ბრძანება N 2431

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.02.2023
№ დოკუმენტი 2431
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2431

10.02.2023

ი/მ "----------" (ს/ნ ----------)

(მის: ----------)

2023 წლის 18 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10) განიხილა ი/მ "----------"ს (ს/ნ ----------) №8504/21 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის ID: ---------- გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი განმარტავს, რომ 2022 წლის 30 ნოემბერს მის მიერ გაგზავნილ იქნა განაცხადი საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, რომლითაც ითხოვდა 2022 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანება განსაზღვრულიყო 55680 ლარით, რაც გადახდილი იქნებოდა საგადასახადო შეთანხმების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. 2022 წლის 20 დეკემბერს კი მიიღო უარი საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე. აღნიშნული უარი არის დაუსაბუთებელი და ზიანის მომტანი ორივე მხარისათვის, ვინაიდან გარდა 12 000 ლარად შეფასებული მსუბუქი ავტომობილისა არ უფიქსირდება არანაირი მოძრავი თუ უძრავი ქონება, რომლის რეალიზაციის შედეგად შესაძლებელი იქნებოდა რაიმე სახის თანხების ამოღება და მიქცევა ვალდებულებების დასაფარად. ასევე ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და შრომისუუნარო მშობლები, რომლიდანაც მამა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. რაც შეეხება შემოსავალს არ გააჩნია მუდმივი სამსახური, რაც შეუძლებელს ხდის მის ფინანსურ სტაბილურობას. გასაჩივრებული შეტყობინება მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას და სამართლებრივ საფუძველს, რადგან სახელმწიფოს მიერ ვერ მოხერხდება დავალიანების ფაქტობრივი ამოღება.

აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 30 ნოემბერს გადასახადის გადამხდელმა ID: ----------განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმება. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის 2 დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის ID: ----------გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა შემოთავაზებული პირობებით საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია:

ა) უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე;

ბ) განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებას, რომლის გამოყენებაც განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის განცხადებით შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე;

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.