გადაწყვეტილება №23254/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.09.2024
№ დოკუმენტი 23254/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23254/2/2024

25 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ----)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“- ის 12.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23254/2/2024).

 

დავის საგანი:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად საქონლის დანაკლისის გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მარტის №CB1608482 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 მაისის №11947 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 66 082.45 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობის სფეროა ქალის საღამურების და ბავშვის ტანსაცმლის იმპორტი და რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის 29.01.2024 წლის №1366 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად, მომჩივანთან გამოვლინდა 660 824,44 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც მომჩივანს 29.03.2024 წლის №CB1608482 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 66 082,45 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 მაისის №11947 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დარიცხვის გაანგარიშება მოხდა ფასნამატის გაზრდით და აღნიშნავს, რომ საქონლის რაოდენობებში არ ყოფილა შეუსაბამობა. წინა შემოწმების დროს გავრცელდა ფასნამატი 14 პროცენტი, რაც გონივრული არის და მისაღები. წინამდებარე დავის დროს კი სრულიად დაუსაბუთებლად გავრცელდა 40 პროცენტიანი ფასნამატი და ამით მიღებულია უზარმაზარი თანხები. ეს ახსნა შემოსავლების სამსახურმა შემდეგით: „მსგავსი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების ფასნამატის შესაბამისად. მომჩივნისთვის გაურკვეველია რა საჭირო იყო მსგავსის მოძებნა, როდესაც შემოსავლების სამსახური ამდენი ხნის მანძილზე უდასტურებდა 14 პროცენტიან ფასნამატს. გაურკვეველია, თუ რა კრიტერიუმებით დადგინდა მსგავსი მეწარმე, რომელიც მსგავს პირობებში ყიდის მსგავს საქონელს, არის იმპორტიორი, ვაჭრობს ---ში და არის ძირითადად საბითუმო გაყიდვებზე და ასე შემდეგ. თუ ეს დეტალები ცნობილია, მას მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეს ამაზე ინფორმაცია. რეალურად ---ში საბითუმო ვაჭრობისას ამხელა მარჟაზე ფიზიკურად ვერ იმუშავებს. კონკურენციას ვერ გაუწევს სხვებს. ----ს ბაზრობის სპეციფიკა სხვანაირია. --- მუშაობს დაბალ მოგებასა და მაღალ ბრუნვაზე და არა პირიქით და ასევე ახასიათებს თავისებურებები, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. ითხოვს დარიცხული ჯარიმის მოხსნას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 25.06.2024 წლის №59094-21-12 წერილის მიხედვით ირკვევა შემდეგი: ინვენტარიზაციის დაწყებისას შპს „---“-ის (ს/ნ ---) დირექტორმა ----მა დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული - ჩამოწერილია გასავალში. ----ს ფაქტობრივი აღწერის შემდგომ ჩამოერთვა ხელწერილი, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს ღებულობს თავის პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №19.

სმფ-ების ბუღალტრული ნაშთის დადგენისას გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები: - საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2023 წლის 1 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (29 იანვარი, 2024 წ); - საანგარიშო პერიოდის სმფ-ების საწყისი ნაშთი – 1 224 000,00 ლარი – გადამხდელის 2022 წლის მარტის თვის მოგების დეკლარაციის მიხედვით; - 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 29 იანვრამდე სულ შეძენილმა სმფ-ების რაოდენობამ პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 293 444,62 ლარი, რაც დასტურდება ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით. - 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 29 იანვრამდე რეალიზებული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების (დღგ–ს ჩათვლით) გაანგარიშების საფუძვლად აღებულ იქნა დღგ-ს დეკლარაციებით (შესაბამისი თვეების მონაცემებით) – 359 333,60 ლარი.

ამ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა - 217 514,28 ლარი. ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2024 წლის 29 იანვარი) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 1 299 930,33 ლარი. სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთის გაანგარიშებისთვის რეალიზებული პროდუქციის ჩამოწერა განხორციელდა 40%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით (მსგავსი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების ფასნამატის შესაბამისად). შევსებული იქნა დანართი №16 სასაქონლო- მატერიალური-ფასეულობების აღრიცხვის შესახებ.

ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ კანონით დადგენილ ვადაში ვერ მოხდა „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ დანართი №21- ის შევსება, აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელი ღირებულება განისაზღვრა 40%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით (მსგავსი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების ფასნამატის შესაბამისად) და შეადგინა 899 915,56 ლარი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული და ფაქტიური მონაცემების ურთიერთშედარებისას გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 400 014,78 ლარი, რაც საბაზრო ფასებით (40% ფასნამატის გათვალისწინებით) შეადგენს 660 824,41 ლარს.

