ბრძანება N 6291
📄 სრული ტექსტი
N 6291
22 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ ------)
(მის.: --------)
2024 წლის 29 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 მარტის სხდომაზე (ოქმი №28) განიხილა შპს „-------ს“ (ს/ნ -----) №88170/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 29 თებერვლის №ID------- გადაწყვეტილებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 29 თებერვლის №ID------- გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ სახელმწიფო გრანტის ფარგლებში შეიძინა ნივთი უცხოეთიდან. დეკლარირებისას ნივთი მოხვდა ყვითელ დერეფანში და გადაიხადა საბაჟო დეკლარაციით დარიცხული დღგ. განუმარტეს, რომ შეეძლო ნივთის გატანა და შემდეგ განხორციელედებოდა ნივთზე გრანტის სტატუსის მინიჭება და დღგ-ს საფასურის უკან დაბრუნება.
მომჩივანი მიუთითებს, რომ ნივთს გრანტის სტატუსი მიენიჭა 7 თებერვალს. გრანტის სტატუსის მინიჭება მოხდა იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმებულია 2023 წლის ნოემბერში, სადაც გაწერილია რომ უნდა განხორციელდეს აღნიშნული ნივთის შეძენა. 2024 წლის 26 თებერვლის განცხადებით მოითხოვა დეკლრაციაში ცვლილების განხორციელების მოთხოვნით, რაზეც 29 თებერვალს მიიღო უარყოფითი პასუხი.
მომჩივნის მოსაზრებით, საქართველოს კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული, რომ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანისთვის დეკლარაციის რეგისტრაციას ქრონოლოგიურად წინ უნდა უსწრებდეს გრანტის სტატუსის მინიჭება.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სახელმწიფო გრანტის ფარგლებში შეძენილი ნივთის საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდეს ცვლილება და დაუბრუნდეს გადახდილი დღგ-ს თანხა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის პირველ თებერვალს საფოსტო გადამზიდავმა – შპს „-------მა“ (ს/ნ ------) შპს „------ს“ (ს/ნ -------) მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე განახორციელა ამავე პირის სახელზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე №------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (ლეპტოპი „Apple MacBook Air 13.6“ – 1 ცალი) დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, №------ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით. აღნიშნული დეკლარაციისთვის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ს მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“, კრიტერიუმით – „საქონლის გაშვება ნებადართულია მხოლოდ ამ დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის სრულად გადახდის ან/და გარანტიის წარდგენის შემდეგ“. შპს „-------ს“ მიერ გადახდილ იქნა მითითებული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელი (დღგ – 370.29 ლარი), რის შემდეგაც საქონელი გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან.
2024 წლის 26 თებერვალს შპს „-------მა“ №ID------- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ზემოაღნიშნული დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის შემცირება იმ საფუძვლით, რომ საქონელს მინიჭებული ჰქონდა გრანტის სტატუსი (№ID--------).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის №257 ბრძანების დანართი №12 „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად, მითითებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელია, საბაჟო პროცედურის განსაზღვრამდე საქონელს მინიჭებული ჰქონდეს გრანტის სტატუსი, საქონელი დეკლარირებულ იქნეს მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში და წარდგენილი იყოს შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი, 2024 წლის პირველ თებერვალს შპს „-------ს“ (ს/ნ -----) მიერ განისაზღვრა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურა, ხოლო საქონელს გრანტის სტატუსი მიენიჭა 2024 წლის 7 თებერვალს. გამომდინარე აქედან, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 თებერვლის №I------- წერილით შპს „-------ს“ (ს/ნ -------) უარი ეთქვა №------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით დარიცხული გადასახდელის შემცირებაზე.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად გრანტის მიმღები ვალდებულია შემოსავლების სამსახურში მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) გრანტის მიმღების განცხადება;
ბ) გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ან გრანტის გამოყოფის შესახებ გრანტის გამცემის წერილობითი გადაწყვეტილების ასლი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;
გ) გრანტის მიმღები ორგანიზაციის წესდების ასლი;
დ) საიმპორტო საქონლის ინვოისის (ან პროფორმა ინვოისის ან ანგარიშფაქტურის) ასლი;
ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, თუ გრანტის მიმღები საქართველოს მოქალაქეა.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კი შემოსავლების სამსახური ამ მუხლით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს ანიჭებს გრანტის სტატუსს ან იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გრანტის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, რომლის მიხედვით, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად გრანტის მიმღები ვალდებულია შემოსავლების სამსახურში წარადგინოს ამავე დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაცია. ხოლო, შემოსავლების სამსახური სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს მიანიჭებს გრანტის სტატუსს ან მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გრანტის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქონლისათვის, რომელიც ფინანსდება გრანტებით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შეღავათების გამოყენების პირობას წარმოადგენს გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება (შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ).
