ბრძანება N 2662
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2662
12 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------- (პ/ნ ------)
(მის.: ----------)
2024 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა ფ/პ -------ს (პ/ნ -----) №87023/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №006-750 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი განმარტავს, რომ არის შშმ პირი, არ იცის საგადასახადო კანონმდებლობა, არ იყო ინფორმირებული და არ იცოდა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ვალდებულების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა/საურავი მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი დეკემბრის №30038 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ------ს (პ/ნ ------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება 2020, 2021, 2022 და 2023 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 28 დეკემბერს გამოსცა №33609 ბრძანება და №006-750 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 231 408 ლარით მათ შორის: გადასახადი 163 107 ლარი, ჯარიმა 19 804 ლარი და საურავი 48 497 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავალი (საიჯარო მომსახურების ღირებულება) ყოველწლიურად აჭარბებს 100 000 ლარს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საანგარიშო პერიოდში ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არის რამდენიმე უძრავი და მოძრავი ქონება (ავტოფარეხი, ბინა, კომერციული ფართები, სახლი და ავტომობილები). შემოწმებით, გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ გარიგებებში დაფიქსირებული უძრავი ქონების ფასების და სხვა მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრულ საბაზრო ფასებთან. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და 2023 წლის საანგარიშო პერიოდზე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილზე, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ: ა) ამ კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა; ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად. აღნიშნულიდან გამომდინარე პირს 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა არ დაერიცხა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ------- (პ/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი განმარტავს, რომ არის შშმ პირი, არ იცის საგადასახადო კანონმდებლობა, არ იყო ინფორმირებული და არ იცოდა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ვალდებულების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა/საურავი მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავალი (საიჯარო მომსახურების ღირებულება) ყოველწლიურად აჭარბებს 100 000 ლარს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საანგარიშო პერიოდში ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არის რამდენიმე უძრავი და მოძრავი ქონება (ავტოფარეხი, ბინა, კომერციული ფართები, სახლი და ავტომობილები). შემოწმებით, გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ გარიგებებში დაფიქსირებული უძრავი ქონების ფასების და სხვა მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრულ საბაზრო ფასებთან. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და 2023 წლის საანგარიშო პერიოდზე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275(2), 272, 269(7).