ბრძანება N 11193

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.06.2025
№ დოკუმენტი 11193
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11193

02 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----------------ის (ს/ნ ---------------------)

(მის.: -------------------------------------------)

2025 წლის 7 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 15 მაისის სხდომაზე (ოქმი №39) განიხილა ი/მ ----------------ის (ს/ნ ---------------------) 2025 წლის 7 მაისის №------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 აპრილის №053-1 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ განსაზღვრულ 2021 წლის შეძენებში მოხვედრილია 45 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალა, რომელიც მეწარმემ შეიძინა 2020 წელს და უკვე გათვალისწინებულია 2021 წლის საწყის ნაშთში, ხოლო მისი ჩართვა 2021 წლის შეძენებში არასწორია.

ამასთან, საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელმა განაცხადა, რომ ზემოაღნიშნულის გარდა ასევე არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებულ 2021 წლის საწყის ნაშთს. განმარტა, რომ შემოწმების მიერ განსაზღვრული ნაშთის მოცულობა აღემატება ადგილს, მოცულობას, სადაც დასაწყობებული იყო საქონელი. აცხადებს, რომ აღნიშნულის მტკიცებულებად შეუძლია წარმოადგინოს ცხრილები, პირველადი დოკუმენტები, ინვენტარიზაციის მასალები და საჭიროების შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრას. განმარტავს, რომ გაანგარიშებაში არ არის გათვალისწინებული ხე-მასალის დანაკლისის თანხები. აღნიშნული კი თავის მხრივ მეწარმეს დაბეგრილი ჰქონდა 2021 წლის მაისში, 2022 წლის მარტსა და 2022 წლის აგვისტოში. შემოწმებამ კი მოახდინა მათი დუბლირებული დაბეგვრა. 3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ხე-მასალის რეალიზაციაზე განსაზღვრულ ფასნამატს და აცხადებს, რომ ის არასწორად არის დაანგარიშებული და დაუსაბუთებელია. მიუთითებს, რომ საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს გონივრულ ვადაში წარმოადგენს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1743 და 20 მარტის №5088 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----------------ის (ს/ნ ---------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 7 აპრილის №6594 ბრძანება და ამავე თარიღის №053-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 446 067 ლარი, მათ შორის, გადასახადი 242 552 ლარი, ჯარიმა 109 133 ლარი, საურავი 94 382 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

ინდივიდუალური მეწარმე ი/მ ----------------ი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2003 წლის 27 მარტს, დღგ-ის გადამხდელად კი რეგისტრირებულია 2011 წლის 24 იანვრიდან. მეწარმის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო/საცალო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით და იმპორტირებული დახერხილი ხის მასალებით. საქმიანობის განხორციელების ადგილია ---ი, -----ის რაიონის სოფელი -----ი (ფართი გადასახადის გადამხდელის საკუთრებაშია). გადასახადის გადამხდელი სამშენებლო მასალების (ცემენტი, არმატურა, მილი, ხრახნი და ა.შ.) შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე, დახერხილი ნაძვი და ფიჭვი კი შემოტანილია -------დან. მეწარმე საქონლის რეალიზაციას ახორციელებს როგორც დოკუმენტურად, ასევე დოკუმენტის გარეშე (დოკუმენტური რეალიზაციების წილი შეადგენს 29%-ს). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 12 თებერვლის №2381 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და 2025 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით საქონლის ნაშთი შეადგენს 940 686 ლარს (საბაზრო ღირებულებით). გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველი თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 18%-ს. 2021 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღამდე სულ შეძენილია საქონელი 2 721 088 ლარის ოდენობით, საწყისი ნაშთი შეადგენს 257 890 ლარს, დეკლარირებული ბრუნვა კი შეადგენს 2 786 773 ლარს (დღგ-ს გარეშე).

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და ინვენტარიზაციის მასალები. გადასახადის გადამხდელის შეძენილი სმფ-ები დაყოფილ იქნა კატეგორიებად (სამშენებლო მასალები, დახერხილი ფიჭვი, ნაძვი, ფიცარი და ა.შ.). 2021, 2022, 2023 წლებში დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (რპთ). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღწერილი საქონლის ღირებულებები დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ შეძენის ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი, რომელიც გავრცელდა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (რპთ). შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. მეწარმეს არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლებით 2021, 2022 და 2023 წლებში გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73, 159-ე, 163, 164, მე-100 და 102-ე მუხლების მიხედვით, რის შედეგად, პირს საგადასახადო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პრველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მიხედვით:

1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან. 3. პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს იმ კალენდარული წლის დასრულებიდან არანაკლებ 3 წლის განმავლობაში, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს „ხე-ტყის საწარმოო გამოსავლიანობის და აზომვის დასაშვები ცდომილების ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 21 ივნისის №14299 ბრძანებით დამტკიცებული სიტუაციურ სახელმძღვანელოზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა, საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა როგორც დოკუმენტურად, ასევე დოკუმენტის გარეშე (დოკუმენტური რეალიზაციების წილი შეადგენდა 29%-ს). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 12 თებერვლის №2381 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და 2025 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით საქონლის ნაშთმა შეადგინა 940 686 ლარი (საბაზრო ღირებულებით). დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და ინვენტარიზაციის მასალები. გადასახადის გადამხდელის შეძენილი სმფ-ები დაყოფილ იქნა კატეგორიებად (სამშენებლო მასალები, დახერხილი ფიჭვი, ნაძვი, ფიცარი და ა.შ.). 2021, 2022, 2023 წლებში დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (რპთ). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღწერილი საქონლის ღირებულებები დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ შეძენის ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდში საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (რპთ).

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტზე, რომლის მიხედვითაც იმპორტირებული ხე-ტყის მასალის შეძენისთვის გადახდილი თანხები შემოწმების მიერ დუბლირებულად არის დაბეგრილი, კერძოდ, განმარტავს, რომ შემოწმების მიერ განსაზღვრულ 2021 წლის შეძენებში მოხვედრილია 45 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალა, რომელიც მეწარმემ შეიძინა 2020 წელს და უკვე გათვალისწინებულია 2021 წლის საწყის ნაშთში, ხოლო მისი ჩართვა 2021 წლის შეძენებში არასწორია.

ამასთან, განმარტავს, რომ შემოწმების მიერ განსაზღვრული ნაშთის მოცულობა აღემატება ადგილს/მოცულობას სადაც დასაწყობებული იყო საქონელი. აცხადებს, რომ არგუმენტაციის დასადასტურებლად შეუძლია წარმოადგინოს მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტზე, რომლის მიხედვითაც შემოწმებას მხედველობაში არ აქვს მიღებული ხე-მასალის დანაკლისის თანხები. აღნიშნული კი თავის მხრივ მეწარმეს დაბეგრილი ჰქონდა 2021 წლის მაისში, 2022 წლის მარტსა და 2022 წლის აგვისტოში. შემოწმებამ კი მოახდინა მათი დუბლირებული დაბეგვრა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, კერძოდ, არასრულად აღრიცხავს საქონლის შეძენას და რეალიზაციას, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ არაპირადაპირი მეთოდის გამოყენება, დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა სახეობების მიხედვით და აღნიშნული ფასნამატის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელება განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----------------ის (ს/ნ ---------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ 2021 წლის საწყის ნაშთს.

2. შემოწმების მიერ განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრას.

3. შემოწმების მიერ ხე-მასალის რეალიზაციაზე განსაზღვრულ ფასნამატს და აცხადებს, რომ ის არასწორად არის დაანგარიშებული და დაუსაბუთებელია. მიუთითებს, რომ საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს გონივრულ ვადაში წარმოადგენს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №1743 და №5088 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №6594 ბრძანება და №053-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 446 067 ლარი, მათ შორის, გადასახადი 242 552 ლარი, ჯარიმა 109 133 ლარი, საურავი 94 382 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ მეწარმე საქონლის რეალიზაციას ახორციელებს როგორც დოკუმენტურად, ასევე დოკუმენტის გარეშე (დოკუმენტური რეალიზაციების წილი შეადგენს 29%-ს). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №2381 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და 2025 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით საქონლის ნაშთი შეადგენს 940 686 ლარს (საბაზრო ღირებულებით). გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველი თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 18%-ს. 2021 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღამდე სულ შეძენილია საქონელი 2 721 088 ლარის ოდენობით, საწყისი ნაშთი შეადგენს 257 890 ლარს, დეკლარირებული ბრუნვა კი შეადგენს 2 786 773 ლარს (დღგ-ს გარეშე).

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და ინვენტარიზაციის მასალები. გადასახადის გადამხდელის შეძენილი სმფ-ები დაყოფილ იქნა კატეგორიებად (სამშენებლო მასალები, დახერხილი ფიჭვი, ნაძვი, ფიცარი და ა.შ.). 2021, 2022, 2023 წლებში დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (რპთ). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღწერილი საქონლის ღირებულებები დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ შეძენის ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი, რომელიც გავრცელდა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (რპთ). შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. მეწარმეს არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლებით 2021, 2022 და 2023 წლებში გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73, 159-ე, 163, 164, მე-100 და 102-ე მუხლების მიხედვით, რის შედეგად, პირს საგადასახადო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ხოლო,მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 100(1.3„ბ“); 102; 105(1.2); 106; 145(1.მე-2 და მე-3); 158(1); 159(1„ა“ და „ბ“); 163(1 და მე-2); 164(1);