ბრძანება N 17669

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.06.2016
№ დოკუმენტი 17669
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N17669

22/06/2016

შპს -----

(მის: -----)

საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2016 წლის 17 ივნისს (ოქმი N61) გამართულ სხდომაზე განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს 2016 წლის 25 მარტის N152434 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

გადასახადის გადამხდელი საჩივარში აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს რომ, მისთვის გაუგებარია რა მონაცემების მიხედვით იქნა დანგარიშებული სმფ-ებისა და ძირითადი საშუალებათა სააღრიცხვო (საბუღალტრო) ნაშთები და როგორ იქნა მიღებული ინვენტარიზაციის შედეგები. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ საშუალო შეწონილ ფასნამატს.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ პირის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის №39633 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულ იქნა შპს ----- კუთვნილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყებისას შპს ----- ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობა და ძირითადი საშუალებები აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული – ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული არ აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და არ აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე.

საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ფაქტიური ნაშთების აღწერა. აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა სასაქონლო– მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ ოქმში (დანართი N16). შპს ----- ობიექტებში ინვენტარიზაციის დაწყების მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 342378,55 ლარის ღირებულების სასაქონლო– მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით და 3536,73 ლარის ძირითადი საშუალებები.

შპს ----- საინვენტარიზაციო კომისიამ 2015 წლის 2 ნოემბერს წარმოადგინა სმფ-ების ბუღალტრული თანხობრივი ნაშთი თვითღირებულებით 347060,01 ლარის (დანართი N19-ის I და II ცხრილი) ოდენობით, ხოლო სახეობრივი ნაშთი თვითღირებულებით 196072,9 ლარი (დანართი N19-ის დანართი). გადასახადის გადამხდელის მიერ შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი სმფ-ების სააღრიცხვო (ბუღალტრული) ნაშთი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ (ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე) ჩაითვალა არასრულ შევსებულად, რის გამოც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 30-ე მუხლის მე-9პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოყენებული იქნა უფლებამოსილება და მის მიერ შევსებული იქნა დანართი №19 (მისი დანართის გარეშე) საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე.

საინვენტარიზაციო კომისიამ, დანართი N16–ის მონაცემების საფუძველზე და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების გადამოწმების შემდეგ, 2016 წლის 9 თებერვალს შეადგინა ოქმი „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ (დანართი №21). დადგინდა ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების პირვანდელი ღირებულება (დანართი №21–ის მე–6 სვეტის ჯამი) –202343,08 ლარი და ძირითადი საშუალებები - 2997,23 ლარი.

საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ შევსებულ იქნა დანართი №19–ის (პროექტის) I, II ცხრილები გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული და დამატებით მოძიებული მონაცემების მიხედვით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები:

- საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2015 წლის 01 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (2015 წლის 23 ოქტომბრი);

-საანგარიშო პერიოდიში სმფ–ების საწყისი ნაშთი – 345525 ლარი– გადამხდელის 2014 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით ძირითადი საშუალებები 3187,69 ლარი ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით;

- საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ელ/ზედნადებებით და საბაჟო დეკლარაციებით მიღებული სმფ–ს პირვანდელი ღირებულება – 258417,35 ლარი და ძირითადი საშუალებების პირვანდელი ღირებულება 279 ლარი

–ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით. კერძოდ, აღებულ იქნა აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული ელ/ზედნადებების და საბაჟო დეკლარაციების თანხების ჯამი (დღგ–ს გარეშე);

-2015 წ 1-9 თვეების განმავლობაში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების (დღგ–ს გარეშე) ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა დღგ–ს შესაბამისი თვეების დეკლარაციებში მითითებული დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები – სულ 293808,42 ლარი; (ამ პერიოდში ძირითადი საშუალებების რეალიზაცია არ ჰქონია);

-2015 წ 1 – 23 ოქტომბერის განმავლობაში რეალიზებული სმფ–ების საბაზრო ღირებულებად (დღგ–ს გარეშე) აღებულ იქნა საკონტროლო–სალარო აპარატის მონაცემები (კორექტირებული დღგ–ს კოეფიციენტით) და უნაღდო ანგარიშსწორებით – 43341,1 ლარი – ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით;- საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 43,40 % (დღგ-ს გარეშე). რომელიც გამოყენებული იქნა სმფ-ის სააღრიცხვო (ბუღალტრული) ნაშთის დაანგარიშების დროს და ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაკლებობის - დანაკლისის საბაზრო ღირებულების მისაღებად (ფაქტობრივად აღწერილი სმფ-ების სარეალიზაციო და პირვანდელი ღირებულებიდან დადგინდა საშუალო ფასნამატი 43,40 % (დღგ-ს გარეშე)).

ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2015 წლის 23 ოქტომბრის) სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა და ძირითადი საშუალებების ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით (დანართი №19–ის I ცხრილის მე–2 სვეტის ბოლო სტრიქონი) შეადგინა: სმფ - 368814,43 ლარი და ძირითადი საშუალება 3466,69 ლარი.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი №22–ის (პროექტის) II ცხრილი – დანართი №19– ის I ცხრილის და დანართი №21–ის მონაცემების საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო– მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 166471,36 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (დღგ–ს ჩათვლით და 43,40 % ფასნამატის გათვალისწინებით) – 281676,42 ლარი, ძირითადი საშუალებები ნარჩენი ღირებულებით 469,64 საბაზრო ღირებულებით (დღგ–ს ჩათვლით) 553,96 ლარი. ინვენტარიზაციით არ გამოვლენილა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი საქონელი.

