ბრძანება N 6441
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 6441
30.03.2023
ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------------)
(მის.: ----------------------------------------)
2023 წლის 25 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ------------ის (ს/ნ -----------) №79357/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 24 იანვრის №047- 1 და №047-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებს (2023 წლის 23 იანვრის ბრძანება №772). აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 მარტის სხდომაზე (ოქმი №28).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 მარტის №6694 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მათ მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომლითაც გადაანგარიშებას უნდა დაქვემდებარებულიყო დარიცხული თანხები.
მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციით ხელმძღვანელობის ნაცვლად, მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელმა უფლებამოსილმა პირებმა იხელმძღვანელეს ყოფილი ბუღალტრის მიერ შეცდომით შესრულებული გაანგარიშებით, გაასაშუალოვეს ფასნამატი და ზემოაღნიშნული ცხრილების გაერთიანებით გამოიყვანეს ფასნამატი, რამაც გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე. კერძოდ, ფასნამატი გაზრდილ იქნა არასწორ მონაცემებამდე, რაც იწვევს სანქციის დამძიმებას გადამხდელისთვის.
მომჩივანი ითხოვს, რომ გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების გადაანგარიშება განხორციელდეს მხოლოდ მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს გადამხდელის ინტერესები და ადგილი არ ჰქონდეს გაანგარიშებაში დაშვებული შეცდომის გამო გადამხდელისთვის დაკისრებული სანქციის დამძიმებას. მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შესრულებული გაანგარიშებებიდან გამომდინარეობს, რომ თბილისის ტერიტორიაზე მდებარე გადამხდელის ობიექტზე არსებული ფასნამატი შეადგენს დაახლოებით 34 პროცენტს, რაც არარეალურია და ეს ციფრი არათუ თბილისის ტერიტორიაზე, არამედ რაიონის კვალობაზეც დადგენილი აუდირებულ ფასნამატებთან მიმართებითაც საკმაოდ დიდ სხვაობას იწვევს.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მეწარმის სრული საგადასახადო შემოწმება, რომლის ფარგლებში დადგენილმა აუდირებულმა ფასნამატმა შეადგინა -- პროცენტი, რომელიც ფაქტიურად ემთხვევა საგადასახადო მონიტორინგისთვის მათ მიერ მიწოდებულ გაანგარიშებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული სანქციების შემცირებას.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 მარტის №6694 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ -----------ის (ს/ნ ---------------) საჩივარი. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. მათ შორის, საქონლის ფასნამატის (ცხრილების სახით) გაანგარიშება შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად. მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება განხორციელდა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 7 აპრილს დადგენილ ვადაში (15 კალენდარულ დღეში) გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარმოუდგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. მათ შორის, საქონლის ფასნამატის (ცხრილების სახით) გაანგარიშება შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 23 იანვრის N772 ბრძანების საფუძველზე გადაანგარიშების შედეგად დარიცხული ჯარიმა დანაკლისის ნაწილში 14660.54 ლარი შემცირდა 1537.48 ლარით და დარიცხულმა ჯარიმამ შეადგინა 13123.05 ლარი, ხოლო აღურიცხავის (ზედმეტობის) ნაწილში 3595.83 ლარი შემცირდა 291.95 ლარით და დარიცხულმა ჯარიმამ შეადგინა 3303.88 ლარი. აღნიშნულზე 2023 წლის 24 იანვარს გამოიცა N047-1 და N047-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები, რომლებსაც გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2023 წლის 27 იანვარს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებსა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ირკვევა, რომ და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგად დარიცხული ჯარიმა დანაკლისის ნაწილში 14660.54 ლარი შემცირდა 1537.48 ლარით და დარიცხულმა ჯარიმამ შეადგინა 13123.05 ლარი. ხოლო აღურიცხავის (ზედმეტობის) ნაწილში 3595.83 ლარი შემცირდა 291.95 ლარით და დარიცხულმა ჯარიმამ შეადგინა 3303.88 ლარი
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 მარტის №6694 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ -----------ის (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგად დარიცხული ჯარიმა დანაკლისის ნაწილში 14660.54 ლარი შემცირდა 1537.48 ლარით და დარიცხულმა ჯარიმამ შეადგინა 13123.05 ლარი. ხოლო აღურიცხავის (ზედმეტობის) ნაწილში 3595.83 ლარი შემცირდა 291.95 ლარით და დარიცხულმა ჯარიმამ შეადგინა 3303.88 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 მარტის №6694 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (4) (9);