ბრძანება N 2001

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.02.2023
№ დოკუმენტი 2001
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2001

06.02.2023

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------- )

2022 წლის 21 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ---------) №77459/1/2022 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №CB1427161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2022 წლის 20 დეკემბერს კომპანიის მიერ ატვირთული იქნა სასაქონლო-მატერიალური მარაგების ჩამოწერის განცხადება ID:-------- . განცხადებაში ჩამოსაწერი იყო ორი პოზიცია: 1. ინკუბაციის შედეგად გალაყებული, გატეხილი და დაზიანებული კვერცხი; 2. მკვდარი, სუსტი, მახინჯი წიწილი. პირველი პოზიცია იყო 21630 ცალი, რომლის ღირებულება შეადგენა 9733.5 ლარს, ხოლო მეორე პოზიციაში მოხდა შეცდომა. კერძოდ რაოდენობაში მიეთითა იგივე ციფრი (21630 ცალი) ღირებულებით 17304 ლარი. აღნიშნულ პოზიციაზე (მკვდარი, სუსტი, მახინჯი წიწილი) უნდა მითითებული 300 ცალი, რომლის ღირებულება შეადგენდა 240 ლარს. შესაბამისად ადგილზე მოსულმა შესაბამისმა სამსახურმა აღმოჩენილი უზუსტობა შეაფასა დარღვევად და დაწერა ჯარიმა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ თითქმის ყოველდღე იტვირთება მსგავსი ტიპის განცხადება და ადგილზე მოსული შემოწმებისას არასდროს აღმოჩენილა დარღვევა. ასევე არასდროს მომხდარა ბროილერის ჩეკვის დროს ამ რაოდენობის ( 21630 ცალი ) მკვდარი, სუსტი, მახინჯი წიწილის ჩამოწერა. ერთი ჩეკვის დროს მაქსიმუმ იწერებოდა საშუალოდ 500-600 ცალამდე (რაც კიდევ ადასტურებს იმას, რომ აღნიშნული ციფრი კოპირებით გაორებულია).

აღნიშნული გამოწვეულია ბუღალტრის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმის მოხსნას.

ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც სადავო ოქმისა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №სმფ-4471 ბრძანებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს "--------" (ს/ნ -------- ) მიერ 2022 წლის 19 დეკემბერს წარმოდგენილ ID:--------- განცხადების დანართ №24-ში (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტი) მითითებული ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება.

აღნიშნული ბრძანება კომპანიის მინდობილ პირს ჩაბარდა 2022 წლის 20 დეკემბერს, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით. მას ასევე განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები.

2022 წლის 20 დეკემბერს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განთავსების ადგილზე (მის.: "---------"), მინდობილი პირის და თანამშრომლების თანდასწრებით განხორციელდა ჩამოსაწერად და გასანადგურებლად წარმოდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობის დათვლა და შედარება გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დანართ №24-ში არსებულ რაოდენობასთან. პირველი პოზიცია ზუსტად იყო მითითებული - 21630 ცალი კვერცხი, ხოლო მეორე პოზიციაში დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ანალოგიურად განსაზღვრული იყო 21630 ცალი წიწილით, სადაც გამოვლინდა დანაკლისი. კერძოდ, მკვდარი, სუსტი, მახინჯი წიწილი, რომლის რაოდენობა გადამხდელს განსაზღვრული ჰქონდა 21630 ცალი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ადგილზე დახვდა 300 ცალი, ამდენად, დანაკლისმა შეადგინა 21330 ცალი ღირებულებით 17064 ლარი. აღნიშნულზე შედგენილი იქნა №CB1427161 სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მესამე ნაწილით შეეფარდა ჯარიმა 17064 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე, იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „---------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.