ბრძანება N 22783

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.09.2023
№ დოკუმენტი 22783
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 22783

18 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ -ის ” (ს/ნ "------")

(მის.: "------" )

2023 წლის 10 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს „------- - ის ” (ს/ნ "------") №80305/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტის №006-93 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:

1. არ ეთანხმება გაწეული მომსახურებისთვის არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ არარეზიდენტი კომპანია იყო შუამავალი, რომელიც ეხმარებოდა გადამხდელს მოეხდინა საქონლის რეალიზაცია და პოულობდა შემსყიდველ კომპანიებს.

2. არ ეთანხმება საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან და ბანკომატებიდან გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

3. არ ეთანხმება უცხოური კომპანიებსგან მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ პროდუქციის შეძენა ხდებოდა ირანიდან, ხოლო რეალიზაცია ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოში შემოსავლის გარეშე.

4. არ ეთანხმება სასტუმრო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადში დარიცხულ თანხებს. მიუთითებს, რომ სასტუმრო მომსახურება დაკავშირებული იყო საწარმოს საქმიანობასთან, კერძოდ იმართებოდა მოლაპარაკებები და შეხვედრები პოტენციურ მყიდველებთან.

აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს სრულად წარუდგინა დოკუმენტაცია და გაუგებარია რატომ არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტების გათვალისწინება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 იანვრის №223 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 ივლისის №006-586 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2021 წლის 14 სექტემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,, 1. შპს „------- - ის ” (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 იანვრის №223 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 24 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 13 მარტის №006-93 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

აუდიტის დეპარტამენტში 2022 წლის 26 იანვარს შემოსულია საწარმოს წარმომადგენლის განცხადება, სადაც მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 იანვრის N223 ბრძანების შესაბამისად წარმოადგენს საბუღალტრო/სააღრიცხვო დოკუმენტაციას, კრების ოქმებს და ბუღალტრულ ბაზას (ელექტრონულ ვერსიას). შემდგომში საწარმომ მატერიალური ფორმით წარმოადგინა მხოლოდ ირანული კომპანია ,,--------’’-სგან საქონლის შეძენისა და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია არის მხოლოდ ინვოისები ელექტრონული სახით, რომლის მიხედვით მყიდველებად ფიქსირდებიან რუსეთის, საბერძნეთის, რუმინეთის და ბულგარეთის საწარმოები. აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილ საჩივარზე თანდართული მასალები (ელექტრონული სახით). მათ შორისაა არარეზიდენტი იურიდიულ პირის ,,--------’’-ის ინვოისები. შემოწმებისათვის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები თანხვედრაში არ არის დანარჩენ ინფორმაციასთან. ამასთავე, წარმოდგენილი ინფორმაციის (მ.შ 2023 წლის 24 თებერვალს დამატებით ელექტრონული სახით წარმოდგენილი, რომელიც საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით გამოთხოვილია ირანიდან) შესწავლით ვერ დგინდება რეალურად საქონლის ირანიდან ექსპორტის და სხვა ქვეყანაში იმპორტის ოპერაციები (საბაჟო დოკუმენტაციით ვერ ხდება პირის იდენტიფიცირება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დამატებით გადასახდელად დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადაანგარიშების ეტაპზე საწარმომ მატერიალური ფორმით წარმოადგინა მხოლოდ ირანული კომპანია ,,--------’’-სგან საქონლის შეძენისა და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია არის მხოლოდ ინვოისები ელექტრონული სახით, რომლის მიხედვით მყიდველებად ფიქსირდებიან რუსეთის, საბერძნეთის, რუმინეთის და ბულგარეთის საწარმოები. აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილ საჩივარზე თანდართული მასალები (ელექტრონული სახით). მათ შორისაა არარეზიდენტი იურიდიულ პირის ,,-------’’-ის ინვოისები. შემოწმებისათვის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები თანხვედრაში არ არის დანარჩენ ინფორმაციასთან. ამასთავე, წარმოდგენილი ინფორმაციის (მ.შ 2023 წლის 24 თებერვალს დამატებით ელექტრონული სახით წარმოდგენილი, რომელიც საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით გამოთხოვილია ირანიდან) შესწავლით ვერ დგინდება რეალურად საქონლის ირანიდან ექსპორტის და სხვა ქვეყანაში იმპორტის ოპერაციები (საბაჟო დოკუმენტაციით ვერ ხდება პირის იდენტიფიცირება). უცხოური კომპანიებისგან მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმოს უცხოური ვალუტის ანგარიშზე ერიცხებოდა თანხები არარეზიდენტი კომპანიებიდან, საფუძველად კი მითითებული იყო ინვოისი ან ხელშეკრულება. ამასთან აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით არ დგინდება საწარმოს მიერ საქონლის შეძენა/რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე (არ ფიქსირდება სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და საბაჟო დეკლარაცია). ასევე, არ ფიქსირდება საწარმოს საქმიანობის სახე, ხოლო წესდების თანახმად საწარმოს უფლება აქვს მოგების მიზნით განახორციელოს ნებისმიერი კანონით აუკრძალავი საქმიანობა. შემოწმებით საწარმოს მიერ მიღებული თანხები შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალა საშუამავლო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით. რაც შეეხება, სასტუმრო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საწარმოს ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ - ის ” (ს/ნ "------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არ ეთანხმება გაწეული მომსახურებისთვის არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

2. არ ეთანხმება საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან და ბანკომატებიდან გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

3. არ ეთანხმება უცხოური კომპანიებსგან მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრას.

4. არ ეთანხმება სასტუმრო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადში დარიცხულ თანხებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებისათვის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები თანხვედრაში არ არის დანარჩენ ინფორმაციასთან. ამასთავე, წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლით ვერ დგინდება რეალურად საქონლის ირანიდან ექსპორტის და სხვა ქვეყანაში იმპორტის ოპერაციები.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დამატებით გადასახდელად დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

178.