ბრძანება N 14585

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.06.2023
№ დოკუმენტი 14585
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 14585

26.06.2023

შპს „-----------“ (ს/ნ -----------)

(მის.: -----------)

2023 წლის 13 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 13 ივნისის №100716/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №006-194 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. განმარტავს, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დეტალურად არ არის შესწავლილი. შემოწმების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა დროში გადაანაცვლა დასაბეგრი ოპერაციები იმის გამო, რომ საწარმოს მიერ ავანსების ანგარიშში ამობეჭდილი ჩეკები პროგრამულად და დეკლარაციებში რეალიზაციაში ასახულია არაერთხელ ერთი თვით ადრე პერიოდში, ხოლო შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე აღნიშნული ჩეკები ჩანს ზეტის ამოღების მომენტში. მაგალითად, 2018 წლის ნოემბრის ზეტში ჩანს 14 050 ლარის ჩეკი, რომელიც ამობეჭდილია 2018 წლის ოქტომბრის თვეში (ჩეკი ამობეჭდილია ოქტომბრის თვეში, ხოლო ზეტი ამობეჭდილია დაგვიანებით ნოემბრის თვეში) და რეალიზაციაში ასახულია ამ თვეში. მსგავსი შემთხვევებია თითქმის ყველა თვეში. აცხადებს, რომ შემოწმება ხელმძღვანელობს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ზეტის ამოღების თარიღით, არ უნახავს ჩეკების ამობეჭდვის პერიოდები და ისე გაავრცელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა 50%-ის ოდენობით, ნაცვლად 10 %-ისა, რაც არასწორია. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ 2018 წლის იანვრის თვეში დარიცხული გადასახადი 2 975 ლარი, ასევე წარმოადგენს 2017 წლის დეკემბრის თვეში დეკლარირებულ გადასახადის თანხას, რომელიც შემოწმებამ დაბეგრა 2018 წლის იანვრის თვეში, ანუ ზეტის ამოღების თვეში, ვინაიდან ის ვერ შეეხებოდა ხანდაზმულ 2017 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდს, ხოლო სალაროში თანხა რეალურად ასევე შემოსული და დაბეგრილია 2017 წლის დეკემბრის თვეში. მომჩივანი ითხოვს წარდგენილი მტკიცებულებების დეტალურად გამოკვლევას და შესწავლას, დარიცხული ჯარიმების გადაანგარიშებას, ასევე სადავო აქტის ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №32547 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 მაისის №13333 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და დაადგინოს არის თუ არა შპს „--------“ (ს/ნ --------) მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იმსჯელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი სანქციის გამოყენების შესაძლებლობაზე;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №32547 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 11 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა ჯარიმა 361 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 19 მაისის №006-194 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №32547 ბრძანების აღსრულების მიზნით, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგებილი მტკიცებულებები და საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებაზე, რომელიც გამოწვეული იყო საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, დარიცხულ ჯარიმაზე გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი განაკვეთი. შესაბამისად, შემცირდა დღგ-ში დარიცხული ჯარიმა 361 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №32547 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ის ნაწილში დარიცხული ჯარიმა. კერძოდ, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებაზე, რომელიც გამოწვეული იყო საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, დარიცხულ ჯარიმაზე გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი განაკვეთი. ამასთან, წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.მომჩივანი ითხოვს წარდგენილი მტკიცებულებების დეტალურად გამოკვლევას და შესწავლას, დარიცხული ჯარიმების გადაანგარიშებას, ასევე სადავო აქტის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №32547 ბრძანების აღსრულების მიზნით, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგებილი მტკიცებულებები და საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებაზე, რომელიც გამოწვეული იყო საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, დარიცხულ ჯარიმაზე გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი განაკვეთი. შესაბამისად, შემცირდა დღგ-ში დარიცხული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302(6);304(21)