ბრძანება N 499

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 16.01.2026
№ დოკუმენტი 499
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 499

16 იანვარი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2025 წლის 20 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 14 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა ი/მ ---- (ს/ნ ----) 2025 წლის 20 დეკემბრის №99494/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ნოემბრის №035-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი აღიარებს შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია დეკლარაციის შევსებისას დაშვებული უნებლიე ტექნიკური შეცდომით. კერძოდ, დეკლარაციის 43-ე გრაფაში შეტანილ იქნა თანხა 22 090 ლარის ოდენობით, რომელიც არ ექვემდებარება ჩათვლას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს შეფარდებული ჯარიმის გაუქმებას, ასევე, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის №22904 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----- (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა 43) შემცირების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 21 ნოემბრის №25633 ბრძანება და ამავე თარიღის №035-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 33 135 ლარი, მათ შორის, გადასახადი 22 090 ლარი, ჯარიმა 11 045 ლარი, საურავი 0 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

ინდივიდუალური მეწარმე ---- გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 7 აპრილიდან. მეწარმე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. გადასახადის გადამხდელს საქმიანობა უფიქსირდება მხოლოდ ერთჯერადად 2021 წელს. მისი განმარტებით მიღებული აქვს მცირე თანხა გრანტის სახით, რომლითაც ჩაატარა ტრეინინგები და თანხა გაიხარჯა სახელფასო განაცემებად. მეწარმეს 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში შევსებული აქვს 42-ე გრაფა, რომელიც ეხება გადახდის წყაროსთან დაკავებულ საშემოსავლო გადასახადს, რაც ექვემდებარება ჩათვლას. მისივე განმარტებით 42-ე გრაფაში თანხა 22 090 ლარი, რომელმაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადში თანხის შემცირება, ჩაწერილი არის არასწორად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ვერ დგინდება გარემოება, რომლითაც მიზანშეწონილი იქნებოდა მოცემული გრაფების შევსება. შესაბამისად, ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 32-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც სამართალდარღვევა გამოწვეულია დეკლარაციის შევსებისას დაშვებული უნებლიე ტექნიკური შეცდომით, კერძოდ, დეკლარაციის 43-ე გრაფაში შეტანილ იქნა თანხა 22 090 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს შეფარდებული ჯარიმის გაუქმებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად, ი/მ ---- (ს/ნ -----), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ნოემბრის №---- საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----- (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ი/მ ------ (ს/ნ ------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ნოემბრის №035-9 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს შეფარდებული ჯარიმის გაუქმებას, ასევე, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ინდივიდუალური მეწარმ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 7 აპრილიდან. მეწარმე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. გადასახადის გადამხდელს საქმიანობა უფიქსირდება მხოლოდ ერთჯერადად 2021 წელს. მისი განმარტებით მიღებული აქვს მცირე თანხა გრანტის სახით, რომლითაც ჩაატარა ტრეინინგები და თანხა გაიხარჯა სახელფასო განაცემებად. მეწარმეს 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში შევსებული აქვს 42-ე გრაფა, რომელიც ეხება გადახდის წყაროსთან დაკავებულ საშემოსავლო გადასახადს, რაც ექვემდებარება ჩათვლას. მისივე განმარტებით 42-ე გრაფაში თანხა 22 090 ლარი, რომელმაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადში თანხის შემცირება, ჩაწერილი არის არასწორად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ვერ დგინდება გარემოება, რომლითაც მიზანშეწონილი იქნებოდა მოცემული გრაფების შევსება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად, ი/მ უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:275;269(7);