ბრძანება N 21678
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21678
05 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------- - “ (ს/ნ "------")
(მის.:"------")
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა შპს „------ - ის “ (ს/ნ "------") №81393/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 მაისის №006-190 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №2606 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------- - ის “ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 11 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 18 მაისის №11113 ბრძანება და ამავე თარიღის №006-190 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 4 888 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 477 ლარი, ჯარიმა 2 410 ლარი, საურავი 1 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
შპს „--------“ (ს/ნ "------") გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 6 მარტს. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში. კერძოდ, გადამხდელი ეწევა მომსახურებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, რომელიც გაეწევა პირ(ებ)ს, რომლის/რომელთა რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი არის საქართველოს ფარგლებს გარეთ. აღნიშნული მომსახურება ძირითადად მოიცავს პროგრამულ უზრუნველყოფას განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, შესაბამის განახლებებს, კომპიუტერულ დაპროგრამებას, კონსულტირებასა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობებს. აღნიშნული საქმიანობიდან გამომდინარე, შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") 2018 წლის 7 მარტს მიენიჭა ვირტუალური ზონის პირის სტატუსი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე და 36-ე ნაწილების თანახმად, ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი. ხოლო, 2022 წლის პირველი ნოემბრიდან შპს ------ -მა ” (ს/ნ "------") საქმიანობა გააგრძელა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ფარგლებში. კომპანიას არ ჰყავს დაქირავებული პირები და საქმიანობას ახორციელებს დამფუძნებელი და დირექტორი "------" (პ/ნ "------"). შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა კონტრაქტორ იურიდიულ პირთან "------"-თან გაფორმებული ხელშეკრულებები და საბანკო ამონაწერები. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ გადამხდელს 2021 წლის დეკემბრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში სრულად არ აქვს დაბეგრილი დამფუძნებელზე განაწილებული დივიდენდის თანხა. “ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ” შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს დამფუძნებელი არის საქართველოს რეზიდენტი, საწარმოს საქმიანობის ადგილია საქართველო, საწარმო ქმნის საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ჩაითვლება, რომ მისი საქმიანობა შეესაბამება “საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ” საქართველოს კანონის, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს და განსახილველ შემთხვევაში, შესრულებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99- ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, სხვაობა გადახდის წყაროსთან დაბეგრილ დივიდენდსა და შემოწმებით დადგენილს შორის, 46 493 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და დაექვემდებარა დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად
კომპანიას 2022 წლის პირველ ნოემბერს მიენიჭა საერთაშორისო კომპანიის სტატუსი და საქმიანობა გააგრძელა აღნიშნული სტატუსის ფარგლებში. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საბანკო ამონაწერები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომელთა შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდსა და შემოწმებით გამოვლენილს შორის. კერძოდ, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შემდეგ, შესამოწმებელი პერიოდის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციებით განაწილებული დივიდენდი 45 543 ლარით ნაკლებია საბანკო ანგარიშიდან დამფუძნებლის მიერ დივიდენდის დანიშნულებით გატანილ თანხაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილების თანახმად, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა დამფუძნებელზე განაწილებულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილების შესაბამისად.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ 2022 წლის ნოემბრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდი 44 973 ლარი დაბეგრილია გადახდის წყაროსთან და დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 2 367 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ - ის “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა კონტრაქტორ იურიდიულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებები და საბანკო ამონაწერები. გამოვლინდა, რომ გადამხდელს 2021 წლის დეკემბრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში სრულად არ აქვს დაბეგრილი დამფუძნებელზე განაწილებული დივიდენდის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, სხვაობა გადახდის წყაროსთან დაბეგრილ დივიდენდსა და შემოწმებით დადგენილს შორის, დაკვალიფიცირდა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და დაექვემდებარა დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა .
შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდსა და შემოწმებით გამოვლენილს შორის.შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა დამფუძნებელზე განაწილებულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა.
გადამხდელს 2022 წლის ნოემბრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდი დაბეგრილია გადახდის წყაროსთან და დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი. შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
154.269(7),270,275.
ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ”