ბრძანება N 17861

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.07.2024
№ დოკუმენტი 17861
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17861

31 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

უსფ „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 26 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 ივლისის სხდომაზე (ოქმი №82) განიხილა უსფ „----------“-ს (ს/ნ ----------) 2024 წლის 26 ივლისის №91028/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივნისის №001-123 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პიზიცია:

გადამხდელი აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე დაერიცხა დღგ, თუმცა არ ეთანხმება ჯარიმა/საურავის დარიცხვას იმ ოდენობით, რაც დაეკისრა გადასახდელად, შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული საკითხის შესწავლა/გაანალიზებას და შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმა/საურავის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 31 მაისის №12964 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა უსფ „--------“-ს (ს/ნ ---------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 4 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 24 ივნისს №14717 ბრძანება და ამავე თარიღის №001-123 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 43 837 ლარი, მათ შორის, გადასახადი 22 848 ლარი, ჯარიმა 11 424 ლარი, საურავი 9 565 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი და მიღებული აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები არ არის დაბეგრილი და ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის დაბეგრილი და ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში, შესაბამისად, შემოწმების შედეგად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე შეფარდებული სანქცია შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. უსფ „--------“-ს (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმა/საურავის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი და მიღებული აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები არ არის დაბეგრილი და ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე შეფარდებული სანქცია შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(1);270(1);272(1);275(2);