ბრძანება N 17573
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17573
19.07.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--- ------ -----ის“ (ს/ნ -----------)
(მის.: ------------------------------------ )
2023 წლის 16 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ივლისის სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა შპს „--- ------ -----ის“ (ს/ნ -----------) №81015/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №001-60 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას. მიუთითებს, რომ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2020 წლის 13 ოქტომბრის განკარგულებით მოხდა სალიცენზიო კოორდინატების ადგილმონაცვლეობა, რის გამოც შეიცვალა ლიცენზიის ნომრები. კერძოდ N1004752 ლიცენზია შეიცვალა N1001743 ლიცენზიით; N1004338 ლიცენზია N1001742 ლიცენზიით; N1004913 ლიცენზია N1001744 ლიცენზიით. მიუთითებს, რომ ლიცენზიების ადგილმონაცვლეობის დროს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი 29 800 ლარი უკვე გადახდილი ჰქონდა. აცხადებს, რომ ლიცენზიების ადგილმონაცვლეობის შემდეგ შედგა ახალი ათვისების გეგმა, რომელიც გაწერილი იყო დარჩენილ ვადაზე ორ წელიწადზე, მოხდა ხელახალი დაბეგვრა უკვე ახალი ათვისების გეგმის მიხედვით სრულად, ხოლო შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული უკვე გადახდილი თანხები, საურავიც დაერიცხა ძველი ვადების გათვალისწინებით. ითხოვს დარიცხული თანხების, მათ შორის ჯარიმა/საურავის თანხის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის N31780 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--- ------ -----ის“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა 2021 წლის 1 ივლისის N17141 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 20 აპრილის №8624 ბრძანება და ამავე თარიღის №001-60 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 117 875 ლარი, მათ შორის, გადასახადი 64 359 ლარი, ჯარიმა 37 652 ლარი, საურავი 15 864 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი:
გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ბუნებრივი რესურსების მოპოვება და რეალიზაცია. კომპანიას 2016 წლიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აღებული აქვს ლიცენზიები სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ. ლიცენზიებით განსაზღვრულია ქვიშა-ხრეშის მოპოვება. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 6 ივლისის კამერალური საგადასახდო შემოწმებით ლიცენზიის ვადისა და წლიური მოპოვების ნორმების მიხედვით გაანგარიშებული იქნა დასადეკლარირებელი მოსაკრებლის ოდენობები საქართველოს კანონის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის გათვალისწინებით. ამასთან, 2021 წლის ივნისის თვეში შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ასევე ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 221 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა 2021 წლის I ნახევრის მოსაკრებლის ავტომატური დარიცხვა. შემოწმების მიერ გაანგარიშებული და შემცირებული იქნა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.
ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.
ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა) და 11 პუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებისათვის გაანგარიშებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში წარუდგენს საგადასახადო ორგანოს. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელს უფლება აქვს, არ წარადგინოს გაანგარიშება, თუ მას გაანგარიშება წარდგენილი აქვს და მომდევნო საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ იცვლება შესაბამისი ლიცენზიით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ობიექტის რაოდენობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელმა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ შეასრულა დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 221 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს წარმოეშვა საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (ავტომატური დეკლარირება).
ამავე ინსტრუქციის 106-ე მუხლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით. ხოლო ამავე ინსტრუქციის 107-ე მუხლით განსაზღვრულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსების წესი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის პირად აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა 2021 წლის I ნახევრის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ავტომატური დარიცხვა. შემმოწმებლის მიერ გაანგარიშდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი, რის შედეგადაც პირს შეუმცირდა მოსაკრებელი 5 776 ლარით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--- ------ -----ის“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას. ითხოვს დარიცხული თანხების, მათ შორის ჯარიმა/საურავის თანხის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N31780 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №8624 ბრძანება და ამავე თარიღის №001-60 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა გადასახადი , ჯარიმა , საურავი .
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:43(4 ); 661 (1 ,,ბ“); 302(2);
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის „ა“ ქვეპუნქტი;მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი;მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი;
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 221 (1 „ბ“ );106;107;