ბრძანება N 6396

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.03.2026
№ დოკუმენტი 6396
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6396

25 მარტი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.:„-------“)

2026 წლის 22 და 23 თებერვლის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2026 წლის 22 თებერვლის №26691/2/2026 და 23 თებერვლის №26705/2/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 იანვრის №086-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

მომჩივანი აცხადებს, რომ საქმე ეხება ხანდაზმულ საგადასახადო პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებს და ჩანაწერების არ ქონის გამო კომპანია ვერ ახდენს მომხდარი ოპერაციების იდენტიფიცირებას. მიუთითებს, რომ საწარმოს აქვს ბუღალტრული ბალანსი 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და ასევე შემდგომი პერიოდის დეტალური ტრანზაქციები. ასევე, არ ეთანხმება შემოწმების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პროგრამა „ორისში“ ზარალი მხოლოდ დამაბალანსებლად არის ნაჩვენები და ითხოვს, რომ დამფუძნებლის მიერ უკან გატანილ თანხებს არ შეეცვალოს კვალიფიკაცია.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №13478 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აპრილის №086-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 12 ივნისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ინფორმაცია კაპიტალის შესახებ);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №13478 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 20 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 56 029 ლარით, მ.შ. გადასახადი 37 352 ლარით და ჯარიმა 18 676 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 26 იანვრის №086-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №13478 ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარმოუდგინა საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები (გაანგარიშება). აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შესწავლილ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა ნაწილობრივ, რის შესაბამისადაც განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნასა და მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომელთა თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები (გაანგარიშება), რაც შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და გათვალისწინებულ იქნა ნაწილობრივ. ასევე, შემოწმებით განხორციელდა ხანდაზმული პერიოდის (საწარმოს დაფუძნების დღიდან შესამოწმებელ პერიოდამდე) ანალიზი (დეკლარირებული შემოსავლებისა და დოკუმენტური ხარჯების შეპირისპირება), რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ხანდაზმულ პერიოდში უფიქსირდებოდა ზარალი 318 548 ლარის ოდენობით, ნაცვლად 561 136 ლარისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, რომ დამფუძნებლის მიერ უკან გატანილ თანხებს არ შეეცვალოს კვალიფიკაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №13478 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 20 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა.აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).