გადაწყვეტილება №20559/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.10.2023
№ დოკუმენტი 20559/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20559/2/2023

03 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 12.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20559/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2021 წლის №006-131 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2023 წლის 31 მარტის №006-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2021 წლის №006-131 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2023 წლის №006-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18696 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 342 380 ლარი (31.03.2021 წლის №006-131 საგადასახადო მოთხოვნა);

მათ შორის:

გადასახადი - 200 628

დღგ - 72 349

მოგების გადასახადი - 13 234

საშემოსავლო გადასახადი - 114 143

ქონების გადასახადი - 902

ჯარიმა - 99 114

საურავი - 42 638

 

დარიცხული თანხა: 406 514 ლარი (1.03.2023 წლის №006-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა).

მათ შორის:

გადასახადი - 200 177

დღგ - 72 349

მოგების გადასახადი - 13 234

საშემოსავლო გადასახადი - 114 143

ქონების გადასახადი - 451

ჯარიმა - 99 114

საურავი - 107 223

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.06.2019 წლიდან 1.08.2020 წლამდე პერიოდის, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2020 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 24 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2021 წლის №9429 ბრძანება და №006-131 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.08.2021 წლის №26843 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რომლის აღსრულების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2023 წლის დასკვნა და ამავე დეპარტამენტის 1.03.2023 წლის №006-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტის №006-131 საგადასახადო მოთხოვნა და 1.03.2023 წლის №006-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.07.2023 წლის №18696 ბრძანებით, საჩივრები დარჩა განუხილველი:

- აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 მარტის №006-131 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით - საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

- აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 მარტის №006-79 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით - საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18696 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2021 წლის №006-131 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 24 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2021 წლის №9429 ბრძანება და №006-131 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.08.2021 წლის №26843 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 მარტის №006-131 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის 3 მაისს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 აგვისტოს №26843 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 მარტის №006-131 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 აგვისტოს №26843 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2021 წლის აგვისტოდან აუდიტორთან გადაგზავნილი აქვს არაერთი ინფორმაცია, აქტის ნაწილობრივ დაკმაყოფილებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, ხშირი კომუნიკაცია ქონდა აუდიტორთან, ითხოვდა არასწორად დარიცხული გადასახადის თავიდან გადაანგარიშებას, რაზეც შემოსავლების სამსახურმა დაავალა, მაგრამ რატომღაც 19 თვის შემდეგ გამოსცა აქტი ისე, რომ აუდიტორს მათთან კომუნიკაცია არ განუხორციელებია. ბოლო პერიოდში ვერც კი ახერხებდა აუდიტორთან დაკავშირებას. გადაანგარიშების აქტში აუდიტორი აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დოკუმენტაციები, რაც არ არის სწორი. ყოველივე აქედან გამომდინარე იმ მოსაზრებას, რომ შემოსავლების სამსახურს აღნიშნული დავის საკითხზე აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ 301 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, არ ეთანხმება, რადგან აუდიტორმა არ შეასრულა შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 აგვისტოს №26843 გადაწყვეტილება სრულყოფილად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 მარტის №006-131 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა 2021 წლის 3 მაისს და შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 აგვისტოს №26843 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18696 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 მარტის №006-131 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრების განუხილველად დატოვება მართლზომიერია.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2023 წლის №006-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის 18.08.2021 წლის №26843 ბრძანების აღსრულების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2023 წლის დასკვნა, 1.03.2023 წლის №3921 ბრძანება და №006-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 2023 წლის 18 აპრილამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-11 ნაწილზე, 2023 წლის 18 აპრილიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-11 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 21 თებერვლის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნა, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 მარტის №3921 ბრძანება და ამავე თარიღის №006-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით იურიდიულ მისამართზე (---) და ერთხელ ფაქტობრივ მისამართზე (---), თუმცა ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2023 წლის 25 მაისს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2023 წლის 14 ივნისს, ხოლო გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 29 ივნისს.

შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით 2023 წლის 19, 25 და 27 ივლისს.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. საჩივარში სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს არგუმენტები, ხოლო საჩივრის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარში არგუმენტები არ არის წარმოდგენილი.

