გადაწყვეტილება №21117/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21117/2/2023
23 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 19.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21117/2/2023).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატი;
2. სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვისას ე.წ. აგროსვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის №021-110 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.05.2023 წლის №9405 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 364 399 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 236 792
დღგ - 171 410
საშემოსავლო გადასახადი - 65 382
ჯარიმა - 118 394
საურავი - 9 213
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა საბითუმო და საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით ქ. -------ში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 24.06.2021 წლიდან 1.10.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 4 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის ბრძანება და №021-110 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.05.2023 წლის №9405 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შპს „-------“-ის 2023 წლის 18 ოქტომბრის №174850/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 19.10.2023 წლის №105705-21-04 წერილით კუთვნილებისამებრ, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ატვირთული იქნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელზე წვდომაც ქონდა მხოლოდ ბუღალტერს, რომელსაც 2023 წლის 14 მაისს გაუხსნია გვერდი რათა წარედგინა დეკლარაცია. ამავე დროს, მანვე გახსნა შეტყობინება, რომლითაც ატვირთული იყო შემოსავლების სამსახურის ბრძანება, თუმცა ამის შესახებ არაფერი უცნობებია დირექტორისთვის და ადვოკატებისთვის. ამდენად, გასაჩივრების ვადის გაშვება მოხდა მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ამიტომ გაშვებული ვადა აღდგენილი უნდა იქნეს.
შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №107594-21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 მაისის №9405 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2023 წლის 1 მაისს და გაცნობა ფიქსირდება 2023 წლის 14 მაისს.
ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 მაისის №9405 ბრძანებას მომჩივანი, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 14 მაისს, სადავო აქტის გასაჩივრების ბოლო დღე იყო 2023 წლის 5 ივნისი (რადგან, მე-20 დღე 3 ივნისი - შაბათია), ხოლო საჩივარი გადასახადის გადამხდელის მიერ გამოგზავნილია, საფოსტო დაწესებულების მეშვეობით, 2023 წლის 13 ოქტომბერს, გასაჩივრებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
მომჩივნის არგუმენტს, რომ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომა ქონდა მხოლოდ ბუღალტერს და რომ 2023 წლის 14 მაისს მან გახსნა გვერდი რათა წარედგინა დეკლარაცია, ხოლო აღნიშნულზე არაფერი უცნობებია დირექტორისთვის და ადვოკატებისთვის, ვერ მიიჩნევა გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად, ვინაიდან სადავო აქტის ჩაბარება და გაცნობა ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელზე წვდომაც წესით მხოლოდ გადასახადის გადამხდელს აქვს, ხოლო თუ მან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომის უფლება სხვა პირს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგების რისკის მატარებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 1 მაისის №9405 ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატი;
2. სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვისას ე.წ. აგროსვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა საბითუმო და საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 24.06.2021 წლიდან 1.10.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 4 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის ბრძანება და №021-110 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.05.2023 წლის №9405 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301"ე".