ფაქტიურ აღწერასა და ბუღალტრულ ნაშთს შორის გამოვლენილი სხვაობების პირველადი შედეგები პროექტის სახით 2024 წლის 7 მარტს ჩაბარდა შპს „----“-ის (ს/ნ ---) დირექტორს ---ს. პროექტის ჩაბარების შემდგომ, 2024 წლის 14 მარტს საზოგადოებამ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარადგინა პოზიცია - განცხადება №43368/21-12, რომ არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგების პროექტს. კერძოდ, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა ფასნამატს. 2024 წლის 27 მარტის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს №18 სხდომის ოქმის მიხედვით, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი წერილობითი პრეტენზია, მტკიცებულების არქონის გამო, არ დაკმაყოფილდა.

საქმეზე წარმოდგენილ წერილში (59094-21-12) ასევე აღნიშნულია, რომ შპს „----“-ის (ს/ნ ----) დირექტორის განცხადებით, საქონლის რაოდენობებში არ ყოფილა შეუსაბამობა, ანუ აღწერილ სმფ-ებსა და ბუღალტრულ რაოდენობას შორის მცირე განსხვავებებია.

ამასთან, მომჩივანი არ აწარმოებდა ზუსტ რაოდენობრივ აღრიცხვას სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით და საქონლის იდენტიფიცირება სახეობების მიხედვით შეუძლებელია. შესაბამისად გაუგებარია რის საფუძველზე ამტკიცებს საზოგადოება, რომ სმფ-ების ფაქტიურ და ბუღალტრულ რაოდენობებს შორის მცირე განსხვავებებია. სწორედ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზუსტი რაოდენობრივი აღრიცხვის არარსებობის გამო, გადამხდელის მიერ საინვენტარიზაციო კომისიისთვის წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია სმფ-ების ჯამური მოძრაობის მიხედვით თანხობრივად.

აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მხრიდან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ მოხდა „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ დანართი №21-ის შევსება, აღნიშნულის საფუძველზე დადგინდებოდა, როგორც აღწერილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების პირვანდელი ღირებულება, ასევე თითოეულ პროდუქტზე რეალიზაციისას გასავრცელებელი ფასნამატი. სწორედ აღწერილი სმფ-ების შესახებ ინფორმაციის (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები და პირვანდელი ღირებულება) წარუდგენლობის გამო, იხელმძღვანელა მსგავსი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების ფასნამატით (40 %). კერძოდ, აღნიშნული ფასნამატი ინვენტარიზაციის მიზნებისათვის გამოყენებული იქნა, დანართ №19- ში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერისთვის, აღწერილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების პირვანდელი ღირებულების დასადგენად და გამოვლენილ სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისზე საჯარიმო სანქციისთვის.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 40%-იან ფასნამატს. მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ წინა შემოწმების დროს (2019წ) გავრცელებულ იქნა ფასნამატი 14%-ის ოდენობით და შესაბამისად 2024 წლის შემოწმების დროსაც იგივე ფასნამატი უნდა გავრცელებულიყო, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ 40%-იანი ფასნამატის გამოყენება მოხდა (მსგავსი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების ფასნამატი) რამდენიმე მიზეზის გამო:

მომჩივნის კუთვნილ სავაჭრო ობიექტში სარეალიზაციოდ გამოტანილ საქონელზე ფასმაჩვენებლები არ იყო გამოკრული მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას, რითიც დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები და საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

შესაბამისად, უფლებამოსილი პირი დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ ფაქტიური აღწერის დროს ზეპირსიტყვიერად მიწოდებულ ინფორმაციას სარეალიზაციო ფასებთან დაკავშირებით. ასევე, მომჩივნის მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ მოხდა „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ დანართი №21-ის შევსება, აღნიშნულის საფუძველზე დადგინდებოდა, როგორც აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელი ღირებულება, ასევე თითოეულ პროდუქტზე რეალიზაციისას გასავრცელებელი ფასნამატი.

ზემოხსენებული ფასნამატის გასაანგარიშებლად ინფორმაციის (სმფ-ების სარეალიზაციო ფასი და სმფ-ების პირვანდელი ღირებულება) არასრულყოფილად წარმოდგენის გამო, უფლებამოსილმა ორგანომ იხელმძღვანელა მსგავსი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების ფასნამატით (40 %). კერძოდ, აღნიშნული ფასნამატი ინვენტარიზაციის მიზნებისათვის გამოყენებული იქნა, დანართ №19- ში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერისთვის, აღწერილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების პირვანდელი ღირებულების დასადგენად და გამოვლენილ სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისზე საჯარიმო სანქციისთვის.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტირებული დასაბუთება, რაც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შეფარდებული ჯარიმის კორექტირების საფუძველი, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნისთვის საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ჯარიმის შეფარდება მართლზომიერია, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება კანონიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად საქონლის დანაკლისის გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივნის საქმიანობის სფეროა ქალის საღამურების და ბავშვის ტანსაცმლის იმპორტი და რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის 29.01.2024 წლის №1366 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად, მომჩივანთან გამოვლინდა 660 824,44 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც მომჩივანს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 66 082,45 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 მაისის №11947 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნისთვის საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ჯარიმის შეფარდება მართლზომიერია, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება კანონიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (9).