ბრძანება N 15580

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.07.2026
№ დოკუმენტი 15580
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15580

10 ივლისი 2026

ბრძანება

ი/მ "--------" (ს/ნ "--------")

(ფაქტ. მის.: "--------")

2026 წლის 11 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 ივნისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა ი/მ "--------" - ის (ს/ნ "--------") 2026 წლის 11 ივნისის №27554/2/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 აპრილის №007-105 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად განხილვას. განმარტავს, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს ტექნოლოგიური შინაარსის ციფრული დისტრიბუცია, კერძოდ, ციფრული კურსის სასწავლო მასალის (ვიდეო ლექციების, აუდიო ჩანაწერების და ციფრული ელ. წიგნების) საერთაშორისო უცხოურ პლატფორმაზე განთავსება და ავტომატიზებული ფორმით მომხმარებელზე მიწოდება. აღნიშნული სასწავლო მასალები წინასწარ არის მომზადებული/შექმნილი. შესაბამისად, აღნიშნული საქმიანობა არ მოითხოვს არც ადამიანის დროულ ჩართულობას და არც ფიზიკურ შრომას. მასზე წვდომა მომხმარებლის მიერ ხდება სრულად ავტომატიზებულად. სასწავლო მასალაზე წვდომისთვის/სასწავლო მასალის შესაძენად მომხმარებელი გადის რეგისტრაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის საშუალებით ("--------" LLC, "--------"), სადაც ტრანსლირდება წინასწარ ჩაწერილი უფასო ხასიათის ვებინარი, მასტერკლასი ან ტრენინგის ფორმატით ვიდეომასალა. დაინტერესების შემთხვევაში გადასახადის გადახდის შემდგომ, მომხმარებელი ავტომატურად იღებს წვდომას „Telegram“-ის დახურულ არხზე,სადაც განთავსებულია სრული კურსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროცესის დროს არ ხდება მომხმარებლისთვის ცოცხლად მომსახურების გაწევა ან სერვისის მიწოდება და გამოირიცხება კურსის ავტორის პირდაპირ ჩართულობა ან რაიმე სახის შეხვედრა-კონსულტაცია. მომხმარებლის მხრიდან გადახდა და წვდომა მასალებზე ხდება დამოუკიდებლად, ციფრული ქმედებით. შესაბამისად, მთლიანი პროცესი სრულად ავტომატიზებულია. მოცემულ საქმიანობაში ძირითადად მოხმარებელთა წრეს წარმოადგენენ არარეზიდენტი ფიზიკური პირები. შემოწმებულ პერიოდში ფიქსირდება მხოლოდ რამდენიმე არაფიზიკური პირი ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი. გადამხდელი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 162-ე და 1621 მუხლებზე, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მე-14 ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ მომსახურების მიმღებს წარმოადგენს არადასაბეგრი პირი, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც იგი არის დაფუძნებული, აქვს მუდმივი მისამართი ან ჩვეულებრივ ცხოვრობს. ამათან, აქვე განსაზღვრულია ჩამონათვალი საქმიანობების, რომელზეც ვრცელდება აღნიშნული პუნქტის მოთხოვნა. მოცემული საქმიანობა მიეკუთვნება ელექტრონულად გაწეულ მომსახურებას, რომლის დეტალური განმარტება მოცემულია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართში №III-033, სადაც ელექტრონულად გაწეული მომსახურებისთვის მიკუთვნებულია დისტანციური სწავლების მიწოდების მომსახურება, რომელიც განმარტებულია, რომ წარმოადგენს ავტომატიზირებულ დისტანციურ სწავლებას, რომელიც დამოკიდებულია ინტერნეტის ან მსგავსი ელექტრონული ქსელების ფუნქციონირებაზე და რომელიც საჭიროებს ადამიანის მინიმალურ ჩარევას ან საერთოდ არ საჭიროებს მას, იმ შემთხვევების გარდა, როცა ინტერნეტი ან მსგავსი ელექტრონული ქსელი გამოიყენება უბრალოდ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კავშირის დასამყარებლად. შესაბამისად, როდესაც ზემოაღნიშნული ვიდეომასალის მომხმარებელს წარმოადგენს არამეწარმე ფიზიკური არარეზიდენტი პირი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დღგ-ის მიზნებისათვის, მომსახურების გაწევის ადგილს წარმოადგენს უცხო ქვეყნის ტერიტორია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევებში, მიღებული შემოსავალი ვერ იქნება განხილული/გათვალისწინებული დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნებისათვის დასაბეგრ ბრუნვად. თუ საკითხს განვიხილავთ როგორც ციფრული კურსის მიწოდებას, რომელიც წარმოადგენს სრულად წინასწარ შექმნილ და ჩამოყალიბებულ საგანმანათლებლო მასალას, არ მოითხოვს არც ცოცხალ კომუნიკაციას, არც დროის რეალურ დახარჯვას და არც რაიმე სახის ფიზიკურ მომსახურებას გაყიდვის ან მიწოდების მომენტში, ასევე მომსახურების გაწევა არ ხდება დროში მიმდინარე პროცესით, მაშინ ციფრული კურსის გაყიდვა უნდა განვიხილოთ როგორც ინტელექტუალური საკუთრების ავტომატიზებული გადაცემა და არა როგორც მომსახურება. შესაბამისად, აღნიშნულ საქმიანობას ვერ განვიხილავთ როგორც მომსახურების ისეთ კატეგორიას, რომელსაც არეგულირებს საქართველოს შრომითი ან სამეწარმეო კანონმდებლობა. ასევე, მოცემული საქმიანობა სრულად შეესაბამება თანამედროვე ციფრული ეკონომიკის გლობალურ პრაქტიკას, სადაც ინტელექტუალური შინაარსის ერთჯერადი შექმნა და მისი მასშტაბური გავრცელება არ განიხილება როგორც ფიზიკური მომსახურება ან ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობა. ამასთან, მსგავსი სახის საერთაშორისო ციფრულ პლატფორმებს, როგორიც არის მაგალითად „WebinarJam“, „Telegram“ და სხვა, არ აქვთ იურიდიული წარმომადგენლობა საქართველოში. აღნიშნული შეფასებების მიხედვით, მოცემული საქმიანობის საგადასახადო დაბეგვრის საკითხი საჭიროებს დამატებით მსჯელობას.

