გადაწყვეტილება №25922/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25922/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 29.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25922/2/2025).
დავის საგანი:
სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის №001-108 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19754 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 110 121.7 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 68 940.6
ჯარიმა - 34 345.7
საურავი - 6 835.4
ფაქტების აღწერა/დარიცხვის
საფუძვლები გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა სათამაშოებით სპეციალიზებულ მაღაზიებში. კომპანია გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა და ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა 2020 წლის 24 აგვისტოდან. ამავე დღეს დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 23.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტით შემოჰქონდა სათამაშოები თურქეთიდან, ჩინეთიდან და ნიდერლანდებიდან. საქმიანობას ახორციელებდა იჯარით აღებულ ფართებში ---ს ქუჩა №27 და ---ს ქუჩა №27. ამავე მისამართებზე უფიქსირდება 2 მოქმედი საკონტროლო-სალარო აპარატი.
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბანკო ანგარიშების ამონაწერი და ბუღალტრული სააღრიცხვო პროგრამა, სადაც სრულყოფილად არ იყო ასახული მონაცემები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის №6807 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთისა და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, ხილო №1287 ბრძანებით სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობის ანალიზის შედეგად, საბოლოო ნაშთისა და დეკლარირებული ბრუნვის გათვალისწინებით, დღგ-ში დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლისას გამოვლინდა გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე განაცემები, რომლებიც არ იყო ასახული და დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. ჩატარდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით, გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.06.2025 წლის №13612 ბრძანება და №001-108 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19754 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19754 ბრძანება, დავების განხილვის საბჭოში არსებულ დავის საგნის (სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე) ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დავების განხილვის საბჭოში არსებულ დავის საგნის ნაწილში შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით, 291-ე მუხლის მიხედვით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს, გამოყენებული იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლება და გათავისუფლდეს ჯარიმა-საურავის გადახდისაგან, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არის კეთილსინდისიერი და სამართალდარღვევა გამოწვეული იყო ბუღალტრის შეცდომა/არცოდნით. ჯარიმა-საურავის მოხსნით გადასახადის გადამხდელს შეუმსუბუქდება ბუღალტრის მიერ არცოდნით გამოწვეული ზიანი და არ შეაფერხებს მის შემდგომ საქმიანობას. მხარდაჭერით შესძლებს შემდგომი ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას სწორი მიმართულებით, რაც წარმატებით წაადგება, როგორც საწარმოს, ისე სახელმწიფო ბიუჯეტს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლისას გამოვლინდა გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე განაცემები, რომლებიც არ იყო ასახული და დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. ჩატარდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით, გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1); 134 (1); 125.