გადაწყვეტილება №21874/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.05.2024
№ დოკუმენტი 21874/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21874/2/2024

16 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 9.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21874/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7150 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №086-54 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31489 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 174 840.91 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 103 657

დღგ - 35 690

საშემოსავლო გადასახადი - 67 729

ქონების გადასახადი - 238

ჯარიმა - 36 788

საურავი - 34 395.91

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 29.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო მონაცემებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ, არ არის შესაძლებელი საქონლის იდენტიფიცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.07.2022 წლის №16932 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა გადასახადის გადამხდელთან. საგადასახადო შემოწმებით დამუშავდა საკონტროლო შესყიდვის შედეგები და საშუალო ფასნამატად განისაზღვრა დაახლოებით 12.4%, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამატი კი წლების მიხედვით შეადგენს - 9.8%, 9.1%-სა და 7.7%-ს. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შესამოწმებელ პერიოდში საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში დეკლარირებულმა გამოქვითვებმა შეადგინა სულ 8 287 836 ლარი, ხოლო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე გაანგარიშებულმა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითმა ხარჯმა შეადგინა სულ 8 332 432 ლარი, შესაბამისად, გამოსაქვითი ხარჯი გაიზარდა 44 587 ლარით.

გადასახადი გადამხდელს 2021 წლის მაისის თვეში მიღებული აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა ავ----------, ჩასათვლელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 1 098 ლარი. 2021 წლის ივნისის თვეში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეა---------- და ეა----------. მეწარმეს არ აქვს განაშთული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, შესაბამისად 2021 წლის ივნისის თვეში დაერიცხა დღგ 1 098 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ძირითადი საშუალებების შეძენა, თუმცა შესამოწმებელ პერიოდზე არ აქვს დეკლარირებული ქონების გადასახადი. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 10.10.2022 წელს გამოიცა №25739 ბრძანება და №086-40 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 9.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7150 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7150 ბრძანება 27.04.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 9.06.2023 წლის №19541/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7150 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნა, რომლითაც სულ შემცირებას დაექვემდებარა 28 741 ლარი, მათ შორის გადასახადი 18 533 ლარი და ჯარიმა 10 288 ლარი.

დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 10.10.2023 წელს გამოიცა №25114 ბრძანება და 11.10.2023 წლის №086-54 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 10.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.12.2023 წლის №31489 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილია მხოლოდ ინფორმაცია ექსელის ფაილით რეალიზებული საქონლის შესახებ. აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული გადაანგარიშების ეტაპზე. მიუხედავად ამისა, სეზონურობასთან დაკავშირებით, შეძლებისდაგვარად აღნიშნულ ფაილიდან გაანალიზდა ზოგიერთი საქონლის ფასი წლის ჭრილში და დადგინდა, რომ მაგალითად „----------“ ფასნამატი 2019 წლის იანვრიდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით შეადგენს 25%-ს, „----------“ ფასნამატი ამავე პერიოდებში მუდმივად 21%-ს, „----------“ ფასნამატი 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით 12%-ს და ა.შ. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ, საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებულ საქონელთან დაკავშირებით. 25.06.2019 წელს შესყიდულია სიგარეტი „----------“, საშუალო ფასნამატმა შეადგინა 5,2%. 1.07.2022 წლის საკონტროლო შესყიდვის შედეგებით კატეგორია „----------“ საშუალო ფასნამატმა შეადგინა 6.7%. შესაბამისად, 2019 წლის საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული სიგარეტის ფასნამატი გამოყენებულ იქნა 2019 და მომიჯნავე 2020 წელზე კატეგორიისათვის „სიგარეტი“, ხოლო 2022 წლის საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული კატეგორია „----------“ საშუალო ფასნამატი გამოყენებულ იქნა 2022 და მომიჯნავე 2021 წელზე.

