გადაწყვეტილება №20187/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.09.2023
№ დოკუმენტი 20187/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20187/2/2023

04.09.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------ი“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------ი“-ს 4.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20187/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25273 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №081-43 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13627 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 81 583 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 40 968 დღგ - 40 887

საშემოსავლო გადასახადი - 8 253

ქონების გადასახადი - (-8 172)

ჯარიმა - 23 031

საურავი - 17 584

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 25.04.2019 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 18 იანვრის №349 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, კომპანიას შეძენილი აქვს ბალასტი, რომელსაც ამუშავებს და მისგან აწარმოებს: ქვიშა 03, ქვიშა 05, ღორღი 10 და ღორღი 20-ს. შემოწმებით დადგინდა, რომ ბუღალტრულ პროგრამაში ასახულია წარმოებული ბალასტი 3%-იანი დანაკარგით. ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით არ არსებობს შემოსავლები სამსახურის უფროსის ბრძანება ბალასტის დანაკარგის შესახებ, შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო მიზნებისათვის, საწარმოს მიერ შეძენილი ნედლეული გადამუშავდა 3%-ის გაუთვალისწინებლად, სხვაობა 1 174 მ 3 ბალასტისგან პროპორციულად იქნა წარმოებული ქვიშა 03, ქვიშა 05, ღორღი 10 და ღორღი 20, რომელიც მიჩნეულ იქნა რეალიზებულად. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2022 წლის №9260 ბრძანება და 13.04.2022 წლის №081-61 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25273 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდება დანაკარგის ოდენობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25273 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 2023 წლის 14 მარტის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 4.04.2023 წლის №7279 ბრძანება და 5.04.2023 წლის №081-43 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13627 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შპს „------------ის“ 2023 წლის 15 თებერვლის დასკვნა. ექსპერტის წინაშე დასმული საკითხი იყო: დაედგინა ბალასტის წარმოების/გადამუშავების პროცესში არსებული დანაკარგები, თუმცა პასუხი, რომელიც აღწერილია ზემოაღნიშნულ დასკვნაში არ შეესაბამება დასმულ კითხვას. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე დარიცხული თანხები გადაანგარიშებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ბალასტის წარმოების/გადამუშავების პროცესში დანაკარგების არსებობა და ეს ინფორმაცია უტყუარად დადასტურებულია, ასევე დადგენილია დანაკარგის ოდენობა ასეთი წარმოების დროს, თუმცა შემმოწმებელი თვლის, რომ კონკრეტული შემთხვევა უნდა ყოფილიყო შესწავლილი/გამოკვლეული და ზოგადად მსგავს საქმიანობაში დანაკარგების არსებობა/ოდენობა არ უნდა გავრცელდეს განსახილველ შემთხვევაზე. მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში ხარვეზი უნდა დაედგინა საგადასახადო ორგანოს და დამატებით კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა მოეთხოვა დასკვნის წარდგენა (თუ ამ დასკვნას საკმარისად არ მიიჩნევდა) და ცალსახად ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ დასკვნა არ პასუხობს - არ ნიშნავს იმას, რომ სადავო შემთხვევაში ბალასტის წარმოების/გადამუშავების პროცესში დანაკარგები არ არსებობს.

მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო აუდირებული გადამხდელის მონაცემები გამოეყენებინა, ან გამოეთხოვა ინფორმაცია მე-3 პირებისაგან, რაც არ მოუხდენია. ამასთან ისე მიიღო უარი, რომ საგადასახადო ორგანოს არც მოუთხოვია მისგან რაიმე დაზუსტება.

შესამოწმებელ პერიოდში გააჩნდა ჩამოწერის აქტები, თუ რამდენია დანაკარგი წარმოების პროცესში, რაც ასევე არ იქნა გაზიარებული.

აქვე განმარტავს, რომ ხარვეზის გამოსწორების მიზნით დამატებით მიმართა ექსპერტს, რაზეც პასუხს შესაძლებლად მოკლე ვადაში წარმოადგენს ექსპერტიზის დასკვნას ბალასტის წარმოების/გადამუშავების პროცესში არსებული დანაკარგების შესახებ.

მიაჩნია, რომ არ არის დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 601 მუხლები, რაც სადავო აქტების ბათილობის საფუძველია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25273 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდება დანაკარგის ოდენობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25273 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 2023 წლის 14 მარტის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შპს „----------ის“ 2023 წლის 15 თებერვლის დასკვნა, რომელიც შპს „--------ის“ დირექტორის ექსპერტ-შემფასებლის მიერ იქნა ჩატარებული. ექსპერტის წინაშე დასმული საკითხი იყო დაედგინა ბალასტის წარმოების/გადამუშავების პროცესში არსებული დანაკარგები, თუმცა პასუხი, რომელიც აღწერილია ზემოთ აღნიშნულ დასკვნაში არ შეესაბამება დასმულ კითხვას. შესაბამისად, შემმოწმებლების მიერ არ მოხდა აღნიშნული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება).

დადგენილია, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო 4.10.2022 წლის №25273 ბრძანების მიხედვით, სათანადო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, ამასთან სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს (აუდირებული გადამხდელის მონაცემების და ჩამოწერის აქტების გამოეყენება), რაზეც, საბჭო ვერ იმსჯელებს ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25273 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25273 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №25273 ბრძანების აღსრულების შედეგები.მომჩივანს მიაჩნია, რომ არ არის დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 601 მუხლები, რაც სადავო აქტების ბათილობის საფუძველია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №25273 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდება დანაკარგის ოდენობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №25273 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა №7279 ბრძანება და №081-43 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №13627 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის №25273 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6); 304(21);

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 601 მუხლები;