექვემდებარება კორექტირებას, საგადასახადო შემოწმების შედეგები დარჩა უცვლელი.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2023 წლის №61870-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოცემის შემდგომ, გადასახადის გადამხდელის მიერ შესასწავლად წარმოდგენილი იქნა დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენს საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჩაშლას რეალიზებული საქონლის ჭრილში, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს არა იმ აღრიცხვის გაგრძელებას, რომლითაც იხელმძღვანელა აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო შემოწმების ეტაპზე საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრისას (ვლინდება სხვაობები ბუღალტრული პროგრამის თანახად რეალიზებულ და დავების ეტაპზე წარმოდგენილი საცალო რეალიზაციის ცხრილის თანახმად რეალიზებულ საქონელთა შორის), არამედ არის საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ამსახველი დამოუკიდებელი დოკუმენტი, რამდენადაც იგი ცვლის რეალიზებული საქონლის სახეობებისა და თვითღირებულების შესახებ ინფორმაციას, შესაბამისად იგი განსახილველია როგორც დამოუკიდებელი დოკუმენტი და არ წარმოადგენს საგადასახადო შემოწმების ეტაპზე შესწავლილი ბუღალტრული აღრიცხვის გაგრძელებას, რისგან გამომდინარეც განხილული ვერ იქნება მასთან ურთიერთშედარებით.

დავების ეტაპზე წარმოდგენილი ცხრილი არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ სრულად უნდა იქნას აღრიცხული საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რითაც გარანტირებული იქნება კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

გადასახადის გადამხდელის მიერ შევსებულია საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი თითოეული საქონლის ჭრილში, თუმცა ინფორმაცია საქონლის თვითღირებულებასა და წარმოშობის დოკუმენტზე თავდაპირველად მითითებული არ ყოფილა, ხოლო შემდგომ განხორციელდა აღნიშნული ინფორმაციის მითითება, თუმცა არასწორად და არასრულყოფილად (რეალიზებულ საქონელზე წარმოშობის დოკუმენტი მითითებული იქნა ფორმულის გამოყენებით, შესაბამისად, რეალიზებული საქონლის რაოდენობა ყველა შემთხვევაში აჭარბებდა შესაბამისი დოკუმენტით შეძენილი საქონლის რაოდენობას, ხოლო თვითღირებულება იდენტურ საქონელზე იყო რეალიზაციის ყველა საანგარიშო პერიოდში ერთი და იგივე. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია - თვითღირებულებები და წარმოშობის დოკუმენტები, არ შეესაბამებოდა რეალობას. ამასთან, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას გადასახადის გადამხდელს არგუმენტად მოჰყავდა „სასაწყობე აღრიცხვის არსებობა“, შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, შემოწმებისთვის წარმოდგენილი ყოფილიყო მის ხელთ არსებული, აღრიცხვა (რაც გულისხმობს თითოეული რეალიზებული/ჩამოწერილი საქონლის ჭრილში გაშიფრულ შემოსავალს, ასევე, ამ საქონლის წარმოშობის დოკუმენტის შესახებ ინფორმაციას თვითღირებულებისა და ფასნამატის დასადგენად). საჩივრის განხილვისას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში ასახული საქონლის საწყისი/საბოლოო ნაშთებისა და შესყიდული/გაყიდული საქონლის შესახებ არსებული მონაცემები, არამედ საცალო რეალიზაციის საფუძვლით ჩამოწერილი საქონლიდან მიღებული შემოსავალი. რამდენადაც საცალო რეალიზაციის ნაწილში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენდა არსებული ბუღალტრული პროგრამის გაგრძელებას, ასევე, წარმოდგენილი დოკუმენტი დამოუკიდებლად არ წარმოადგენს ისეთ აღრიცხვას, რომელიც დააკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და რომლის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგები დაექვემდებარებოდა კორექტირებას, საგადასახადო შემოწმების შედეგები დარჩა უცვლელი. აღნიშნული საკითხის განხილვა განხორციელდა გადამხდელის ჩართულობით, მისთვის გაცნობილ იქნა მის მიერ წარმოდგენილი ცხრილის ანალიზი.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას სრულყოფილად შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხები შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 23.08.2021 წლის №27232 ბრძანების შესაბამისად.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

 

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 23.08.2021 წლის №27232 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.06.2021 წლის №007-219 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.08.2021 წლის №27232 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 10.03.2023 წლის №007-46 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10708 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხები შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 23.08.2021 წლის №27232 ბრძანების შესაბამისად, ამიტომ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136 (3); 101; 154.

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.