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების სპეციალური პროცედურა საშუალებას იძლევა, მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების პირობით.
ამავე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ აღნიშნული შეღავათის გამოყენების პირობას წარმოადგენს გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტი დანართი №8-II-03-ის შესაბამისად.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმიებდან გამომდინარე, საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემოწმებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამოწმებს საბაჟო დეკლარირებისას წარდგენილ დოკუმენტებს და მის შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან, რაც აუცილებელია შეღავათების მისაღებად. მითითებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის მოქმედი კანონმდებლობით აუცილებელია საბაჟო პროცედურის განსაზღვრამდე საქონელს მინიჭებული ჰქონდეს გრანტის სტატუსი, საქონელი დეკლარირებულ იქნეს მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში და წარდგენილი იყოს შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისთვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ.
დადგენილია, რომ 2024 წლის პირველ თებერვალს შპს „-------ს“ (ს/ნ -----) მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საფოსტო გადამზიდავმა განახორციელა ამავე პირის სახელზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე №------ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (ლეპტოპი „Apple MacBook Air 13.6“ – 1 ცალი) დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, №------ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით.
დადგენილია ასევე, რომ მომჩივნის განაცხადის საფუძველზე საიმპორტო ტვირთს (ინვოისის ღირებულება: 750 აშშ დოლარი) საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძნებულების შესაბამისად მიენიჭა გრანტის სტატუსი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც პირს საკანონმდებლო აქტით მინიჭებული აქვს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება, მხოლოდ ის გარემოება, რომ გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელს გრანტის სტატუსი მიენიჭა მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირების შემდეგ, არ უნდა გახდეს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას გადახდილი იმპორტის გადასახდელის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები და თუ არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 29 თებერვლის №ID------- გადაწყვეტილებაში მითითებულის გარდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, საქონლისათვის მინიჭებული გრანტის სტატუსის გათვალისწინებით განახორციელოს 2024 წლის პირველი თებერვლის №------ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------ს“ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები და თუ არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 29 თებერვლის №ID------- გადაწყვეტილებაში მითითებულის გარდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, საქონლისათვის მინიჭებული გრანტის სტატუსის გათვალისწინებით განახორციელოს 2024 წლის პირველი თებერვლის №----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით საბაჟო დეპარტამენტმა განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
2024 წლის პირველ თებერვალს საფოსტო გადამზიდავმა მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე განახორციელა ამავე პირის სახელზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით. აღნიშნული დეკლარაციისთვის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ს მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“, კრიტერიუმით – „საქონლის გაშვება ნებადართულია მხოლოდ ამ დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის სრულად გადახდის ან/და გარანტიის წარდგენის შემდეგ“. მომჩივნის მიერ გადახდილ იქნა მითითებული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელი (დღგ – 370.29 ლარი), რის შემდეგაც საქონელი გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან. 2024 წლის 26 თებერვალს მომჩივანმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ზემოაღნიშნული დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის შემცირება იმ საფუძვლით, რომ საქონელს მინიჭებული ჰქონდა გრანტის სტატუსი (07.02.2024).
მოცემულ შემთხვევაში, 2024 წლის პირველ თებერვალს მომჩივნის მიერ განისაზღვრა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურა, ხოლო საქონელს გრანტის სტატუსი მიენიჭა 2024 წლის 7 თებერვალს. გამომდინარე აქედან, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 თებერვლის წერილით მომჩივანს უარი ეთქვა საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით დარიცხული გადასახდელის შემცირებაზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები და თუ არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებაში მითითებულის გარდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, საქონლისათვის მინიჭებული გრანტის სტატუსის გათვალისწინებით განახორციელოს 2024 წლის პირველი თებერვლის საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა შემდეგ ნორმებს:
საქართველოს პრეზიდენტის 13.08.2001 წლის N 326 ბრძანებულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.