ბრძანება N 25755

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.11.2025
№ დოკუმენტი 25755
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25755

24 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 26 ოქტომბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 ოქტომბრის და 20 ნოემბრის სხდომებზე (ოქმები №90 და №96) განიხილა შპს ,,-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 26 ოქტომბრის №98531/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ოქტომბრის №006-373 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ:

1. ითხოვს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული ჯარიმის გაუქმებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა შემდგომ პერიოდში (საბოლოო აქტის ფარგლებში) გადამხდელი ჩათვალა კეთილსინდისიერად და აპატია ჯარიმა. განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში გადახდილია დროულად, კანონით გათვალისწინებულ ვადებში და ბიუჯეტისთვის ფისკალური ზიანი არ მიუყენებია.

2. არ ეთანხმება კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში დაფიქსირებულ საურავს 148 611.80 ლარს. აცხადებს, რომ აქტით დარიცხული მთლიანი თანხა სრულად ჰქონდა ბიუჯეტში გადახდილი და ერიცხებოდა როგორც ზედმეტად გადახდილი თანხები. აქედან გამომდინარე, მიუთითებს, რომ საურავის წარმოშობა არ უნდა განხორციელებულიყო გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 24 ოქტომბრის №30764 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2015 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. 2015 წლის შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, გამოიცა 2018 წლის 31 დეკემბრის №39624 ბრძანება და ამავე თარიღის N006-1056 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 226 920 ლარი, მათ შორის, გადასახადი 140 238 ლარი, ჯარიმა 85 509 ლარი, საურავი 1 173 ლარი.

აღნიშნულის საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2019 წლის 25 ივნისის №20831 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2019 წლის 25 სექტემბრის №8668/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საწარმომ სარჩელით მიმართა ------- საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის, მის საფუძველზე გამოცემული 2018 წლის 31 დეკემბრის №39624 ბრძანებისა და №006-1056 საგადასახადო მოთხოვნის (საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ის ნაწილში), შემოსავლების სამსხურის 2019 წლის 25 ივნისის №20831 ბრძანების (საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ის ნაწილში), საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 25 სექტემბრის №8668/2/2019 გადაწყვეტილების (საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ის ნაწილში) ბათილად ცნობა.

------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „-------“ (ს/ნ -------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 31 დეკემბრის №39624 ბრძანება და №006-1056 საგადასახადო მოთხოვნა და დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ის ნაწილში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 25 ივნისის №20831 ბრძანება საშემოსავლო გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 25 სექტემბრის №8668/2/2019 გადაწყვეტილება საშემოსავლო გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში.

------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის №3/8065-19 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

,,სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობისა და თანაფარდობის პრინციპების დაცვის საფუძველზე, სათანადოდ არ გამოუკვლევიათ სადავო შემთხვევაში არსებობდა თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე შპს ,,-------“ საჯარიმო სანქციისგან გათავისუფლების წინაპირობა. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს „-------“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გაათავისუფლა 2016-2018 წლების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციებში ხელფასის სახით გაცემული თანხების აუსახველობის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისაგან. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილს, რომელიც გამორიცხავს საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. შესაბამისად, სრულიად დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, საქმის გარემოებათა იდენტურობის პირობებში, რატომ არ მოხდა საგადასახადო ორგანოს მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, შპს „-------“ გათავისუფლება 2015 წლის პერიოდზე სსკ-ის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის კერძო სკოლა, რომელსაც წარმოადგენს მოსარჩელე, უფლებამოსილია საგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს უფლებამოსილი ორგანოსგანათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, რომელიც თავის თავში მოიცავს სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს. ამასთან, საქმიანობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ ავტორიზაციის გავლის შემდეგ იმ სახითა და იმ პროგრამის ფარგლებში, როგორც მითითებული ექნება საავტორიზაციო განაცხადში და გაივლის ავტორიზაციას. ავტორიზაციის მოსაპოვებლად კი საჭიროა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება აკმაყოფილებდეს არა მხოლოდ უშუალოდ საგანმანათლებლო პროგრამასთან, არამედ მატერიალურ და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ სტანდარტებსაც.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, I-VI კლასის მოსწავლეები, სასწავლო გრაფიკიდან გამომდინარე, სკოლაში სწავლობენ 17:30 სთ-მდე და შესაბამისად, სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია სკოლის მიერ მათი კვებით უზრუნველყოფა. ამდენად, სკოლა ძირითად საგანმანათლებლო მომსახურებასთან ერთად ახორციელებს დამატებით კვების მომსახურებას, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა ამ ფორმით არის დამტკიცებული, რაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამორიცხავდა საგანმანათლებლო მომსახურებიდან ცალკე კვების მომსახურების გამოყოფასა და ამ უკანასკნელის დღგ-ით დაბეგვრას.“

------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის №3/8065-19 გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა ------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომლის 2023 წლის 7 მარტის განჩინებით (საქმე №3ბ/2988-22; საქმე №330310019003249708) უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით (საქმე №ბს-98(2კ-24)) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა ------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 მარტის განჩინება.

------- საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის №3/8065-19 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 30 სექტემბერს შედგენილ იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადამხდელს შეუმცირდა 55 375 ლარი, მათ შორის გადასახადი 43 337 ლარი და ჯარიმა 12 038 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ოქტომბრის №006-373 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

● საშემოსავლო გადასახადზე დარიცხული ჯარიმისაგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლებასთან დაკავშირებით, აუდიტი დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო შემოწმების აქტით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული ჯარიმა შემცირებას არ დაექვემდებარა.

● ბავშვთა კვების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით შესწავლილ იქნა ზემოაღნიშნული საკითხი და დადგინდა, რომ თუ მოსწავლეთათვის კვების მომსახურების გაწევა და საკვები პროდუქტების მიწოდება ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ და აღნიშნული მომსახურება გაიწევა სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად ან/და სასწავლო პროცესის გამართულად განხორციელების მიზნით, ასეთი მომსახურება განათლების მომსახურებასთან მიმართებით დამხმარე ხასიათის მომსახურებად მიიჩნევა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია. ასევე, მსგავს სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს ფინანსთან სამინისტროს 2025 წლის 29 მაისის N133 საჯარო გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2019 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის №3/8065-19 გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებაზე, რომლის თანახმად, „სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობისა და თანაფარდობის პრინციპების დაცვის საფუძველზე, სათანადოდ არ გამოუკვლევიათ სადავო შემთხვევაში არსებობდა თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე შპს ,,-------“ საჯარიმო სანქციისგან გათავისუფლების წინაპირობა. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს „-------“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გაათავისუფლა 2016- 2018 წლების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციებში ხელფასის სახით გაცემული თანხების აუსახველობის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისაგან. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილს, რომელიც გამორიცხავს საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.“

შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დროულად არის გადახდილი და ფისკალურად კომპანიას ზიანი ბიუჯეტისთვის არ მიუყენებია, სკოლას გადახდილი თანხა ერიცხებოდა ზედმეტობაში, თუმცა მიუხედავად ზედმეტობისა, ყოველ გაცემულ ხელფასსა თუ სხვა განაცემზე აკავებდა და ბიუჯეტში რიცხავდა საშემოსავლო გადასახადს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული სამართალდარღვევა, კერძოდ, 2015 წლის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებში ხელფასის სახით გაცემული თანხების აუსახველობის საფუძველზე გადასახადის თანხის შემცირება, გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით, რის გამოც შპს „-------“ (ს/ნ -------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს 2015 წლის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებში ხელფასის სახით გაცემული თანხების აუსახველობის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისაგან.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილების (ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან) შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21 . საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან“. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე საურავის დარიცხვის ავტომატიზაციის პროცესები უზრუნველყოფილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილების შესაბამისად და შესაბამისობაშია კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან. ასევე, 2019 წლიდან საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე გპაბ-ზე საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან (სავადო თარიღიდან) 3 წლის გასვლის თარიღიდან. გპაბ-ზე გადახდილი თანხით იფარება თავდაპირველად წარმოქმნილი დავალიანება, შემდეგი თანმიმდევრობით ძირითადი დავალიანება, სანქცია, საურავი. ასევე გპაბ-ზე დავალიანების შემცირების ოპერაციების თანხები, ჯერ ამცირებს იმავე სავადოში, იმავე გადასახადში დარიცხულ თანხებს, ხოლო შემდეგ, ისევე როგორც ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, მონაწილეობს ძველი პერიოდის დავალიანების დაფარვაში. საურავის გამოთვლისას მონაწილეობას იღებს როგორც აღიარებულ, ასევე დროებით ბარათებზე გატარებული ოპერაციები (ნაერთი ბარათი).

ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადამხდელის მიმართ გამოცემული სადავო დოკუმენტებით- საგადასახადო შემოწმების აქტით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნით, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებებით და მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნებით (მათ შორის კორექტირებული) განსაზღვრული ვალდებულებები შესაბამის სავადო თარიღებშია ასახული გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. ხოლო, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დაანგარიშება ხდება პროგრამულად, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით განსაზღვრული წესით.

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და რა ნაწილში მოხდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საურავის არამართლზომიერი დარიცხვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საურავის დარიცხვა და კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში მისი ასახვა განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ,,-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შპს „-------“ (ს/ნ -------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლდეს 2015 წლის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებში ხელფასის სახით გაცემული თანხების აუსახველობის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისაგან;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. ითხოვს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული ჯარიმის გაუქმებას

2. არ ეთანხმება კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში დაფიქსირებულ საურავს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დროულად არის გადახდილი და ფისკალურად კომპანიას ზიანი ბიუჯეტისთვის არ მიუყენებია, სკოლას გადახდილი თანხა ერიცხებოდა ზედმეტობაში, თუმცა მიუხედავად ზედმეტობისა, ყოველ გაცემულ ხელფასსა თუ სხვა განაცემზე აკავებდა და ბიუჯეტში რიცხავდა საშემოსავლო გადასახადს.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული სამართალდარღვევა, კერძოდ, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებში ხელფასის სახით გაცემული თანხების აუსახველობის საფუძველზე გადასახადის თანხის შემცირება, გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით, რის გამოც მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებში ხელფასის სახით გაცემული თანხების აუსახველობის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისაგან.

გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და რა ნაწილში მოხდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საურავის არამართლზომიერი დარიცხვა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საურავის დარიცხვა და კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში მისი ასახვა განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 272