გადაწყვეტილება №19792/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 04.07.2023
№ დოკუმენტი 19792/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19792/2/2023

04 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------- 25.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19792/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 6 აპრილის №081-76 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მარტის №5733 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 203 874 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 135 877

დღგ - 92 847

საშემოსავლო გადასახადი - 43 030

ჯარიმა - 36 548

საურავი - 31 449

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 6 აპრილის №081-76 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 30 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 23 მარტის №5733 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მარტის №5733 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 299-ე, 301-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ ვინაიდან ------------ არ გააჩნდა შემოსავლების სამსახურის გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი, მის მიმართ შედგენილი 2021 წლის 30 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2021 წლის 6 აპრილის №10173 ბრძანება და ამავე თარიღის №081-76 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ (2021 წლის 15 და 27 აპრილს) გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, მისამართზე (ქ. ------------), თუმცა ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2021 წლის 28 მაისს განხორციელდა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2021 წლის 17 ივნისს.

შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 30 იანვარს და 9 თებერვალს.

შემოსავლების სამსახური იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის 30 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტი, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 6 აპრილის №10173 ბრძანება და №081-76 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, განმარტავს, რომ მართლზომიერად განხორციელდა სადავო საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2021 წლის 19 მარტს დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესაბამისად, გამოიცა 2021 წლის 30 მარტის შემოწმების აქტი, 6 აპრილის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. თუმცა, ამის შესახებ მომჩივნისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2023 წლის იანვარში, რაც გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 27 იანვარს. ფიქრობდა, რომ გაასაჩივრა კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დაცვით. თუმცა, არანაირი პასუხი არ მიუღია, რის გამოც აღნიშნული აქტები კვლავ გაასაჩივრა 2023 წლის 7 თებერვალს. თუმცა, შემოსავლების სამსახურმა განუხილველი დატოვა საჩივარი.

2023 წლის 6 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთან სატელეფონო საუბრის შედეგად გაარკვია, რომ გაშვებულია შემოწმების აქტის გასაჩივრების ვადა, რაც ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული.

მომჩივანი არ არის მეწარმე, არის ---------- მოქალაქე. საგადასახადო პორტალის (rs.ge) შესახებ არაფერი იცოდა, სადაც დარიცხული თანხის შესახებ ინფორმაციას გაეცნობოდა. თუმცა, არც იყო ვალდებული ცოდნოდა, რადგან ის საქართველოში სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა. მომჩივანს არ ჰქონია წინასწარ განზრახული კომერციული ფართების ან უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესი. მან ეს ფართი შეიძინა, რათა შემდგომ განეხორციელებინა რაიმე ტიპის მომსახურება ან სავაჭრო ობიექტის გახსნა. თუმცა, ვერ განახორციელა გარკვეულ მიზეზთა და პრობლემათა გამო. შედეგად, იძულებული იყო გაეყიდა მის საკუთრებაში არსებული ფართი. მან რომ არ იცოდა ქართული კანონმდებლობა იქიდან ირკვევა, რომ შეეძლო დალოდებოდა ორ თვეს და მინიმუმ საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ მოუწევდა. რაც შეეხება შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, როგორც 2023 წლის 6 თებერვალს მომჩივნისთვის გახდა ცნობილი, შემოწმების აქტი საჯაროდ გავრცელებულა. საყურადღებოა, რომ ობიექტური მიზეზების გამო, აღნიშნული ინფორმაცია --------- მოქალაქისთვის ცნობილი ვერ გახდებოდა, რადგან ის ფართის გაყიდვის შემდეგ საქართველოში ორი წლის განმავლობაში არ შემოსულა, რასაც ადასტურებს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ამონაწერი. აქაც რომ ყოფილიყო, არ იცოდა ქართული ენა და არც ერთი წამი არ ფიქრობდა, რომ მას რაიმე ვალდებულება ჰქონდა საქართველოს ბიუჯეტის მიმართ.

აღნიშნული გარემოება გახდა მიზეზი იმისა, რომ მომჩივანმა ვერ მოახერხა საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენება, რამაც გამოიწვია აქტის გასაჩივრების ვადის დარღვევა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს აღუდგეს გასაჩივრების ვადა და მოხდეს საჩივრის არსებითი განხილვა.

მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხული თანხის ოდენობას და ითხოვს მის შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილების შესაბამისად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების მიხედვით:

10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მომჩივანს არ გააჩნდა შემოსავლების სამსახურის გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 6 აპრილის №081-76 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელს წერილობითი ფორმით 2-ჯერ (2021 წლის 15 და 27 აპრილს) გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების მეშვეობით, მისამართზე: ქ. ------------, თუმცა ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2021 წლის 28 მაისს განხორციელდა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2021 წლის 17 ივნისს. მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2021 წლის 19 ივლისი, ხოლო საჩივარი სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2023 წლის 30 იანვარს.

მომჩივანი განმარტავს, რომ იგი არ არის მეწარმე, არის ----------- მოქალაქე. საგადასახადო პორტალის შესახებ არაფერი იცოდა, სადაც დარიცხული თანხის შესახებ ინფორმაციას გაეცნობოდა. თუმცა, არც იყო ვალდებული ცოდნოდა, რადგან ის საქართველოში სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა. მომჩივანს არ ჰქონია წინასწარ განზრახული კომერციული ფართების ან უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესი. მან ეს ფართი შეიძინა, რათა შემდგომ განეხორციელებინა რაიმე ტიპის მომსახურება ან სავაჭრო ობიექტის გახსნა. თუმცა, ვერ განახორციელა გარკვეულ მიზეზთა და პრობლემათა გამო. შედეგად, იძულებული იყო გაეყიდა მის საკუთრებაში არსებული ფართი. რაც შეეხება შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, როგორც 2023 წლის 6 თებერვალს მომჩივნისთვის გახდა ცნობილი, შემოწმების აქტი საჯაროდ გავრცელებულა. ობიექტური მიზეზების გამო, აღნიშნული ინფორმაცია ----------- მოქალაქისთვის ცნობილი ვერ გახდებოდა, რადგან ის ფართის გაყიდვის შემდეგ საქართველოში ორი წლის განმავლობაში არ შემოსულა, რასაც ადასტურებს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ამონაწერი. აქაც რომ ყოფილიყო, არ იცოდა ქართული ენა და არ ფიქრობდა, რომ მას რაიმე ვალდებულება ჰქონდა საქართველოს ბიუჯეტის მიმართ.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა გამოწვეული იყო მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზით. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მარტის №5733 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მარტის №5733 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს განსახილველად;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 6 აპრილის №081-76 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 30 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 23 მარტის №5733 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მარტის №5733 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

301( ე);299(4,10);44(10,11);