გადაწყვეტილება №81325/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.07.2023
№ დოკუმენტი 81325/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№81325/1/2023

10 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 29.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №81325/1/2023).

 

დავის საგანი:

საბჭოს 30.09.2022 წლის №17646/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის №007-102 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 179 961,29 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 83 006 დღგ - 49 430

საშემოსავლო გადასახადი - 28 819

ქონების გადასახადი - 4 757

ჯარიმა - 41 504

საურავი - 55 451,29

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2021 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2021 წლის №007-140 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.07.2021 წლის №21998 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 13.05.2022 წლის №007-120 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.08.2022 წლის №21769 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 30.09.2022 წლის №17646/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.08.2022 წლის №21769 ბრძანება;

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოეხდინა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის №007-102 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (30.09.2022 წლის №17646/2/2022) გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგების გადაანგარიშება გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტების საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა საბჭოს გადაწყვეტილება აღასრულა ნაწილობრივ და მოახდინა უკანონოდ დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების მხოლოდ ნაწილის კორექტირება/შემცირება. მეწარმე მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნა და შესაბამისად, გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტები იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 30.09.2022 წლის №17646/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 30.03.2023 წლის დასკვნიდან დგინდება, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილია ახსნა-განმარტება თანდართულ ცხრილთან ერთად, რომლითაც ირკვევა, რომ ძირითადი საშუალებების, დაუმთავრებელ მშენებლობაზე გამოყენებული მასალის და მიმდინარე ხარჯის ნაწილი მოხვედრილია არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალში. მოხდა შემოწმებით დარიცხული გადასახადების შემცირება სულ 67 389 ლარით. ძირითადი გადასახადი შემცირდა 44 933 ლარით, ხოლო ჯარიმა 22 456 ლარით.

გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 30.09.2022 წლის №17646/2/2022 გადაწყვეტილება.

საბჭო მიიჩნევს, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭოს 30.09.2022 წლის №17646/2/2022 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელის არ ეთანხმება საბჭოს 30.09.2022 წლის №17646/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (30.09.2022 წლის №17646/2/2022) გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგების გადაანგარიშება, გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტების საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა საბჭოს გადაწყვეტილება აღასრულა ნაწილობრივ და მოახდინა უკანონოდ დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების მხოლოდ ნაწილის კორექტირება/შემცირება.

 

გადაწყვეტილება

გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 30.09.2022 წლის №17646/2/2022 გადაწყვეტილება. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304;