ბრძანება № 32410

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.12.2023
№ დოკუმენტი 32410
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 32410

21 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 4 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა სს „---------“ (ს/ნ ---------) 2023 წლის 4 დეკემბრის №21478/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 ნოემბრის №059-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შდეგებს. აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტისათვის მიწოდებული იქნა მოთხოვნილი მასალები, რის შედეგადაც კორექტირებული და შემცირებული იქნა დარიცხვები ფასნამატთან დაკავშირებით, თუმცა გადაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული ხანძრის შედეგად განადგურებული საქონლის შესაბამისი მასალების (3513.91 ლარი) და საწარმოს სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული მასალების ღირებულება (1102.3 ლარი), ასევე არ იქნა გათვალისწინებული წარმოებისას არსებული მინიმალური ოდენობის დანაკარგები 3%, რაც გავლენას ახდენს დარიცხვის მოცულობაზე. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას შესწორებული აქტით დასაბეგრად წარმოდგენილია 65 842 ლარი, რომელიც წარმოშობილია გაურკვეველი გაანგარიშებით და დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი 13 168 ლარი, რასაც არ ეთანხმება და ითხოვს მის გადაანგარიშებას, აღნიშნული მოთხოვნის დამატებით საფუძველს წარმოადგენს ისიც, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ აღნიშნულ თანხა ჩაითვლება დირექტორზე განაცემად, გასათვალისწინებელია საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამაში (3160 ანგარიშზე) ასახული საწარმოს ვალდებულება (30.09.2021 წლის მდგომარეობით) დირექტორის მიერ გაწეულ დანახარჯებზე 25383.48 ლარის ოდენობით, რაც უნდა გამოკლებოდა განაცემად განხილულ 65842 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №6042 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „-------------“ (ს/ნ -----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. სს ,,-----------’’ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების (მათ შორის, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების) მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია, ხანძრის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხანძრის შედეგად განადგურებული საქონლის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გაავრცელოს გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვადებულებების განსაზღვრისას გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად, გაითვალისწინოს სარემონტო სამუშაოებზე გახარჯული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №6042 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 3 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 29 037 ლარი, მათ შორის, გადასახადი 18 346 ლარი, ჯარიმა 10 691 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 8 ნოემბრის №059-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც კონკრეტულ რეალიზაციაზე სახეობების მიხედვით ჩამოწერილია გახარჯული მასალა. დამატებითი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა ფასნამატის ოდენობა, რომელიც მერყეობს წლების მიხედვით 15%-დან 17%-მდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებისას გამოყენებული ფასნამატი დაკორექტირდა და განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წადგენილი ბუღალტრული პროგრამა ორისის მიხედვით კონკრეტულ რეალიზაციაზე სახეობების მიხედვით ჩამოწერილია გახარჯული მასალა. დამატებითი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, დადგინდა ფასნამატის ოდენობა, რომელიც მერყეობს წლების მიხედვით 15%-დან 17%-მდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებისას გამოყენებული ფასნამატი დაკორექტირდა და განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება. ამასთან, გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ: ხანძრის შედეგად განადგურებული და სარემონტო სამუშაოებზე გახარჯულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის დროს გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია არ იქნა საკმარისად მიჩნეული, ვინაიდან გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ ფოტო მასალა, რომლითაც არ დგინდება ხანძრის პერიოდი (2018 წლამდე თუ შემდგომ) ან რა ოდენობის ზიანი მიადგა საწარმოს, ასევე არ დგინდება სარემონტო სამუშაოების განხორციელების პერიოდი (2018 წლამდე თუ შემდგომ) და გაწეული ხარჯის ოდენობა. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, აღნიშნული გარემოება არ იქნა მხედველობაში მიღებული.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, ასევე პირველად წარმოდგენილ საჩივარში არ იყო სადავო გარემოება და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სს „---------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შდეგებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც კონკრეტულ რეალიზაციაზე სახეობების მიხედვით ჩამოწერილია გახარჯული მასალა. დამატებითი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა ფასნამატის ოდენობა, რომელიც მერყეობს წლების მიხედვით 15%-დან 17%-მდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებისას გამოყენებული ფასნამატი დაკორექტირდა და განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302;304(21);