გადასახადის გადამხდელი ასევე გამოთქვამს მზაობას დღგ-ის მიზნებისთვის, მოცემული საქმიანობის განხორციელების ადგილის დაკვალიფიცირებისათვის, წარმოადგინოს საბანკო დაწესებულებიდან და შესაბამისი პროგრამიდან უფრო დეტალური გაშიფრული ინფორმაცია ჩარიცხული თანხებისა და ფიზიკური პირების შესახებ, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება არსებული მონაცემების საბანკო ანგარიშებთან შედარება და იდენტიფიცირება. ასევე აღნიშნავს, რომ გადამხდელმა მის ხელთ არსებული მონაცემებით მოახდინა მონაცემების შედარება-ანალიზი, რაც მკვეთრად განსხვავდება შემოწმებით დადგენილი მონაცემებისაგან. ითხოვს წარმომადგენლებთან ერთად გაანგარიშების ცხრილების დეტალურ გავლას და მიღებული შედეგების გათვალისწინებით დღგ-ის კორექტირებას/შემცირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №13431 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, კერძოდ, საბანკო დაწესებულებიდან გაშიფრული ინფორმაცია ჩარიცხული თანხების წარმომავლობის შესახებ;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. ი/მ "--------" (ს/ნ "--------"), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 აპრილის №007-31 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №13431 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 21 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ჯარიმა 21 581 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 24 აპრილის №007-105 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება:

 საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საბანკო ამონაწერები და ელექტრონული ცხრილი პროგრამის ამონაწერიდან, რაზე დაყრდნობითაც გაანგარიშდა პირის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლები. წარმოდგენილი საბანკო ინფორმაციის მიხედვით არ იდენტიფიცირდება თანხის ჩამრიცხავი პირები. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება დამატებით წარმოედგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ, საბანკო დაწესებულებიდან გაშიფრული ინფორმაცია ჩარიცხული თანხების წარმომავლობის შესახებ. ბრძანების საფუძველზე გადამხდელმა 2025 წლის 28 აგვისტოს წარმოადგინა კორექტირებული ელექტრონული ცხრილი პროგრამის ამონაწერიდან, სადაც ასახულია ფიზიკური პირების სახელები და გვარები და აიპი მისამართები. წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით საბანკო ანგარიშებთან მათი შედარება და იდენტიფიცირება შეუძლებელია. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი არ არის ბრძანების მიხედვით მოთხოვნილი მტკიცებულებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, საბანკო დაწესებულებიდან გაშიფრული ინფორმაცია ჩარიცხული თანხების წარმომავლობის შესახებ საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 აპრილის №007-31 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია:

ე) საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განათლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება;

ვ) კერძო მასწავლებლის მიერ სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების მომსახურებების გაწევა, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით ხორციელდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1622 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. თუ ამ მუხლის შესაბამისად, მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზეა გაწეული, მიიჩნევა, რომ იგი არ გაწეულა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო თუ მომსახურება არ არის გაწეული საქართველოს ტერიტორიაზე, იგი განიხილება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეულად.

2. მომსახურების გაწევის ადგილის განსაზღვრის მიზნისთვის, პირი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) დასაბეგრ პირად განიხილება მისთვის გაწეულ ნებისმიერ მომსახურებასთან დაკავშირებით.

ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, არადასაბეგრი პირისთვის მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც იგი არის დაფუძნებული, აქვს მუდმივი მისამართი ან ჩვეულებრივ ცხოვრობს, თუ მისთვის გაწეულია რომელიმე შემდეგი მომსახურება:

ა) ტელესაკომუნიკაციო მომსახურება;

ბ) რადიო- და ტელესამაუწყებლო მომსახურება;

გ) ელექტრონულად გაწეული მომსახურება;

დ) საავტორო უფლების, პატენტის, ლიცენზიის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა მსგავსი უფლების გადაცემა ან დათმობა;

ე) სარეკლამო მომსახურება;

ვ) საკონსულტაციო, საინჟინრო, იურიდიული, საბუღალტრო და სხვა მსგავსი მომსახურება, აგრეთვე, მონაცემთა დამუშავება და ინფორმაციის მიწოდების მომსახურება;

ზ) ამ ნაწილით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის ან უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებისგან ან განხორციელებისგან თავის შეკავების ვალდებულება;

თ) საბანკო, ფინანსური და სადაზღვევო ოპერაციები, მათ შორის, გადაზღვევა, გარდა სეიფის იჯარისა;

ი) პერსონალით უზრუნველყოფა;

კ) მოძრავი ნივთის იჯარით გადაცემა, გარდა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების იჯარისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ,მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ონლაინ საიტის მეშვეობით ლექციების/სემინარების რეალიზაცია. დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებულმა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ გადააჭარმა 100 000 ლარს. გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2023 წლის 21 ნოემბერს, განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა დღგ. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბანკო ამონაწერები და ელექტრონული ცხრილი პროგრამის ამონაწერიდან, რაზე დაყრდნობითაც გაანგარიშდა პირის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლები. საბანკო ინფორმაციის მიხედვით არ იდენტიფიცირდება თანხის ჩამრიცხავი პირები. შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელმა გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა კორექტირებული ელექტრონული ცხრილი პროგრამის ამონაწერიდან, სადაც ასახულია ფიზიკური პირების სახელები, გვარები და აიპი მისამართები. წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შემოწმებით საბანკო ანგარიშებთან მათი შედარება და იდენტიფიცირება ვერ განხორციელდა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა წარდგენილი შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიხედვით მოთხოვნილი მტკიცებულებები, კერძოდ, საბანკო დაწესებულებიდან გაშიფრული ინფორმაცია ჩარიცხული თანხების წარმომავლობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, საბანკო დაწესებულებიდან გაშიფრული ინფორმაცია ჩარიცხული თანხების წარმომავლობის შესახებ საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, ვიდეომასალების ძირითადად მომხმარებლებს წარმოადგენენ არამეწარმე არარეზიდენტი ფიზიკური პირები, ხოლო დღგ-ის მიზნებისათვის მომსახურების გაწევის ადგილს წარმოადგენს უცხო ქვეყნის ტერიტორია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევებში, მიღებული შემოსავალი ვერ იქნება განხილული/გათვალისწინებული დღგ-ის რეგისტრაციის მიზნებისათვის დასაბეგრ ბრუნვად. გადასახადის გადამხდელი ასევე გამოთქვამს მზაობას დღგ-ის მიზნებისთვის, მოცემული საქმიანობის განხორციელების ადგილის დაკვალიფიცირებისათვის, წარმოადგინოს საბანკო დაწესებულებიდან და შესაბამისი პროგრამიდან უფრო დეტალური გაშიფრული ინფორმაცია ჩარიცხული თანხებისა და ფიზიკური პირების შესახებ, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება არსებული მონაცემების საბანკო ანგარიშებთან შედარება და იდენტიფიცირება. აცხადებს, რომ გადამხდელმა მის ხელთ არსებული მონაცემებით მოახდინა მონაცემების შედარება-ანალიზი, რაც მკვეთრად განსხვავდება შემოწმებით დადგენილი მონაცემებისაგან.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. აიპი მისამართები, საბანკო ბარათით ანგარიშწორებები და სხვა) და თუ დადასტურდება, რომ მომსახურების მიმღები ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ მომსახურების მიღება ხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები;

ბ)დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. აიპი მისამართები, საბანკო ბარათით ანგარიშწორებები და სხვა) და თუ დადასტურდება, რომ მომსახურების მიმღები ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ მომსახურების მიღება ხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად განხილვას.

მომჩივანი ითხოვს წარმომადგენლებთან ერთად გაანგარიშების ცხრილების დეტალურ გავლას და მიღებული შედეგების გათვალისწინებით დღგ-ის კორექტირებას/შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გაანგარიშდა პირის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლები. წარმოდგენილი საბანკო ინფორმაციის მიხედვით არ იდენტიფიცირდება თანხის ჩამრიცხავი პირები.ვინაიდან გადამხდელმა ვერ წარმოადგინა თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, საბანკო დაწესებულებიდან გაშიფრული ინფორმაცია ჩარიცხული თანხების წარმომავლობის შესახებ საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.

გადამხდელი, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და თუ დადასტურდება, რომ მომსახურების მიმღები ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ მომსახურების მიღება ხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

1621,163,165,170.