გადაწყვეტილება №27691/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.08.2026
№ დოკუმენტი 27691/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 27691/2/2026

24 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ ----- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 29.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27691/2/2026).

 

დავის საგანი: შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის N 4164 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.04.2026 წლის N 002-51 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 09.06.2026 წლის N 12640 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 43 205.79 ლარი.

მათ შორის:

ქონების გადასახადი - 29 901.77 ლარი;

საურავი - 13 304.02 ლარი;.

 

პროცედურული გარემოებები:

საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფეხსაცმელებით ვაჭრობა და საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2008 წლის პირველ თებერვალს.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 01.01.2022 წლიდან 01.06.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში პირი ფლობს 4 350 კვ.მ. ფართობის არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (ს/კ ----- ) მდებარე ქ. ----- , მასზე დამაგრებული 2 შენობა - ნაგებობით საერთო ფართით 3 394.47 კვ.მ. (საოფისე ფართი). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით პირს წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები, სადაც ქონების საბალანსო ღირებულად მითითებულია: 2022 წელი - 1 044 324 ლარი, 2023 წელი - 1 043 489 ლარი, 2024 წელი 1 042 654 ლარი.

საგადასახადო ორგანომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვრა საბაზრო ფასით. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.

აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 29.12.2025 წლის N 28839 ბრძანება და N 002-223 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის N 4164 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ----- გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის N 4164 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 21 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებისას დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას 32 886 ლარით. აღნიშნულზე, მომჩივანს წარედგინა 27.04.2026 წლის N 9160 ბრძანება და N 002-51 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 09.06.2026 წლის N 12640 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის N 4164 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით შედგენილი ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით განხორციელდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

ამასთან, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს N 4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილების (ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან) შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21 . საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან“. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე საურავის დარიცხვის ავტომატიზაციის პროცესები უზრუნველყოფილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილების შესაბამისად და შესაბამისობაშია კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან. ასევე, 2019 წლიდან საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე გპაბ-ზე საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან (სავადო თარიღიდან) 3 წლის გასვლის თარიღიდან. გპაბ-ზე გადახდილი თანხით იფარება თავდაპირველად წარმოქმნილი დავალიანება, შემდეგი თანმიმდევრობით ძირითადი დავალიანება, სანქცია, საურავი. ასევე გპაბ-ზე დავალიანების შემცირების ოპერაციების თანხები, ჯერ ამცირებს იმავე სავადოში, იმავე გადასახადში დარიცხულ თანხებს, ხოლო შემდეგ, ისევე როგორც ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, მონაწილეობს ძველი პერიოდის დავალიანების დაფარვაში. საურავის გამოთვლისას მონაწილეობას იღებს როგორც აღიარებულ, ასევე დროებით ბარათებზე გატარებული ოპერაციები (ნაერთი ბარათი).

ამდენად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დაანგარიშება ხდება პროგრამულად, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის N 13446 ბრძანებით განსაზღვრული წესით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება და რა ნაწილში მოხდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საურავის არამართლზომიერი დარიცხვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საურავის დარიცხვა და კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში მისი ასახვა განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

მიაჩნია, რომ საურავის გაანგარიშებისას ადგილი აქვს ტექნიკურ ხარვეზს. ასაჩივრებს მხოლოდ საურავის ოდენობას და მოითხოვს ახსნა-განმარტებას თანამონაწილეობით, რადგან არ მიუღია შესაბამისი ახსნა - განმარტება.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის N 4164 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ---- გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის N 4164 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 21 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის N 4164 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სსიპ ----- გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით, რომლის გათვალისწინებითაც განხორციელდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება სულ 32 886 ლარით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს N 4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილების (ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან) შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21 . საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან“. 2019 წლიდან საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე გპაბ-ზე საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან (სავადო თარიღიდან) 3 წლის გასვლის თარიღიდან. გპაბ-ზე გადახდილი თანხით იფარება თავდაპირველად წარმოქმნილი დავალიანება, შემდეგი თანმიმდევრობით ძირითადი დავალიანება, სანქცია, საურავი. ასევე გპაბ-ზე დავალიანების შემცირების ოპერაციების თანხები, ჯერ ამცირებს იმავე სავადოში, იმავე გადასახადში დარიცხულ თანხებს, ხოლო შემდეგ, ისევე როგორც ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, მონაწილეობს ძველი პერიოდის დავალიანების დაფარვაში. საურავის გამოთვლისას მონაწილეობას იღებს როგორც აღიარებულ, ასევე დროებით ბარათებზე გატარებული ოპერაციები (ნაერთი ბარათი).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს ან მტკიცებულებებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის N 4164 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, სადავოდ ხდის საურავის ოდენობას, თუმცა ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტს აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი არგუმენტი, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის გაანგარიშება ხდება პროგრამულად, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის N 13446 ბრძანებით განსაზღვრული წესით.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის N 4164 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის N 4164 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საწარმოს, ქონების გადასახადი დაერიცხა ქონების საბაზრო ღირებულების საფუძველზე. საწარმომ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რის შემდეგაც დარიცხული თანხა ნაწილობრივ შემცირდა, თუმცა დარჩენილ ნაწილზე დავა გაგრძელდა.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272-ე მუხლის 21 ნაწილი;