ბრძანება N 32661

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.12.2023
№ დოკუმენტი 32661
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 32661

25 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 6 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 6 ნოემბრის №84688/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №094-81 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კვლავ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ საპრომოციოდ დარიგებული საქონელი დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, ხოლო შემმოწმებელმა აღნიშნული საპრომოციოდ დარიგებული საქონელი განიხილა უსასყიდლოდ მიწოდებად ფასნამატით და დაბეგრა მოგების გადასახადით. აღნიშავს, რომ კომპანიის მიერ საპრომოციოდ დარიგებული საქონელი თითოეული ფიზიკური პირისათვის არ აღემატებოდა 1000 ლარს, რომელთა გადაცემა ბენეფიციარებზე ხდებოდა საქართველოს მასშტაბით კონფერენციებზე, სხვადასხვა შეხვედრებზე, რაზეც ძირითად შემთხვევებში არსებობს მედიკამენტების გადაცემის დოკუმენტაცია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ითხოვს საშემოსავლო გადასახადის შემცირებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარდგენილ იქნა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, თუმცა ვალდებულებები არ გადაანგარიშდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9897 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს ,,---ს’’ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9897 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმადაც შემოწმების აქტის საფუძველზე, გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 26 ოქტომბრის №094-81 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის/ანალიზის შედეგად, შპს „---ს“ მიერ სამედიცინო პერსონალზე უსასყიდლოდ საპრომოციოდ გადაცემული მედიკამენტების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში დეკლარირებული ვალდებულებები უცვლელი დარჩა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტით შეუძლებელია ფიზიკური პირის იდენტიფიცირება (არ არის მითითებული პირადი ნომერი) და ასევე მითითებულია მხოლოდ მედიკამენტის დასახელება (არ არის მითითებული ფასი). ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ექსელის ფორმატში ასახული საქონლის ჯამური ჩამოწერები), სადაც ასევე შეუძლებელია ფიზიკური პირის იდენტიფიცირება (არ არის მითითებული პირადი ნომერი) და მასზე გაცემული საქონლის ღირებულების განსაზღვრა.

შედეგად, შპს „---ს“ მიერ სამედიცინო პერსონალზე უსასყიდლოდ საპრომოციოდ გადაცემული მედიკამენტების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში დეკლარირებული ვალდებულებები უცვლელი დარჩა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9897 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმადაც შემოწმების აქტის საფუძველზე, გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 26 ოქტომბრის №094-81 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.