გადაწყვეტილება №19095/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.04.2023
№ დოკუმენტი 19095/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19095/2/2023

27.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ - ს 14.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19095/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 24.02.2022 წლის №4786 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №006-682 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.03.2023 წლის №3892 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 32 413,76 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 20 426

დღგ - 10 314

მოგების გადასახადი - 10 112

ჯარიმა - 6 088

საურავი - 5 899,76

 

ფაქტების აღწერა

სადავო დარიცხვა განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2021 წლის შემოწმების აქტით. შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 9.06.2020 წლიდან 1.11.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 23.12.2021 წლის №006-962 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.02.2022 წლის №4786 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დაკისრებულ ჯარიმასთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა არის თუ არა საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაცვლად, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.02.2022 წლის №4786 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხებიდან შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა სულ 4 125 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 29.12.2022 წლის №006-682 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 1.03.2023 წლის №3892 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საქმეზე არსებულ მტკიცებულებებზე და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

13.07.2020 წელს ჩაბარებული ოქმით დანაკლისის წარდგენის საანგარიშო პერიოდი იყო 2020 წლის ივლისის თვე, მაგრამ მომჩივნის მიერ აღნიშნული დანაკლისი დეკლარირებულია ერთი თვის დაგვიანებით, აგვისტოს თვეში. კერძოდ 2020 წლის აგვისტოს თვეში დღგ-ის კუთხით ასახულია აღნიშნული თანხა, (იხ. დღგ-ს დეკლარაცია დანართის სახით), დეკლარირებულია 5 8276 ლარი დღგ-ს გარეშე, აქედან 57 302 ლარი არის დეკლარირებული დანაკლისი (დღგ-ს გარეშე), ხოლო 974 ლარი არის ივლისის თვის საკონტროლო სალარო აპარატით განხორციელებული ოპერაცია (დღგ-ს გარეშე). იგივე დანაკლისს მოგების კუთხით: (57 302 ლარი დღგ-ს გარეშე) მომჩივანმა დაარიცხა ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ფასნამატი 23,59 % და მოგება, თანხით 13 525 ლარის ოდენობით აღიარა ხელფასად და დაბეგრა სათანადო 20%-იანი განაკვეთით. (იხ. საშემოსავლო გადასახადის აგვისტოს თვის დეკლარაცია დანართის სახით). შემმოწმებელი სარგებლობს რა პრივილეგიით, ხელმძღვანელობს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით და გადამხდელს ბეგრავს ორმაგად. შესაბამისად, მეორედ არიცხავს უკვე ნაღიარებ როგორც ძირითად თანხას, ასევე სანქცია-საურავებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 24.02.2022 წლის №4786 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 22.12.2022 წლის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ დეკლარაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, გამოწვეულია საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, რაც იწვევს გადამხდელის მიმართ არსებული ჯარიმის თანხის შემცირებას საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაცვლად, ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე მტკიცებულებები, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 24.02.2022 წლის №4786 ბრძანება.

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 24.02.2022 წლის №4786 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება შემმოწმებლის გადაწყვეტილებას.აღნიშნავს,რომ გადამხდელს ბეგრავს ორმაგად. შესაბამისად, მეორედ არიცხავს უკვე ნაღიარებ როგორც ძირითად თანხას, ასევე სანქცია-საურავებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა არის თუ არა საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაცვლად, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება;

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

275(2)