რაც შეეხება გაანგარიშების ნაწილს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 9.08.2019 წლის №27683 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა მეწარმის 2019 წლის აპრილის, მაისის, ივნისისა და ივლისის თვეების საანგარიშო პერიოდების საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმება დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ მონაცემებს და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებული თვეების რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადიდან დეკლარირებული ფასნამატი, დადგენილი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კი გამოაკლდა ჯამურ 2019 წლის რპთ-ს და აღნიშნული გადანაწილდა წლის ჭრილში 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებზე.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით ჰქონდა მოლოდინი რომ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოზე მიეცემოდა საშუალება არგუმენტები გაეზიარებინა საბჭოს წევრებისათვის და აუდიტის დეპარტამენტისგან მოესმინა არგუმენტი რატომ არ იქნა გაყიდვების პროგრამიდან წარდგენილი დეტალური ინფორმაცია გათვალისწინებული, აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი ამ დრომდე არ მიუღია აუდიტის დეპარტამენტიდან. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება და საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მომჩივანი მიუთითებს ჯანმრთელობის პრობლემაზე (არის ასაკოვანი და აწუხებს გულის უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი, 2.01.2024 წელს შაქრიანი დიაბეტის ფონზე განუვითრდა გულის უკმარისობა და მოხვდი სამედიცინო დაწესებულებაში), შესაბამისად ვერ მოახდინა კანონით დადგენილ ვადაში საჩივრის წარმოდგენა, როდესაც შეექმნა ობიექტური შესაძლებლობა საჩივარი წარმოადგინა - აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ითხოვს აღნიშნული არ ჩაითვალოს ვადის დარღვევად.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად წარადგინა გაყიდვების პროგრამიდან მონაცემები, კერძოდ: გაყიდვის თარიღის, გაყიდული საქონლის დასახელების, რაოდენობის, და ფასების მითითებით დღის ჭრილში, სრულ პერიოდზე მათ შორის წინა საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდზე. აღნიშნული ინფორმაცია არ გაითვალისწინა აუდიტის დეპარტამენტმა, არ დაასაბუთა მიზეზი თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული, დასკვნაში არცერთი სიტყვა არაა ნახსენები ამასთან დაკავშირებით, გაუგებარია შემოსავლების სამსახურის პოზიცია - თითქოსდა საქმისათვის ყველა არსებითი გარემოება იქნა შესწავლილი, უსამართლოა მსგავსი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან და ზღუდავს მის უფლებას, მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინება, სამართლიანად და ობიექტურად, ფაქტობრივ მონაცემებს ვერავინ ვერ აუვლის გვერდს, სიმართლე მის მხარესაა და ბოლომდე იბრძოლებს სიმართლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უსაფუძვლოდ მიაჩნია და არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს პოზიციას, კერძოდ წარდგენილი გაყიდვების პროგრამის ინფორმაციის გაუთვალისწინებლობას, შეისწავლა შემოწმების აქტში ასახული გაანგარიშებები და აღმოჩნდა, რომ გამოყენებული მეთოდები და ტექნიკა არასწორია და შეიცავს არსებით უზუსტობებს, კერძოდ: საგადასახადო ორგანოს ჰქონდა ინფორმაცია 2019 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სიგარეტის საკონტროლო შესყიდვის შესახებ, თუმცა არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშებისას, შემმოწმებელმა იხელმძღვანელა 1.07.2022 წლის საკონტროლო შესყიდვის შედეგებით, როგორც სიგარეტზე ასევე, სხვა საქონელზე, მოცემულ შემთხვევაში კი შემოწმებამ არ გაითვალისწინა ფასწარმოქმნის გადაწყვეტილებაზე მოქმედი ფაქტორი - სეზონურობა, სეზონურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია და არსებით გავლენას ახდენს ფასწარმოქმნაზე - აღნიშნული დასტურდება წარდგენილი გაყიდვების პროგრამიდან, მეწარმე საქმიანობას ახორციელებს ---------- და როგორც წესი ესეთ დროს ფასნამატი იზრდება, აქედან გამომდინარე, სეზონზე საკონტროლო შესყიდვით დაფიქსირებული ფასნამატი არ და ვერ ასახავს რეალურ სურათს და მისი ამგვარი გამოყენება არამართლზომიერია.