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელმა საჩივარში მითითებული არგუმენტებით ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 მარტის №006-79 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ გვერდზე, შესაბამისად გადაწყვეტილება გამოეგზავნა 2023 წლის 1 მარტს, მაგრამ აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაეცნო 29 ივნისს. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ თურმე 2-ჯერ გამოეგზავნა წერილი ფაქტიურ და იურიდიულ მისამართზე და არ ჩაბარდა. მაგრამ, არ განუხორციელებია არავის ოფიციალური ზარი არც ფოსტის და არც შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს და კანონის შესაბამისად თურმე 25 მაისს უკვე გამოუქვეყნებია აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში შევიდა 2023 წლის 14 ივნისს და 30 დღიანი ათვლა დაიწყო 14 ივნისს, რომელიც მისთვის საერთოდ არ იყო ცნობილი. შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარშიც აღნიშნავდა და განმეორდება, რომ 2023 წლის 29 ივნისს შემოსავლების სამსახურიდან განხორციელდა ზარი და უთხრეს/მოთხოვეს გაცნობოდა გადამხდელის გვერდზე ოფიციალურ შეტყობინებას და 29 ივნისს გაეცნო აღნიშნულ შეტყობინებას. წარმომადგენელს არ უთქვამს 2023 წლის 31 ივლისის ბრძანებაში მოყვანილი გარემოება, რომ 2-ჯერ გამოეგზავნა წერილობით გადაწყვეტილება და შემდეგ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდა და აშ. აღნიშნული მისთვის უცნობი იყო, მეტიც აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა 2023 წლის 19 ივლისს, ამ დღის მდგომარეობით შედარების აქტში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადები იყო - დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული. 24 ივლისს თანხები, რომელიც არ არის აღიარებული გადმოვიდა აღიარებულში, ამის შესახებ მყისიერად მოიწერა კომუნიკატორის საშუალებით და ითხოვა თანხის უკან დაბრუნება. შემდეგ განახორციელა სატელეფონო 5 ზარი შემოსავლების სამსახურში და უთხრეს რომ საჩივარი არის არასწორად შედგენილი, რომელიც 25 ივლისს ,,გაასწორა“, მიუხედავად ამისა თანხა კვლავ რჩებოდა აღიარებულ მუხლში, ხოლო არაერთი სატელეფონო საუბრისა ვერ გაარკვია თუ რატომ მოხდა აღნიშნული და 31 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითქოს გადასახადის გადამხდელმა დაარღვია გასაჩივრების ვადა. 2023 წლის 22 ივლისის ჩათვლით, შედარების აქტში იყო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული. 29 ივნისს შემოსავლების სამსახურიდან განხორციელდა სატელეფონო საუბარი, მოითხოვეს რომ გაეხსნა ავტორიზებული გვერდი და გაცნობოდი შეტყობინებას, რომელ გადაწყვეტილებასაც ელოდებოდა 19 თვის განმავლობაში და არაფერი არ უთქვამთ გამოქვეყნების შესახებ, თორემ აღნიშნულ აქტს გაასაჩივრებდა მეორე დღეს. დარწმუნებულია, რომ აუდიტორმა არასამართლიანად დაარიცხა გადასახადი, როგორ შეიძლება შეძენილი მარაგების 83% ამოღებულ იქნეს ხარჯებიდან და შემოსავალი დატოვო უცვლელი, ანუ 2020 წლის ივლისის ჩათვლით დასაბეგრი ბრუნვა (შემოსავალი) შეადგენდა 547 795.08 ლარს. აუდიტორის მტკიცებით, შეძენილი საქონლის 17%-ით (61 700 ლარის მარაგით) მოახდინა ნახევარ მილიონზე მეტი შემოსავლის მიღება. კომპანია ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს, არის სახელმწიფო შესყიდვების ქვეკონტრაქტორი და ასევე აქვს აღებული სხვადასხვა კერძო შეკვეთები, უბრალოდ აღნიშნული, თავისი შინაარსით არის არარეალური. მით უმეტეს რომ შეძენილი საქონელი არის ოფიციალურად რს-ზე რეგისტრირებული, აუდიტორი ადასტურებს შემოსავალს, მაგრამ ხარჯებს უგულებელყოფს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვს, რომ 30 დღიანი გასაჩივრების ვადა არ იქნას მიღებული მხედველობაში, რადგან მისთვის უცნობი იყო მისი გამოქვეყნება, 29 ივნისს საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის ზარის შემდეგ მოახდინა შეტყობინების გახსნა და არავის არ უთქვამს რომ გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნებულია. არც 2023 წლის 1 მარტიდან 29 ივნისამდე არავინ არ შეხმიანებია. მეტიც, საცხოვრებელ მისამართზე ფოსტის გაფრთხილებაც კი არ იყო დატოვებული (პრაქტიკაში არის, შეტყობინებას ტოვებენ, რომ წერილია და ითხოვენ ჩაბარებას) შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო გამოქვეყნება და კანონის სრული დაცვით მოახდინა 2023 წლის 1 მარტის აქტის გასაჩივრება, რომელსაც გაეცნო 29 ივნისს და გაასაჩივრა 19 ივლისს. შედარების აქტში თანხა გადავიდა 23 ივლისს. ითხოვს არგუმენტირებული სადავო საკითხების გათვალისწინებას და საკითხებზე დარიცხული თანხების თავიდან გადაანგარიშებას, საგადასახადო აქტით დარიცხული აქვს არარეალური თანხა. ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად;