შპს ----- 2016 წლის 23 თებერვალს ჩაბარდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შესახებ ოქმის პროექტი. №36477/21-12 განცხადებით შპს ----- წარმომადგენელმა საგადასახადო მონიტროინგის დეპარტამენტში დააფიქსირა წერილობითი პოზიცია გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით. კერძოდ, შპს ----- დირექტორი წარმოდგენილ პრეტენზიაში აცხადებდა, რომ არ ეთანხმება ინვენტარიზაციის განმახორციელებელი პირის მიერ დადგენილ საშუალო შეწონილ ფასნამატს - 43,4%-ს, რომელიც გამოყენებული იქნა სმფ-ების სააღრიცხვო (საბუღალტრო) ნაშთისდასადგენად და ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაკლებობის - დანაკლისის საბაზრო ფასის განსაზღვრისას.

ზემოაღნიშნული სადავო საკითხი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს მიერ არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან საშუალო შეწონილი ფასნამატი მიღებული იქნა ფაქტობრივად აღწერილი (დანართი N16) და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული (დანართი N21) სმფ–ების სრული მონაცემებიდან (ფაქტიურად დაფიქსირებული/აღრიცხული სმფ-ების ერთეულის რაოდენობის და პირვანდელი ღირებულების ნამრავლი ჯამისა და ფაქტიურად დაფიქსირებული/ აღრიცხული სმფ-ების ერთეულის რაოდენობის და საბაზრო ღირებულების (გადამხდელის მიერ გამოცხადებული/განმარტებული სარეალიზაციო ფასი დღგ-ს გარეშე) ნამრავლი ჯამის თანაფარდობა) გამომდინარე. ამასთან, აღინიშნა, რომ საწარმოს უფიქსირდება სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, საქონლის მიწოდების ფაქტი, სადაც დაფიქსირებულია საქონლის მიწოდება გამოცხადებულ ფასებზე ნაკლები საბაზრო ფასებით. აღნიშნული (სასაქონლო ზედნადებები) არ იქნა გათვალისწინებული ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 5 ოქტომბერს შპს ----- ობიექტში განხორციელდა საქონლის საკონტროლო შესყიდვა, შესყიდული იქნა ოთხი ერთეული ე.წ „პლასტმასის კალათა“ და ხუთი ერთეული ე.წ „ბაკი“ (ვედრო), რაშიც გადახდილი იქნა 202 ლარი (რაც აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის დადგენილებაში, რომლის საფუძველზეც გამოცემული იქნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის N39633 ბრძანება), რაზედაც გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ გამოწერილი იქნა სასაქონლო ზედნადები, სადაც დააფიქსირა ოთხი ერთეული ე.წ „პლასტმასის კალათ“-ის და ხუთი ერთეული ე.წ „ბაკი“-ს (ვედრო) რეალიზაცია (ნაცვლად გადახდილი 202 ლარისა) 147,5 ლარად. აგრეთვე, გაცემული იქნა სსა-ის ჩეკი თანხით -147,5 ლარი; აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ----- მიერ მიღებული თანხის ნაცვლად, შედარებით ნაკლები თანხები იქნა დაფიქსირებული სასაქონლო ზედნადებში.

საბოლოო მონაცემთა საფუძველზე საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა სმფ-ს და ძირითადი საშუალებების დანართი N22–ის II ცხრილი – დანართი N19–ის I ცხრილის და დანართი N21–ის მონაცემების საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა (დღგ–ს ჩათვლით და 43,40% ფასნამატის გათვალისწინებით) – 281676,42 ლარი.

286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად შპს ----- დაექვემდებარა დაჯარიმებას 28167,64 ლარის ოდენობით.

ასევე ინვენტარიზაცის შედეგად გამოვლინდა ძირითადი საშუალებების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით (დღგ-ს ჩათვლით) 553,96 ლარი.

ამრიგად, სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად შპს ----- ბიუჯეტის სასარგებლოდ სულ დამატებით დაერიცხა საჯარიმო სანქცია 28167,64 ლარის ოდენობით.

შპს ----- მიმართ 2016 წლის 25 მარტს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (№152534), რომელიც გაგზავნილი იქნა გადასახადის გადამხდელის ელექტორნულ პორტალზე (www.rs.ge) და გადასახადის გადამხდელის მიერ გაცნობილი იქნა 2016 წლის 25 მარტს.

დავების განხილვის საბჭო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: გ) გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 25-ე მუხლის (სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) პირველი ნაწილის თანახმად „სმფ-ების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის დღისთვის დამთავრებული უნდა იყოს ფასეულობათა შემოსავალ გასავლის ყველა დოკუმენტის დამუშავება, ნაწარმოები უნდა იყოს შესაბამისი ჩანაწერები ანალიზური აღრიცხვის ბარათებში (წიგნებში) და გამოყვანილი იყოს ნაშთი. აღნიშნული ბრძანების 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საინვენტარიზაციო კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია სმფ-ების დასახელების, რაოდენობის, ამ ფასეულობათა მიღების თარიღის, სასაქონლო ზედნადებების ელექტრონული რეესტრის (ასეთის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში) ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან სხვა დოკუმენტაციის თარიღისა და ნომრების, თვითღირებულების და სხვა მონაცემების ჩვენებით. საინვენტარიზაციო კომისია, საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელთან ერთად ადგენს ამ ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემებს.

სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- საჩივარი არ დაკმაყოფილდეს

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის.ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ საშუალო შეწონილ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ ჩატარებულ იქნა საწარმოს სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. საბოლოო მონაცემთა საფუძველზე ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი 43,40% ფასნამატის გათვალისწინებით. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის სსკ-ს 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საწარმო დაექვემდებარა დაჯარიმებას 28167,64 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(9)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება