ბრძანება N 15828
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15828
04 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 5 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 5 აპრილის №80211/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 თებერვლის №007-36 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1.მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლით განხორციელებული მიწოდების მოგების გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს აქვს ბინების რეალიზაცია განხორციელებული მის ბუღალტერთან და დირექტორის მეუღლესთან. ბუღალტერი არ განეკუთვნება ურთიერთდამოკიდებულ პირს და ამდენად თუ ამ თანამშრომელზე გაყიდული ბინებიცაა გათვალისწინებული, არამართლზომიერია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერთ-ერთი ბინა (ს/კ -------) ბუღალტერს დაბრუნებული აქვს. ბუნდოვანია რით იხელმძღვანელა აუდიტორმა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე ბინის ღირებულების განსაზღვრის ეტაპზე. მიაჩნია, რომ მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპის გათვალისწინებით, არასწორია მეუღლეზე გაყიდული ბინის საბაზრო ფასით განსაზღვრა.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ სალაროში თანხის მოძრაობა არაპირდაპირი მეთოდითაა დათვლილი, რაც წინააღმდეგობაში მოდის დასკვნის მე-5 გვერდთან. ბუნდოვანია, თუკი ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა პირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რამ განაპირობა ეჭვის გაჩენა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. ასევე დაანგარიშებაში ბუნდოვანია გათვალისწინებული არის თუ არა ხარჯები. აცხადებს, რომ ფულის ნაშთის განხილვა დირექტორის ხელფასად არასწორია და წინააღმდეგობაშია შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებულ მეთოდურ მითითებასთან. განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა არის დირექტორის მიერ გატანილი სესხი და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს, თუმცა დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივნისის №16694 ბრძანების საფუძველზე შპს ,,-------“ (ს/ნ -------) 2022 წლის 26 იანვრის, 16 და 17 მაისის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
,,1. შპს ,,-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-8 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივნისის №16694 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 17 თებერვალს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 თებერვლის №007-36 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლით განხორციელებული მიწოდების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხი. ბუღალტერზე რეალიზებულ ბინასთან დაკავშირებით, გადამხდელი საჩივარში აცხადებდა, რომ ბინა დაბრუნებული იყო კომპანიისთვის. აღნიშნულ საკითხზე საწარმოს დირექტორმა და ფიზიკურმა პირმა წერილობით განმარტეს, რომ ეს ბინა მიწოდებული იყო ფიზიკურ პირზე. ამავე ბინაზე კომპანიას გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მეორე მხარეს ჰქონდა ჩათვლილი და დადასტურებული. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები აღნიშნულ ნაწილში არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოწმების მიერ საწარმოს შემოსავლის არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშება არ მომხდარა. გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებამ ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად. კერძოდ, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელს რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია შემმოწმებლისთვის არ წარუდგენია. შემოწმების პროცესში გადამხდელის წარდგენილი განმარტებით, საწარმოს სალარო არ გააჩნდა. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული არ ყოფილა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია. გადაანგარიშების ეტაპზე, ასევე არ ყოფილა აღნიშნული თანხის სესხად გაცემის შესახებ ინფორმაცია წარდგენილი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, სადავო საკითხის შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა, თუმცა ვინაიდან ბუღალტერზე რეალიზებულ ბინასთან დაკავშირებით, საწარმოს დირექტორმა და ფიზიკურმა პირმა წერილობით განმარტეს, რომ ეს ბინა მიწოდებული იყო ფიზიკურ პირზე, ამავე ბინაზე კომპანიას გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მეორე მხარეს ჰქონდა ჩათვლილი და დადასტურებული, საგადასახადო შემოწმების აქტით ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლით განხორციელებული მიწოდების მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა, თუმცა ვინაიდან გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე არ მიუწოდებია რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია, მ.შ. აღნიშნული თანხის სესხად გაცემის შესახებ ინფორმაციაც, შემოწმების მიერ ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელის არ ეთანხმება აუდიტის კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას:
1. ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლით განხორციელებული მიწოდების მოგების გადასახადით დაბეგვრას.
2. ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლით განხორციელებული მიწოდების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხი. ბუღალტერზე რეალიზებულ ბინასთან დაკავშირებით, საწარმოს დირექტორმა და ფიზიკურმა პირმა წერილობით განმარტეს, რომ ეს ბინა მიწოდებული იყო ფიზიკურ პირზე, ამავე ბინაზე კომპანიას გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მეორე მხარეს ჰქონდა ჩათვლილი და დადასტურებული, საგადასახადო შემოწმების აქტით ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლით განხორციელებული მიწოდების მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლა, თუმცა ვინაიდან გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე არ მიუწოდებია რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია, მ.შ. აღნიშნული თანხის სესხად გაცემის შესახებ ინფორმაციაც, შემოწმების მიერ ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302; 304