გადაწყვეტილება №20229/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.11.2023
№ დოკუმენტი 20229/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20229/2/2023

06 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------ს 11.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20229/2/2023).

 

დავის საგანი:

სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 მაისის №085-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14440 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 25 443,6 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 15 305

ჯარიმა - 7 653

საურავი - 2 485,6

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის აპრილისა, მაისის და 2023 წლის იანვრის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 23 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 15 აპრილიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, კერძოდ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, 2022 წლის აპრილის, მაისისა და 2023 წლის იანვრის თვეებში, არასრულყოფილად აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აქედან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 მაისის №11599 ბრძანება და ამავე თარიღის №085-6 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14440 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობა, წამგებიანი აღმოჩნდა და სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა. შედეგად დარჩა საგადასახადო დავალიანება, ნაწილი აღიარებული დადეკლარირებული, რომელზეც გრაფიკით ნაწილ-ნაწილ იხდის.

განაწილება როგორც გაარკვია მხოლოდ 12 თვით არის შესაძლებელი, აქედან გამომდინარე რისი გადახდაც აქამდე შეეძლო მხოლოდ ის თანხა დაადეკლარირა. დანარჩენი 15 305 ლარის დაზუსტებული გამზადებული დეკლარაციები ჰქონდა, რასაც გადახდის შემდეგ დაადეკლარირებდა, რადგან ერთიანად აღიარების შემთხვევაში განაწილების შემთხვევაშიც დიდი თანხის გადახდა გამოსდიოდა ყოველთვიურად და დროის მოგება სცადა.

მისი ქმედება რომ დაჯარიმებას იმსახურებს ამას აცნობიერებს, თუმცა თუ საბჭო გაითვალისწინებს მის მდგომარეობას მისთვის ძირი თანხის გადახდა დიდი სირთულე იქნება და ამას დამატებული ჯარიმა და საურავი ეს დამღუპველია მისთვის.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი 28.7.2023 წლის №74882-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, კერძოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, 2022 წლის აპრილის, მაისისა და 2023 წლის იანვრის თვეებში, არასრულყოფილად აქვს დეკლარირებული დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა. გარდა ამისა, მიღებული/ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისაგან. გადასახადის გადამხდელს 2023 წლის იანვრის თვეში მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის შესაბამისი დღგ არ აქვს შესაბამისი პერიოდის დეკლარაციით ჩათვლილი. შედეგად, შემოწმების მიერ გაიზარდა 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდის ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, 15 ლარის ოდენობით. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან შედგა სატელეფონო კომუნიკაცია, რომლის დროსაც განმარტა, რომ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები გამორჩენილია დღგ-ის გადასახადის დეკლარაციაში. საკითხთან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია წარმოდგენილი არ არის.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება. გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 15 აპრილიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, კერძოდ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, 2022 წლის აპრილის, მაისისა და 2023 წლის იანვრის თვეებში, არასრულყოფილად აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აქედან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7).