1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

3. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

2023 წლის 18 აპრილამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

2023 წლის 18 აპრილიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 18.08.2023 წლის №83418-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით და თანდართული დოკუმენტებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 თებერვლის დასკვნა, მის საფუძველზე გამოცემული 2023 წლის 1 მარტის №3921 ბრძანება და №006-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ (2023 წლის 20 მარტს და 10 აპრილს) გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების მეშვეობით იურიდიულ მისამართზე (----) და ერთხელ (2023 წლის 21 აპრილს) ფაქტიურ მისამართზე (---), მაგრამ ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული ბრძანებისა და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება განხორციელდა 2023 წლის 25 მაისს. ამასთან, ზემოაღნიშნულ დოკუმენტებს გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად გაეცნო 2023 წლის 29 ივნისს. ასევე დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარდგენილია 2023 წლის 19, 25 და 27 ივლისს.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. წარმოადგენს სადავო საკითხებს და მასთან დაკავშირებით შესაბამის არგუმენტებს, ხოლო საჩივრის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გამოეგზავნა 2023 წლის 1 მარტს, მაგრამ გაეცნო 29 ივნისს, 2-ჯერ წერილის ფაქტიურ და იურიდიულ მისამართზე გაგზავნასა და არ ჩაბარებაზე არ განუხორციელებია არავის ოფიციალური ზარი, არც ფოსტის და არც შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს. სადავო ადმინისტრაციული აქტის 25 მაისს გამოქვეყნების, 2023 წლის 14 ივნისს ძალაში შესვლის შესახებ მისთვის საერთოდ არ იყო ცნობილი. 2023 წლის 29 ივნისს შემოსავლების სამსახურიდან განხორციელდა ზარი, უთხრეს/მოსთხოვეს გაცნობოდა შეტყობინებას და 29 ივნისს გაეცნო, წარმომადგენელს არ უთქვამს 2023 წლის 31 ივლისის ბრძანებაში მოყვანილი გარემოება, რომ 2-ჯერ გაეგზავნა წერილობით გადაწყვეტილება და შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნული მისთვის უცნობი იყო, მეტიც გადაწყვეტილება გაასაჩივრა 2023 წლის 19 ივლისს. ითხოვს 30 დღიანი გასაჩივრების ვადა არ იქნას მიღებული მხედველობაში, რადგან მისთვის უცნობი იყო მისი გამოქვეყნება.

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სადავო ადმინისტრაციული აქტები საჯაროდ გავრცელდა 2023 წლის 25 მაისს, ჩაბარებულად ჩაითვალა 2023 წლის 14 ივნისს, გასაჩივრების ბოლო დღე იყო 2023 წლის 14 ივლისი (პარასკევი), ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2023 წლის 19, 25 და 27 ივლისს, დგინდება, რომ საჩივრები წარდგენილია შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით.

მომჩივანს არც შემოსავლების სამსახურში წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით ვერ ადასტურებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18696 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 მარტის №006-79 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2021 წლის №006-131 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2023 წლის 31 მარტის №006-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 18.08.2021 წლის №26843 ბრძანებით გადამხდელის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რომლის აღსრულების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2023 წლის დასკვნა და ამავე დეპარტამენტის 1.03.2023 წლის №006-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტის №006-131 საგადასახადო მოთხოვნა და 1.03.2023 წლის №006-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.07.2023 წლის №18696 ბრძანებით, საჩივრები დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18696 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18696 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 მარტის №006-79 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44; 299; 301 (ე).