საგადასახადო ორგანომ მტკიცებულებათა გამოუკვლეველად განხორციელა მეწარმის საგადასახადო ტვირთის დამძიმება. 2019 წლის საკონტროლო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდებული იქნა გადაანგარიშების ეტაპზე და შედეგად მხოლოდ 2019 და 2020 წლებში გაითვალისწინა 2019 წელს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი წლის ჭრილში და არა სეზონურად, 2019 წლის საკონტროლო შესყიდვაც სეზონზე განხორციელდა. აქაც დაუსაბუთებელია რომელ სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით განხორციელდა აღნიშნული, რატომ არ იქნა მაგალითად 2021 წელს გავრცელებული იგივე მიდგომა? ასევე, აღსანიშნავია გაანგარიშების ტექნიკური ნაწილი. გადაანგარიშების შედეგად საგადასახადო ორგანომ 2019 წლის სანგარიშო პერიოდზე გაიანგარიშა დეკლარირებული თვითღირებულება წინა საგადასახადო შემოწმების ოთხ თვეზე, გამოაკლო აღნიშნული წლის რპთ და დანარჩენი გადაანაწილა წლის ჭრილში, რასაც არ ეთანხმება. ფიქრობს, რომ თუ საგადასახადო ორგანო იყენებს არაპირდაპირ მეთოდს და ხელმძღვანელობს დეკლარირებული მონაცემებით, საწყისი-საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთებით და წლის ჭრილში ადგენს რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას, დროში განაწილების კუთხით უნდა გამოიყენოს დეკლარირებული 8 თვის და შემოწმების შედეგად 4 თვის შემოსავლის ბრუნვა და ამგვარად, მოახდინოს სამართლიანად გადანაწილება, იმ შემთხვევაში თუ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი გადააჭარბებს წინა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვებს, მოცემულ თვეებში ბრუნვა დარჩება იგივე, რადგან საგადასახადო ორგანო შემოსავალზე ვერ იმოქმედებდა გადაწყვიტა თვითღირებულება შეემცირებინა შემოწმებულ პერიოდზე რაც ფიქრობს, რომ არც ლოგიკურია და ბუნებრივია არც სამართლიანი.

მითითებული ფაქტობრივი გარემოების და სამართლებრივი საფუძვლების გათვალიწინებით, ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დაევალოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 16.01.2024 წლის №---------- წერილით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 14.12.2023 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 8.01.2024 წელი (მე-20 დღე, 3.01.2024 წელი, ემთხვევა საქართველოს მთავრობის 25.12.2023 წლის №500 დადგენილებით განსაზღვრულ უქმე დღეს), ხოლო საჩივარი წარმოდგენილია 9.01.2024 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ.

მომჩივანი მიუთითებს ჯანმრთელობის პრობლემაზე (არის ასაკოვანი და აწუხებს გულის უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი, 2.01.2024 წელს შაქრიანი დიაბეტის ფონზე განუვითრდა გულის უკმარისობა და მოხვდი სამედიცინო დაწესებულებაში), შესაბამისად ვერ მოახდინა კანონით დადგენილ ვადაში საჩივრის წარმოდგენა, როდესაც შეექმნა ობიექტური შესაძლებლობა საჩივარი წარმოადგინა - აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ითხოვს აღნიშნული არ ჩაითვალოს ვადის დარღვევად.

აღნიშნულის დამადასტურებლად მომჩივანი წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემულ ცნობებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანი წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას, რაც მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველია.

რაც შეეხება სადავო საკითხს, საბჭო მიუთითებს შემდეგზე:

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7150 ბრძანებით:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნით:

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით დარიცხული ჯარიმა.

- ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ნაწილში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) 1.02.2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ი/მ ---------- შეიძინა დახლ-მაცივარი 3 ერთეული, 2 კომპლექტი კომპიუტერი, კომპიუტერის მაგიდა 2 ცალი, კარადა 1 ცალი, პრინტერი 1 ცალი, პრინტერის ტუმბო 1 ცალი, სულ ღირებულებით 8 400 ლარი. აღნიშნული გათვალისწინებულია გადაანგარიშებით, შესაბამისად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა.

ამასთან, ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას არ იყო წარდგენილი აღნიშნული ძირითადი საშუალებების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემოწმების შედეგად აღნიშნულ ქონებაზე არ არის დარიცხული ქონების გადასახადი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

მომჩივანი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით ჰქონდა მოლოდინი რომ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოზე მიეცემოდა საშუალება არგუმენტები გაეზიარებინა საბჭოს წევრებისათვის და აუდიტის დეპარტამენტისგან მოესმინა არგუმენტი რატომ არ იქნა გაყიდვების პროგრამიდან წარდგენილი დეტალური ინფორმაცია გათვალისწინებული, აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი ამ დრომდე არ მიუღია აუდიტის დეპარტამენტიდან. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება და საჩივარი არ დააკმაყოფილა.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31489 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7150 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).