გადაწყვეტილება №23788/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23788/2/2024
26 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----------ს“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 23.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23788/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 16.02.2024 წლის №3324 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2024 წლის №002-124 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17791 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 216 855 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 129 625
დღგ - 1 796
საშემოსავლო გადასახადი - 122 569
ქონების გადასახადი - 5 260
ჯარიმა - 63 025
საურავი - 24 205
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.07.2021 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 22 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საბუღალტრო პროგრამის შესწავლით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გააჩნია დებიტორული დავალიანება. დავალიანებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს დაევალა ურთიერთშედარების აქტების წარდგენა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი არ იქნა. შემოწმების სრულყოფილად ჩატარების და საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, მესამე პირებისგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით. გამოთხოვილი პირებიდან მხოლოდ სამმა წარადგინა ურთიერთშედარების აქტები - ერთ შემთხვევაში, შპს „-------“ (ს/ნ -------), არ ადასტურებს გადასახადის გადამხდელის მიმართ (311 000 ლარი) რაიმე სახის დავალიანების არსებობას, ხოლო შპს „--------ი“ (ს/ნ -------) ადასტურებს, რომ გააჩნია 21 500 ლარი დავალიანება და შპს „------ი“ (ს/ნ --------) ადასტურებს 22 000 ლარის დავალიანებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დებიტორული დავალიანებები, რომლის არსებობაც არ დასტურდებოდა (412 361 ლარი), განხილული იქნა მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 დეკემბრის №30121 ბრძანება და 4 დეკემბრის №002-273 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.02.2024 წლის №3324 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრების დანართად წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული ბრძანება გადასახადის გადამხდელს არ გაუსაჩივრებია.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 თებერვლის №3324 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივნისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 9 825 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივნისის №002-124 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17791 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 თებერვლის №3324 ბრძანების შესაბამისად, დამატებით შესწავლილი იქნა წარდგენილი დოკუმენტი, რის საფუძველზეც დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადში აქტით დარიცხული თანხა. აგრეთვე, საჩივრის დანართად წარდგენილ ურთიერთშედარების აქტთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარდგენილი ურთიერთშედარების აქტი გათვალისწინებულია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პროცესში, რის შედეგადაც შემცირდა დარიცხული თანხა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაანგარიშების პროცესში არ არის გათვალისწინებული დებიტორული დავალიანებები სრულად და დირექტორის ხელფასად არის დაბეგრილი. ამასთან, კომპანია არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, გადასახადისგან თავის არიდების არანაირი სურვილი, განზრახვა და მოტივაცია არ ჰქონია და ფაქტი გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ შეცდომით. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის ნორმაზე და იმის გათვალისწინებით, რომ რაიმე სახის წინასწარ განზრახვას ადგილი არ ჰქონია, დავის განმხილველი ორგანოს თხოვს, უფლებამოსილების ფარგლებში იხელმძღვანელოს მითითებული მუხლით სანქციის გადახდისაგან გათავისუფლების ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 16.02.2024 წლის №3324 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით (დოკუმენტურად დაუდასტურებელი დებიტორული დავალიანების მიღებულად და დირექტორის მიერ გაცემულ ფულად სარგებლად განხილვის ნაწილში), აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრების დანართად წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ხსენებული ბრძანების აღსრულების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივნისის დასკვნის მიხედვით ირკვევა შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, დავის მიმდინარეობის ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ, საჩივართან ერთად წარდგენილია ურთიერთშედარების აქტი (დებიტორულ დავალიანებაზე), რომელიც შემოწმების მიმდინარეობისას (მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა) არ იყო წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მხრიდან. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 თებერვლის №3324 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შესწავლილი იქნა დამატებით წარდგენილი დოკუმენტი, რის საფუძველზეც დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადში აქტით დარიცხული თანხა.
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების პროცესში არ არის გათვალისწინებული დებიტორულ დავალიანებები სრულად და დირექტორის ხელფასად არის დაბეგრილი, მაგრამ არ წარმოადგენს არგუმენტებს და არ მიუთითებს მის მიერ შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე საჩივარზე დანართის სახით წარდგენილი ურთიერთშედარების აქტიდან (დებიტორულ დავალიანებაზე), კონკრეტულად რომელი დებიტორული დავალიანება არ არის გათვალისწინებული და შესაბამისად, რა ნაწილში მიიჩნევს აღსრულებას შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 თებერვლის №3324 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შეუსაბამოდ.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივნისის დასკვნიდან ირკვევა, რომ შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტი და მის საფუძველზე აქტით დარიცხული თანხა დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
რაც შეეხება მომჩივანის თხოვნას დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლების თაობაზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 თებერვლის №3324 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 თებერვლის №3324 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისის გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №3324 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.07.2021 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 22 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საბუღალტრო პროგრამის შესწავლით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გააჩნია დებიტორული დავალიანება. დავალიანებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს დაევალა ურთიერთშედარების აქტების წარდგენა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი არ იქნა. შემოწმების სრულყოფილად ჩატარების და საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, მესამე პირებისგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით. გამოთხოვილი პირებიდან მხოლოდ სამმა წარადგინა ურთიერთშედარების აქტები.
მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე, დებიტორული დავალიანებები, რომლის არსებობაც არ დასტურდებოდა (412 361 ლარი), განხილული იქნა მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №30121 ბრძანება და №002-273 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №3324 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, , დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრების დანართად წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღსანიშნავია, რომ ხსენებული ბრძანება გადასახადის გადამხდელს არ გაუსაჩივრებია.
შემოსავლების სამსახურის №3324 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 9 825 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №002-124 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №17791 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 თებერვლის №3324 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისის გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:269(7);