გადაწყვეტილება №21942/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21942/2/2024
29 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 12.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21942/2/2024).
დავის საგანი:
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №007-435 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №298 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 39 126.17 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 22 817
ჯარიმა - 11 408
საურავი - 4 901.17
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2020, 2021, 2022 და 2023 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორე.
მომჩივანს 2020-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში წარმოეშვა ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.
შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდზე, ქონების გადასახადში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა ჯამში 22 817 ლარით. გადასახადის შემცირებისთვის მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №007-435 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №298 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-9 ნაწილზე, მე-8-ე მუხლის მე-16 ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-12 ნაწილზე, მე-14 ნაწილზე, მე18 მუხლის მე-7 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ ვინაიდან, ფიზიკურ პირს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, ხოლო მას (ოჯახის წევრებს) საკუთრებაში უფიქსირდება მოძრავი/უძრავი ქონება, გადამხდელი ვალდებული იყო წარედგინა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაცია და გადაეხადა გადასახადი. დასაბეგრი ქონების ღირებულებად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზებში დაფიქსირებული შესყიდვის და ასევე ფიზიკური პირის მიერ დაფიქსირებული ღირებულებების გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ქონება არის შეფასებული მაღალ ფასში. ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო მოთხოვნა და №298 გადაწყვეტილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს.
აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2023 წლის №9856-21-14 წერილით ირკვევა, რომ გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემთა საფუძველზე დადგინდა, რომ ფიზიკურ პირს ------- (პ/ნ -------) 2019, 2020, 2021 და 2022 წლების საგადასახადო პერიოდებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის მიხედვითაც დაუდგინდა 2020-2023 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შსს-ს ინფორმაციით, ფიზიკური პირის და მისი ოჯახის საკუთრებაში არის, როგორც მოძრავი ისე უძრავი ქონება (ავტომობილები, ბინები, შენობა ნაგებობა).
მომჩივანს მიაჩნია, რომ დასაბეგრი ქონება შეფასებულია მაღალ ფასში, თუმცა ვერ წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებას, ასევე ვერ მიუთითებს რაიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად.
ამგვარად, ვინაიდან დადგენილია და სადავო არ არის, რომ მომჩივნის შემოსავალი აღემატება ქონების გადასახადისგან გათავისუფლების მიზნებისთვის განსაზღვრულ ოდენობას, გადასახადის გადამხდელს გააჩნია დასაბეგრი ქონება, ხოლო მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას სადავო დარიცხვის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2020, 2021, 2022 და 2023 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორე.
მომჩივანს 2020-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში წარმოეშვა ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №298 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(7); 201(1-გ.ა); 202(5); 205(12); 275