გადაწყვეტილება №21218/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21218/2/2023
06 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 2.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21218/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში აუსახველობაზე დაკისრებული სანქციის მოხსნა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №067-19 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26571 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 12 826.01 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 7 101
ჯარიმა - 3 551
საურავი - 2 174.01
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის დეკემბრისა და 2022 წლის აპრილის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22216 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 5 ოქტომბერს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა მარცვლეულით, დაუმუშავებელი თამბაქოთი, თესლებით და ცხოველების საკვებით. გადასახადის გადამხდელს 2021 წლის დეკემბერს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შპს „-------თვის“, ჯამური ღირებულებით 40 675 ლარი, რომელიც არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში. ასევე, 2022 წლის აპრილში გამოწერილი აქვს 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შპს „-------თვის“ და შპს „-------თვის“ ჯამური ღირებულებით 21 243 ლარი, საიდანაც დამატებული ღირებულების გადასახადი ერიცხება 7 274 ლარის ღირებულების საგადასახადო ანგარიშფაქტურებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, პირი ვალდებული იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული დასაბეგრი თანხის აესახა და დაებეგრა შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №25250 ბრძანება და ამავე თარიღის №067-19 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2023 წლის 17 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26571 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველის ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილებზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დაჯარიმდა 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი 40 675 ლარის ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული დასაბეგრი თანხის შესაბამის საგადასახადო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში აუსახველობის გამო. აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული დღგ-ით დასაბეგრი თანხა დაბეგრილია დაგვიანებით, 2022 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციით. განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს პირველ შემთხვევას და დავის განმხილველ ორგანოს სთხოვს დაკისრებული სანქციის მოხსნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი განმარტავს, რომ აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული დღგ-ით დასაბეგრი თანხა დაბეგრილია დაგვიანებით, 2022 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციით. ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნული წარმოადგენდა პირველ შემთხვევას და დავის განმხილველ ორგანოს სთხოვს დაკისრებული სანქციის მოხსნას.
გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭოს მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სამქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში აუსახველობაზე დაკისრებული სანქციის მოხსნა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა მარცვლეულით, დაუმუშავებელი თამბაქოთი, თესლებით და ცხოველების საკვებით. გადასახადის გადამხდელს 2021 წლის დეკემბერს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ჯამური ღირებულებით 40 675 ლარი, რომელიც არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში. ასევე, 2022 წლის აპრილში გამოწერილი აქვს 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ჯამური ღირებულებით 21 243 ლარი, საიდანაც დამატებული ღირებულების გადასახადი ერიცხება 7 274 ლარის ღირებულების საგადასახადო ანგარიშფაქტურებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, პირი ვალდებული იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული დასაბეგრი თანხის აესახა და დაებეგრა შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სამქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7).